
5 იანვარს უკრაინულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში მასირებული შეტევა წამოიწყეს და სამი მიმართულებით წინ წაიწიეს. მათ შესაჩერებლად რუსები იძლებული გახდნენ ამ მიმართულებაზე დამატებითი ნაწილები გადაესროლათ, რითაც, საბოლოო ჯამში, 3000-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე ვითარება დაბალანსდა.
კურსკში უკრაინულების შეტევას ადასტურებს რუსეთის თავდაცვის უწყებაც და რუსი ბლოგერებიც წერენ, რომ უკრაინამ სუჯის ჩრდილო-აღმოსავლეთით შეტევა სამ ეტაპად ჩაატარა, სადაც ჯავშანტექნიკაც მონაწილეობდა. ამის პარალელურად უშალოდ უკრაინის ტერიტორიაზე კვლავ გრძელდება რუსების წინსვლა და ბოლო ცნობებით, მათ ხერსონის ოლქში ქალაქი კურახოვო აიღეს.
ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ყოველივე ამას უშალოდ სამხედროს გარდა, პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. ყველა ელოდება 20 იანვარს და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას. არსებობს მოლოდინი, რომ ტრამპი ძალაუფლების ოიციალურად აღების თანავე შეეცდება უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას და მხარეების დაყოლიებას, რომ მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდნენ. შესაბამისად, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ორივე მებრძოლი მხარე მაქსიმალურად შეეცდება ამ დროისათვის რაც შეიძლოება მეტი წინსვლა ჰქონდეს ფრონტზე, რათა შესაძლო მოლაპარაკებას უფრო მომგებიან პოზიციაში შეხვდნენ.
აშშ-ის მოქმედმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც პირდაპირ განაცხადა, რომ კურსკში ჩატარებული ეს საბრძოლო ოპერაცია მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მომავალ მოლაპარაკებაზე.
ამის პარალელურად ბევრი რამ გახდა ცნობილი ამერიკელი ბლოგერისა და ჟურნალისტის ლექს ფრიდმანის 5 იანვრის პოდკასტში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელნსკის სამსაათიანი ინტერვიუდან.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა იანვარში სამმხრივი შეხვედრა შედგეს მისი, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით, ზელენსკიმ უპასუხა, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტისგან იქნება უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების წინადადება, ამის შემდეგ შესაძლებელია რუსებთან ლაპარაკი. მან პუტინთან შეხვედრა არ გამორიცხა, თუმცა განავცადა, რომ ეს მოხდება მხოლოდ ტრამპტან მოლაპარაკებების შემდეგ.
აშშ-ის სახდეპში მიიჩნევენ, რომ კურსკში უკრაინის არმიის მიერ დაწყებული შეტევა „მნიშვნელოვანია მოლაპარაკებებისთვის".
ანალიტიკოსები კი არ გამორიცხავენ, რომ შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ ორივე მხარე პოზიციების გამყარებას ცდილობდეს, თუმცა ასეთი მოლაპარაკების ახლო მომავალში გამართვის პერსპექტივა მათ მაინც საეჭვოდ მიაჩნიათ.
რა ხდება კურსკში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსებს დონეცკში ტაქტიკური ინიაციატივა აქვთ, თუმცა დეკემბრის შუა რიცხვების მერე, შეტევის განვითარება ვეღარ შეძლეს, რის გამოც მთავარი ყურადღება ხერსონსა და ზაპოროჟიესკენ გადაიტანეს. ამის საპასუხოდ კი უკრაინამ კურსკში წამოიწყო შეტევა, რის გამოც რუსები იძლებული გახდნენ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთზე შეტევისთვის კონცენტრირებული ძალები კურსკში გადაესროლათ. მაისაია ამბობს, რომ შედეგად ფრონტი დაბალანსდა.
