
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ორშაბათს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რუსეთის ოფიციალური პირები ავიაკატასტროფაში, რომელსაც 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით მას უკვე მიღებული აქვს ოფიციალური ბოდიში პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისაგან, თუმცა ახლა მოსკოვისგან დამნაშავე პირების დასჯასა და დაღუპულთა ოჯახებისთვის, ისევე, როგორც აზერბაიჯანული ავიაკომპანიისათვის, კომპენსაციის გადახდას ითხოვს. რაც შეეხება რუსეთის ხელისუფლების პოზიციას, იგი, ბოდიშის მოხდის მიუხედავად, პასუხიმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს.
აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ის თვითმფრინავი 25 დეკემბერს ჩამოვარდა ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან. თვითმფრინავი ბაქოდან გროზოს მიმართულებით მიფრინავდა, მაგრამ რუსეთის საჰაერო სივრცეში დაზიანებები მიიღო და კურსიდან გადაუხვია.
პრეზიდენტი ალიევი რუსეთს ორი მთავარი მიზეზის გამო აკრიტიკებს - სახელმწიფო უწყებებს შორის კომუნიკაციის არქონისთვის, რის გამოც, მისი თქმით, ავიაკატასტროფა თავიდან ვერ აირიდეს და ასევე - მომხდარის მიჩქმალვის მცდელობისთვის.
რუსეთის ოფიციალური უწყებები თავდაპირველად ამტკიცებდნენ, რომ ავიაკატასტროფა უშუალოდ თვითმფრინავის ბორტზე „გაზის ბალონის აფეთქებამ“ გამოიწვია. ასევე გაჟღერდა ვერსიაც, რომ თვითმფრინავს გადამფრენი ფრინველების გუნდუ შეეჯახა, რის შედეგადაც მას ძრავა დაუზიანდა. ალიევი ამ ვერსიებს თავიდანვე „აბსურდულ თეორიებად“ მოიხსენიებდა.
წინასწარმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია.
„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ დამნაშავე რუსეთია. აზერბაიჯანის მოქალაქეები დაიღუპნენ ამ კატასტროფაში, პასუხისმგებლობა კი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ეკისრებათ“, - განაცხადა ალიევმა ორშაბათს ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების ოჯახებთან შეხვედრაზე“, - ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას, ვითხოვთ დამნაშავეთა დასჯას, ვითხოვთ სრულ გამჭვირვალობას და ადამიანურ ქცევას“.
ვარაუდობენ, რომ ალიევის მწვავე კრიტიკა მიანიშნებს მოსკოვსა და ბაქოს მანამდე მეგობრულ ურთიერთობებში განხეთქილებაზე.
ალიევმა ჯერ კიდევ 29 დეკემბერს განაცხადა, რომ თვითმფრინავი „მიწიდან სროლის შედეგად“ დაზიანდა და იგი „განუზრახველად ჩამოაგდო რუსეთმა“.
„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს განზრახ გაკეთდა, მაგრამ გაკეთდა“, - განაცხადა მაშინ ალიევმა.
აზერბაიჯანი მოსკოვის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის დონე, განსაკუთრებით წიაღისეული საწვავის კუთხით, მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან ევროკავშირი ცდილობდა თავი დაეღწია რუსული გაზისგან.
აღსანიშნავია ისიც რომ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კატასტროფის გამო ბოდიში მოიხადა ალიევთან სატელეფონო საუბარში და თქვა, რომ ავიაკატასტროფის დროს ამ რაიონში საჰაერო თავდაცვა ფუნქციონირებდა, მაგრამ ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა არ აიღო.
ბოდიშის მოხდა იყო ერთ-ერთი იმ სამი მოთხოვნიდან, რომელიც ბაქომ გააჟღერა. დანარჩენი ორი იყო დანაშაულის აღიარება და კომპენსაცია როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე დაზარალებულებისთვის.
ალიევმა ორშაბათს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რუსეთის სამთავრობო ორგანოები აბსურდული ვერსიებით თავის გამართლების მცდელობაში, თუ როგორ მოხდა ინციდენტი. ალიევის თქმით, „სერიოზული დანაშაულის ნიშნები იკვეთება“.
თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა.
მარიამ ვეკუა