ნატალია ჯვარიძე
25.12.2024

რუსეთსა და უკრაინას შორის ომი 2025 წელს ან სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით, ან ერთ-ერთი მეომარი მხარის განადგურებით დასრულდება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გაზეთ Magyar Nemzet-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რა მოხდება, თუ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი 2025 წელს არ დამთავრდება, ვიქტორ ორბანმა უპასუხა, რომ ომი 2025 წელს დასრულდება. „ომი 2025 წელს დასრულდება. იგი ან სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით, ან ერთ-ერთი მეომარი მხარის განადგურებით დასრულდება", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომზე ევროპამ და აშშ-მ 300 მილიარდი ევრო დახარჯეს.

„ამ ფულის ევროპაში ცხოვრების დონის სწრაფი ზრდისთვის გამოყენება შეიძლებოდა. შეგვეძლო მთელი ბალკანეთი ევროპის განვითარების დონემდე მიგვეყვანა. მიგრაციის შეზღუდვა შეგვეძლო, ევროპის სრულიად ახალი თავდაცვის სისტემის შექმნა შეგვეძლო", - აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.

რონდელის ფონდის მკვლევარის კახა გოგოლაშვილის აზრით, მოვლენების განვითარებისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა პოზიციებს დაიკავებს ამერიკა და ევროპა.

„მე მგონია, რომ თუ სამშვიდობო ხელშეკრულება ვერ შედგა, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რომელმა მხარემ რაზე თქვა უარი. ჩვენ არ ვიცით რა პოზიციებს დაიკავებენ და როგორი გეგმები ექნებათ შეერთებულ შტატებს, ასევე ევროპას.

„თუ ამერიკის და ევროპის პოზიციები უკრაინისას დაემთხვევა და რუსეთმა ეს უარყო, მაშინ თავისთავად ევროპა და ამერიკა უკრაინის ინტენსიურ დახმარებას გააგრძელებენ და კიდევ მოუმატებენ. თუმცა, თუ მოხდა ისე, რომ შეერთებულმა შტატებმა და ვეროპამ მხარი დაუჭირეს რუსეთის წინადადებას, რომელსაც უკრაინა არ მიიღებს, მაშინ გამორიცხული არაა, რომ უკრაინას შეუმცირდეს დახმარება, ომის გაგრძელების შემთხვევაში. ასე რომ, რა თქმა უნდა, ასეთი რისკები არსებობს", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს კი მიაჩნია, რომ აღნიშნულ ვითარებაში სამშვიდობო შეთანხმება ნაკლებად მოსალოდნელია.

„დიდი ალბათობით, ჯერჯერობით სამშვიდობო შეთანხმება ვერ შედგება, რადგან დღევანდელ ეტაპზე რაღაც შეხების წერტილი რუსეთსა და უკრაინის პოზიციებს შორის არ არსებობს. ომი რომ შეწყდეს ამისთვის, რუსეთმა მთლიანად უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან, რასაც რუსეთი არ დათანხმდება.

„ასევე, უკრაინა არ დათანხმდება საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას. ამიტომაც აღნიშნულ ვითარებაში რთული იქნება კონფლიქტის დარეგულირება. ვიქტორ ორბანმა კი განაცხადა, მაგრამ რეალობა ცოტა სხვაა", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×