„დონეცკში სიტუაცია ფაქტიურად უცვლელია, აქ რუსებს ტაქტიკური ინიაციატივა გააჩნიათ, მაგრამ ამის იქით უკვე ვეღარ შეძლეს წარმატების განვითარება. ბოლოს შედარებით წარმატებული საბრძოლო მოქმედებები დეკემბრის შუა რიცხვებში ჰქონდათ, ისიც ძალიან უმნიშვნელო. უკრაინელებმა აქ რუსების ტემპის დაგდება შეძლეს. რუსები დონეცკში ვერ მიუახლოვდნენ ვერც სლავიანსკსა და ვერც კრამატორსკს. როგორც ბოლო მომენტებიდან გამოჩნდა, დონეცკის ოლქი ახლა მათი შეტევის მთავარი სამიზნე არაა, ისინი ცდილობენ, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით განახორციელონ შეტევები, აქეთ გადაიტანეს მთავარი ყურადღება და უკრაინელებმაც უპასუხეს კურსკის ოლქის ჩრდილოეთით შეტევის წამოწყებით, ქალაქ სუჯას პლაცდარმი გააფართოვეს და თუ უკრაინელებმა ასე განაგრძეს, შეიძლება უშალოდ ქალაქ კურსკსაც კი შეუქმნან რეალური სამხედრო საფრთხე.
„რამდენადაც ვიცი, უკრაინელებმა შეძლეს პლაცდარმის 5-6 კმ-ით გაფართოება, ქალაქ სუჯას უკრაინელები აკონტროლებენ და ესაა კურსკის რაიონი. ეს იყო მოულოდნელი შეტევა და თუ რუსები ხერსონისა და ზაპოროჟიესკენ აპირებდნენ პლაცდარმის გაფართოებას, უკრაინელებმა სიტუაცია დააბალანსეს.
„რუსებმა შექმნეს ოპერატიულ-ტაქტიკური სარდლობა „ჩრდილოეთი" და მათ დამრტყმელ ძალად კადიროვის დაჯგუფება ჰყავთ. ეს დაჯგუფება 3 ათას კაციანია, პლიუს კიდევ დაიწყეს ნაწილების გადასროლა ოპერატიული-სტრატეგიული სარდლობა „დასავლეთიდან", რომ კურსკის უკრაინული კონტრშეტევა შეაჩერონ. რადგან აქეთ დაიწყეს ძალების თავმოყრა, ესე იგი რუსები უკრაინელების შეტევას სერიოზულად აღიქვამენ.
„უკრაინელებმა შეძლეს რეზერვების ფარული მობილიზაცია და კურსკის პლაცდარმის განვითარების კუთხით პრობლემები ამ ეტაპზე არ აქვთ და არაა გამორიცხული გაიმეორონ კურსკის წარმატება, ოღონდ ოპერატიულ სიღრმეში. კურსკის შეტევით, უკრაინელებმა შეძლეს ფრონტზე წინასწორობის დამყარება, ახლა 3 ათას კილომეტრიან ფრონტის ხაზზე, სიტუაცია დაბალანსებულია", - განაცხადა მაისაიამ ფრონტზე არსებული სიტუაციის განხილვისას.
მოულოდნელ უკრაინულ შეტევაზე წერს სამხედრო მიმომხილველი და ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძეც.
„ამასობაში მასირებული უკრაინული შეტევა დაიწყო კურსკის ოლქში. დილიდან უკრაინელებმა ჩაახშეს რუსული ელექტრო და რადიო გადამცემი სიხშირეები და იერიში წამოიწყეს ბალშოი სალდატსკოეს მიმართულებით. რუსები და ჩრდილო კორეული ნაწილები ამ სექტორს 5 თვის განმავლობაში უტევენ და მხოლოდ ნახევრის დაბრუნება შეძლეს, ახლა კი დინამიკა კვლავ იცვლება.
„უკრაინელთა ამოცანა მინიმუმ რუსული კონტრშეტევის ჩაშლა და სუჯას სამხედრო პლაცდარმის დაცვაა. მაგრამ უკეთეს შემთხვევაში შესაძლოა რუსების პოზიციებზე ღრმად შეჭრა განხორციელდეს და კურსკი-კურჩატოვის მონაკვეთზე სცადონ დარტყმა. ეს საკმაოდ რთულად მისაღწევი იქნება ნებისმიერ შემთხვევაში.
