ნატალია ჯვარიძე
26.12.2024

რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხზე კონსულტაციებისთვის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან და იმედოვნებს, რომ თეთრი სახლი კონფლიქტის ძირეულ მიზეზებს ჩაუღრმავდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. არის თუ არა მზად რუსეთი შეთანხმებისთვის და რა შესაძლო შედეგებით დასრულდება, ამაზე ანალიტიკოსების მოსაზრებები სხვადასხვაგვარია

„მოსკოვი მაინც ორმაგ თამაშს თამაშობს და გარკვეულწილად თავს იკატუნებს. როგორც ჩანს, რუსეთის ინტერესებში ომის დასრულება არ შედის. შესაბამისად, ისინი თამაშობენ დროის გაწელვის მიზნით, ან იმის გამო, რომ დონალდ ტრამპს რაღაც ილუზიები შეუქმნან", - განაცხადა „რეზონანსთან" კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ.

ანალიტიკოს გია აბაშიძის ვარაუდით კი, უკრაინას დათმობაზე წასვლა მოუწევს: „სამწუხაროდ, უკრაინას არ აქვს ის სიტუაცია, რომ რაღაც სარგებელი მიიღოს. 1/5 იქნება, 1/3 თუ სხვა ნაწილი, დროებით უკრაინამ უნდა დათმოს აგრესორი მხარის სასარგებლოდ".

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, „უკრაინაში ზავი არის გზა არცერთი მიმართულებით და მოსკოვი არ დაკმაყოფილდება დარეგულირებაზე ცარიელი საუბრით".

„ჩვენ გვჭირდება საბოლოო სამართლებრივი შეთანხმებები, რომლებიც დააფიქსირებს ყველა პირობას რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისა და ჩვენი მეზობლების ლეგიტიმური უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველსაყოფად, მაგრამ იმ კონტექსტში, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივი გზით დაადგენს ამ შეთანხმებების დარღვევის შეუძლებლობას. არავინ მალავს იმ ფაქტს, რომ ზავი საჭიროა იმისთვის, რომ დრო მოიპოვოს კიევის იარაღით მომარაგებისთვის. ჩვენ მზად ვართ, და ეს არაერთხელ განვაცხადეთ, ვისაუბროთ დასავლეთის ყველა წარმომადგენელთან, ვინც ურთიერთსასარგებლო შეთანხმებებზე ინტერესთა ბალანსის ძიებაზეა ორიენტირებული", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ვახტანგ მაისაიას ვარაუდით, რუსეთი გააგრძელებს საომარ მოქმედებებს და ლავროვის განცხადება სერიოზულად არ უნდა მივიღოთ.

„მოსკოვი მაინც ორმაგ თამაშს თამაშობს და გარკვეულწილად თავს იკატუნებს. როგორც ჩანს, რუსეთის ინტერესებში ომის დასრულება არ შედის. შესაბამისად, ისინი თამაშობენ დროის გაწელვის მიზნით, ან იმის გამო, რომ დონალდ ტრამპს რაღაც ილუზიები შეუქმნან. ლავროვი არის ძალიან ცბიერი პოლიტიკოსი და მის სიტყვას კაპიკის ფასი აქვს. ამიტომ ის რას ამბობს, საერთოდ არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი. პუტინი ვითომ ხალხთან რომ ატარებს შეხვედრას, იქ პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთი ყოველგვარი პოზიციების გარეშე საომარ მოქმედებებს გააგრძელებს და ასევე, ტრამპის ადმინისტრაციის მიუხედავადავაც. ვინ უფრო მაღალი პოზიცია უკავია რუსეთში, ჩვენმა მკითხველმა გამოიტანოს დასკვნა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

გია აბაშიძის შეფასებით, უკრაინას არ აქვს ის სიტუაცია, რომ აქედან რამე სარგებელი მიიღოს.

„არაერთხელ ითქვა, რომ სამწუხარო მოცემულობა გვაქვს, რომლის მიხედვით, უკრაინაში ომი მთავრდება არა უკრაინელების სასარგებლოდ. ზელენსკიმ და მისმა გუნდმა რა გააჩაღეს, ამას გაანალიზებენ და შეაფასებენ შესაბამისი ანალიტიკოსები, მაგრამ არ შეიძლება ამდენი მილიონი ადამიანის სიცოცხლის ფასად რაღაც პოლიტიკურ ინტრიგებში მონაწილეობდეს ესა თუ ის ადამიანი. მე ვერ ვხედავ, რომ ზელენსკის ექნება რაღაც პოლიტიკური მომავალი, უფრო მეტიც, ის თუ გაასწრებს ლეგიტიმურად ძალიან გაბრაზებულ უკრაინელებს, ესეც კიდევ კითხვის ქვეშაა. როგორ ამთავრებენ ასეთი ფსევდოლიდერები, ისიც ვიცით ისტორიიდან. მე არ მაინტერესებს ლავროვი და დასავლეთი რას იტყვიან, პირველ რიგში უკრაინელები მეცოდებიან, რომლებიც ასე დაიტანჯნენ მრავალწლიანი ომისა და უბედურებების გამო."

"ნებისმიერი კონფლიქტი სრულდება სამშვიდობო შეთანმხებით და ამ შეთანხმებაში რა არის მაგიდაზე, ვის რა რესურსები აქვს და ვინ რა სარგებელს მიიღებს, კარგად ჩანს-ხოლმე ისტორიიდან, ასევე უახლესი ფაქტების ანალიზით. სამწუხაროდ, უკრაინას არ აქვს ის სიტუაცია, რომ რაღაც სარგებელი მიიღოს. 1/5 იქნება, 1/3 თუ სხვა ნაწილი, დროებით უკრაინამ უნდა დათმოს აგრესორი მხარის სასარგებლოდ", - უთხრა გია აბაშიძემ „რეზონანსს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×