
წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია - აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ინფორმაცია აზერბაიჯანის სამთავრობო წყაროებმა „ევრონიუსს" ექსკლუზიურად დაუდასტურეს. წყაროების თანახმად, რაკეტა გროზნოს თავზე დრონის საჰაერო აქტივობის დროს გაისროლეს და ნამსხვრევები თვითმფრინავს მოხვდა. კრემლის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით კი გამოძიების დასრულებამდე მიზეზების შესახებ რამე ჰიპოთეზების აგება არასწორია.
„გამოძიების დასკვნებამდე რამე ჰიპოთეზების აგება არასწორი იქნებოდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ გავაკეთებთ და არავინ უნდა გააკეთოს ეს. საჭიროა, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას", - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა.
სამთავრობო წყაროებმა „ევრონიუსს" განუცხადეს, რომ დაზიანებული თვითმფრინავი, მფრინავების მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთის არცერთ აეროპორტში არ დაუშვეს და მას კასპიის ზღვაზე ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მიმართულებით გაფრენა დაავალეს. თვითმფრინავმა კატასტროფა მაშინ განიცადა, როდესაც აქთაუში ავარიული დაშვება სცადა.
აზერბაიჯანული მედია სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემა "პანცირიდან" გაისროლეს.
ავიაკატასტროფა 25 დეკემბერს, ყაზახეთის ქალაქ აქთაუში მოხდა. „აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, 29 კი გადარჩა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი.
ყაზახეთის ვიცე-პრემიერ კანატ ბოზუმბაევის განცხადებით, ავიაკატასტროფის მიზეზებზე საუბარი ნაადრევია.
„ამისთვის არსებობენ სპეციალისტები, ჩაატარებენ სამუშაოებს, მაშინ გახდება ნათელი. ახლა ვერაფერს ვიტყვი", - თქვა მან.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ თვითმფრინავი ყაზახეთის საჰაერო სივრცეში ადგილობრივი დროით 11:02 საათზე შევიდა, თუმცა მასთან კავშირი 11:28 საათზე დაიკარგა, ხოლო შემთხვევა 11:37 საათზე მოხდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიავი მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.
„ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ ბაქო-გროზნოს მარშრუტით მფრინავ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
მანაც განაცხადა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზებზე საუბარი ჯერ ნაადრევია და საჭიროა მომხდარის სრული გამოძიება.
„ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, „აზერბაიჯანის ავიახაზების"" თვითმფრინავმა, რომელიც მიფრინავდა ბაქო-გროზნოს მარშრუტით, ამინდის გაუარესების გამო კურსი შეიცვალა და გაემართა აქთაუს აეროპორტისკენ, სადაც დაშვებისას მოხდა ავარია. ავიაკატასტროფის მომენტები მედიასა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება. ასე რომ, ყველას შეუძლია, ნახოს. თუმცა ჩვენთვის უცნობია ავარიის მიზეზები. არის სხვადასხვა ვერსიები. ვფიქრობ, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. საკითხი სრულად უნდა იყოს გამოძიებული. გენერალურმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე და, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის საზოგადოება რეგულარულად იქნება ინფორმირებული როგორც კომისიის მუშაობის შედეგების, ასევე სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის შესახებ", - განაცხადა ალიევმა.