„რუსებს ამ მიმართულებით 50-60 ათასი სამხედრო ჰყავთ მობილიზებული. უკრაინელთა საერთო რაოდენობა უცნობი, თუმცა რამდენჯერმე ნაკლებია.
„წინა დღეებში უკრაინელებმა დრონების მეშვეობით რამდენიმე საყრდენი პუნქტისა და სამეთაურო შტაბის განადგურება შეძლეს კურსკის ოლქში, მათ შორის ლგოვის რაიონის მიმართულებაზე", - წერს კობერიძე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით კი, რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის პოზიცია გადამწყვეტია ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკებისთვის.
„მათი პოზიცია კურსკში მნიშვნელოვანია, რადგან, რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც გავლენას მოახდენს ნებისმიერ მოლაპარაკებებზე", - აღნიშნა ბლინკენმა.
მისი თქმით, მოლაპარაკების გამართვის შემთხვევაშიც კი, უკრაინას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ უსაფრთხოების ადეკვატური გარანტიები მაინც დასჭირდება.
„რაღაც მომენტში იქნება ცეცხლის შეწყვეტა. ეს არ იქნება პუტინის გონებაში „თამაშის დასარული". მისი იმპერიული ამბიციები დარჩება და ის შეეცდება დასვენებას, გადაიარაღებას და საბოლოოდ ხელახლა შეტევას", - განაცხადა ბლინკენმა და დასძინა, რომ საჭიროა ადეკვატური შემაკავებელი მექანიზმი, რათა მან ეს არ გააკეთოს.
რას იზამს ტრამპი
ვახტანგ მაისაიას აზრით, დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ე.წ. კორეული სცენარის გამოყენებით შეეცდება.
„არ გამოვრიცხავ ზელენკი-ტრამპის შეხვედრა ტრამპის დაჟინებული მოთხოვნა იყოს. ტრამპი ალბათ კორეის ვარიანტს იმეორებს, როცა აშშ-მა შეძლო ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების ერთად დასხდომა და შუამავლის როლი იკისრა. ტრამპი აქაც იგივე მეთოდს გამოიყენებს, ალბათ უნდა, რომ პირისპირ დაელაპარაკოს მხარეებს და გაარკვიოს ვის რა პოზიციები აქვს.
„მე რაღაც ეჭვი მეპარება, რომ პუტინმა ეს წინადადება მიიღოს. სირიაში დიდი მარცხი ჰქონდა და პლიუს ქვეყენაში მდგომარეობა ურთულესი აქვს - კლანებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა და პუტინს გაუჩნდა პრობლემები უკვე შიდა მართვის კუთხით, რომ დააბალანსოს სიტუაცია როგორც მას სჩვევია ხოლმე. მანამდე აცხადებდა, რომ ზელენსკი არალეგიტიმური პრეზიდენტია და ახლა თუ მასთან მოლაპარაკებას დათანხმდა, დიდ იმიჯურ დარტყმას მიიღებს საკუთარი კლანებისვე თვალში.
„უკრაინელებმა შეტევა იმიტომ წამოიწყეს, რომ პოზიციები ფრონტზე გაეწონასწორებინათ. რუსებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ტეროტორიებს საშიშად შეუტიეს. საფრთხე იყო, რომ დნეპრისკენ გასულიყვნენ და ხერსონის ოკუპაციის ფაქტის წინაშე დამდგარიყო უკრაინა. ამიტომაც გააკეთეს სტრატეგიული მანევრითი დარტყმა კურსკისკენ, რაც პუტნს ხელს შეუშლის მიზნების განხორციელებაში. ახლა ხერსონისკენ საფრთხე შედარებით აღარაა, იქიდან რუსებმა სამხედროები კურსკის მიმართულებით გადაისროლეს.
„ახლა რუსეთისთვის ჯერჯერობით უცნობია თუ რა მიმართულებით აპირებს უკრაინის სარდლობა სხვა შეტევების წამოწყებას. თან რაც უფრო გააფართოვებენ (უკრაინელები) პლაცდარმებს, მოლაპარაკებების პროცესში უფრო დიდი უპირატესობას მიიღებენ. მაგრამ მგონია, რომ ტრამპის მონდომების მიუხედავად, პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".