
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს, - ინფორმაციას „სი ენ ენი" ავრცელებს. ამასთან, ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მასთან რაც შეიძლება მალე შეხვედრა სურს. ასევე, უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ მსოფლიო შეიცვლება, როდესაც ტრამპი თანამდებობას დაიკავებს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, რაც ამ ომს საშინელს ხდის, არის ის, რომ ჯარისკაცების რიცხვი, რომლებიც იღუპებიან, იზრდება. ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა - ის, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ეს ომი არასოდეს დაიწყებოდა.
„ერთ-ერთი რამ, რისი გაკეთებაც სწრაფად მსურს - და პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ მას სურს შემთან შეხვერდა რაც შეიძლება მალე, ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ ამას - მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი", - აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, ვიქტორ ორბანმა ტელეკომპანია М1-სთან ინტერვიუში, სადაც მან რუსეთ-უკრაინის ომსა და შედეგებზე ისაუბრა განაცხადა, რომ ეს ომი ევროკავშირმა წააგო.
მისი თქმით, ბრიუსელის ნარატივსა და ბრძოლის ველზე არსებულ რეალობას შორის კავშირი გაწყვეტილია. ორბანის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი, შესაძლოა, შეეცადოს შედეგის სხვაგვარად შედგენას, სიმართლე აშკარაა და „რეალობამ უკვე იჩინა თავო ბრძოლის ველზე".
უნგრეთის პრემიერის თქმით, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია. მან ომის პოტენციური დასასრული შეადარა მდგომარეობას, როდესაც „წყლის სიღრმიდან ამოდიხარ და ბოლოს ამოისუნთქებ".
როგორც ორბანმა აღნიშნა, დარწმუნებულია, ქვეყანაში პატრიოტული მოძრაობები დაიწყება და დასავლური სამყარო შეიცვლება.
„ბრიუსელი ერთი ნაბიჯით ჩამორჩება; მსოფლიო შეიცვლება, როდესაც ტრამპი თანამდებობას დაიკავებს და პატრიოტები გაძლიერდებიან, ახალ სახეს შესძენენ მთელ დასავლურ სამყაროს", - აღნიშნა ორბანმა.
ანალიტიკოსის კორნელი კაკაჩიას შეფასებით, მოლოდინი შეიძლება არსებობს, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ მსოფლიოში ბევრი რამე შეიცვლება, თუმცა, მისი აზრით, ეს მარტივი არ იქნება.
„მგონი ორიგინალური არ ვიქნები, რომ მოლოდინი დიდი არის, თუმცა, რეალობა რამდენად იქნება მოლოდინის შესაბამისი, ეს კიდევ სხვა საკითხია, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, ტრამპის ბევრი შეპირება, მათ შორის უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება წინასაარჩევნოდ გააკეთა.
„რა თქმა უნდა, ის ეცდება ამ მიმართულებით რაღაცის გაკეთებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ როგორც მან თქვა, სწრაფად დაამთავრებს ომს. მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეების და მოკავშირეების დასმა ასე მარტივი არ იქნება, განსაკუთრებით პუტინის.
„ამიტომ ამ საკითხს ცოტა ფრთხილად უნდა შევხედოთ, რადგან დრო დასჭირდება. ამის გარდა, არის კიდევ სხვა საკითხები, მათ შორის ტრანსატლანტიკური ურთიერთობის გადატვირთვა, იგივე ევროპასთან ურთიერთობები, ასევე ჩინეთთან და სხვა სახელმწიფოებთან.
„ამასთან, ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში ალბათ, ეკონომიკის საკითხები იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს მოლოდინი კი არის, მაგრამ არ უნდა გვეგონის, რომ როგორც კი მოვა, ეგრევე ყველაფერი შეიცვლება", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".
ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით კი, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში ბევრ რამეს შეცვლის.
„22 დეკემბერს ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა ტრამპს, არიზონას შტატში ერთ-ერთ საჯარო შეკრებისას, სადაც ხაზგასმით განაცხადა, რომ პრეზიდენტობის პირველ დღეს ხელს მოაწერს იმ განკარგულებას, რომელიც ტოტალურად აკრძალავს მახინჯი გენდერული პოლიტიკის წარმოებას ამერიკაში, იქნება ეს საგანმანათლებლო სისტემაში, სკოლებში თუ სხვაგან.
„მან თქვა, რომ ჩემი ადმინისტრაციის პირობებში მამაკაცი მამაკაცია და ქალი ქალია. მსგავს განცხადებებზე რატომღაც „ოცნების" ხელისუფლებას ძალიან ტრაგი-კომიკურად უწოდებენ რუსული ნარატივების გამხმოვანებელს, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, ამერიკის ახალი პრეზიდენტი ამას ამბობდა, ახლაც იძახის და ამისთვის მზად არის. აქედან გამომდინარე, საქართველოზე ის საშინელი წნეხი, რომ თავზე მოახვიონ „ფსევდოგენდერული" პოლიტიკა და „მახინჯი ლგბტ პროპაგანდა" განსაკუთრებით არასრულსწლოვანებზე, გაქრება, როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოზე შანტაჟის თვალსაზრისით.
რაც შეეხება უკრაინის ომს, იმის მიუხედავად თუ რას ამბობენ ცალკეული ევროპელი ლიდერები, რომ უკრაინამ წინააღმდეგობა უნდა გააგრძელოს აგრესორ რუსეთთან, ტრამპის გადაწყვეტილება შეუვალია - ეს ომი უნდა დასრულდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებით.
ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ევროპული აქტორების ხმა ძალიან სუსტი და უმნიშვნელოა. შესაბამისად, ახლაც იგივე მოხდება, არავინ ეკითხება ბრიუსელის მაღალჩინოსნებს, თუ რას გადაწყვეტს ტრამპი.
კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ტრამპი ხაზგასმით ამბობს, მისი მთავარი მოკავშირე ევროკავშირში ვიქტორ ორბანია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ორბანი და „ქართული ოცნების" მთავრობა ახლო მეგობრები არიან.
„მე მიჩნდება გარკვეული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც მმართველი გუნდის წევრებმა განაცხადეს, ტრამპის გარემოცვასთან ირიბი კავშირი ჰქონდათ, ამის ერთ-ერთი შუამავალი დიდი ალბათობით, ორბანი იქნებოდა.
„შესაბამისად, ძალიან ბევრი რამეები არსებობს კულისებს მიღმა, რაც ჩვენ არ ვიცით. ის, რომ უწინარესად დამთავრდება საქართველოს დამუნათება იმ თვალსაზრისით, განახორციელოს რაღაც ე.წ. ლიბერალური ლგბტ პოლიტიკა და გახსნას მეორე ფრონტი, ეს საკითხები დღის წესრიგიდან მოხსნება",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".