ნატალია ჯვარიძე
08.01.2025

სომხეთი რეალურად საფრთხის წყაროა რეგიონისთვის, დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფო, ფაქტობრივად, ფაშისტური სახელმწიფოა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ადგილობრივ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, სომხეთს თითქმის 30 წლის განმავლობაში „ფაშისტური იდეოლოგიის მატარებლები" მართავდნენ, რის შედეგადაც ქვეყანაც თავიანთი მსგავსი შექმნეს.

„ასეთი ფაშისტური სახელმწიფოს მეზობლები ვართ და ფაშიზმის საფრთხე არ ქრება. ფაშიზმი უნდა განადგურდეს. მას ან სომხეთის ხელმძღვანელობა, ან ჩვენ გავანადგურებთ. სხვა არჩევანი არ გვაქვს", - აღნიშნა ალიევმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ ილჰამ ალიევის ეს განცხადება გარკვეული საფრთხის საფუძველს იძლევა. ის ალიევის განცხადების რამდენიმე სავარაუდო მიზეზს ასახელებს.

„გარკველწილად შეიძლება კონფლიქტის განახლების საფრთხე არსებობდეს. შესაძლოა ალიევი თავის განცხადებას იყენებდეს საბაბად იმისთვის, რომ დაამყაროს კონტროლი ზანგეზურის დერეფანზე, რომელიც აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს პირდაპირი კონტროლი ჰქონდეს ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და ასევე, თურქეთთანაც. ამიტომ ერთი ვერსიით შეიძლება აზერბაიჯანი სომხურ „ფაშიზმს" ამის საბაბად იყენებდეს.

მეორე ვარიანტია, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელისუფლება აიძულოს ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას, ანუ სომხეთი წავიდეს დათმობაზე, რადგან ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად თითქოს სომხეთის დაშანტაჟებას ჰქონდა ადგილი.

ასევე, გამორიცხული არც ისაა, რომ ილჰამ ალიევი საერთაშორისო საზოგადოებასაც აშანტაჟებდეს, რადგან ევროპული სახელმწიფოები მხარს სომხეთს უჭერს, განსაკუთრებით საფრანგეთი. აზერბაიჯანზე იძახიან, რომ ავტორიტარული ქვეყანაა, ხოლო სომხეთი ხალხის მონაცემების მიხედვით, თავისუფალი და თან ბევრი ევროპული ქვეყანა ამბობს, რომ სომხეთი დემოკრატიულ გზას ადგას.

საერთო ჯამში ასეთი განცხადების გაკეთება აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან სომხეთი ფაშისტური სახელმწიფო ნამდვილად არაა. ეს განცხადება გარკვეული შეშფოთების საფუძველს იძლევა ისევე, როგორც დონალდ ტრამპის კანადასა და გრელანდიასთან დაკავშირებით", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ ამით ალიევი ცდილობს სომხეთის ხელისუფლების შეჯანჯაღარებას, რათა სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი დროულად მოაწეროს.

„ჩემი აზრით, ეს განცხადება უფრო გააფრთხილებაა, რადგან მხარეები თითქმის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერამდე იყვნენ მისულები, დეკემბერში ეს შეთანხმება უკვე დაიდებოდა, მხოლოდ ტექნიკური საკითხები იყო გადასაწყვეტი, თუმცა სომხეთის ხელისუფლება რატომღაც ამას აჭიანურებდა.

„როდესაც სომხეთის ხელისუფლება ლაპარაკობდა, რომ ისინი მზად იყვნენ და საქმე ხელმოწერამდე იყო მისული, სომხეთი წელავს. გასაგებია, რომ სომხეთში არც ისე კარგი მდგომარეობაა, ვინაიდან ნიკოლ ფაშინიანი ფაქტობრივად, კრემლს დაუპირისპირდა, ფაშინიანსა და ლუკაშენკოს შორის მოხდა საკმაოდ მწვავე დიპლომატიური ხელჩართული ბრძოლა.

„ამ სიტუაციას ართულებს სომხეთის შიგნით მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და როგორც ჩანს, ფაშინიანმა ვერ შეძლო პოლიტიკური მხნეობის გამონახვა, რომ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა.

„სავარაუდოდ, ალიევს ყელში ამოუვიდა ამდენი ლოდინი და ეს განაცხადა. მე ყოველ შემთხვევაში ასე აღვიქვი. ალიევი საკმაოდ გამოცდილი დიპლომატი და პოლიტიკოსია. ის გლობალურ მოთამაშედ ითვლება. ასეთი უხეში და რადიკალური განცხადებით ცდილობს სომხეთის ხელისუფლება შეაჯანჯღაროს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ყოფილ სახელმწიფო მინისტრისა და კონფლიქტოლოგის პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ალიევი ამ განცხადებით სომხეთის ხელისუფლებასა და თვითონ საზოგადოებაზე ზეწოლას ახდენს.

„აშკარად აქ რაღაც მუქარის ნიშნები არის, რადგან ის ამბობს, რომ ფაშიზმს ან ჩვენ განავადგურებთ, ან სომხეთის ხელისუფლებაო, ანუ სომხეთი არ ანადგურებს, მათ უნდა გააკეთონ. მგონი ეს უფრო ზეწოლაა. აზერბაიჯანი სომხეთისგან ელოდება, რომ კონსტიტუციიდან ამოიღებს პრეტენზიებს აზერბაიჯანის ტერიტორიების მიმართ.

„ამიტომ დღემდე არ ეწერება ხელი მათ შორის სამშვიდობო შეთანხმებას. ეს არის დღემდე მოუგვარებელი საკითხი. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით ეს არის მცდელობა, რათა სომხეთის საზოგადოებაზე ზეწოლა მოახდინონ, რომ მათ გაისიგრძეგანოს, თუ რამდენად მტკივნეული და მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვის სომხეთის კონსტიტუციაში ჯერ კიდევ მითითებებია აზერბაიჯანის ტერიტორიის მიმართ. მგონი გარკვეულწილად ეს არის შეტყობინება სომხეთის ხელისუფლებისთვის, რომ მათ უნდათ მიიღონ ზომები, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ეს მუქარები ძალაში შევიდეს.

ფაშიზმი საკმაოდ მკაცრი სიტყვაა, რომელიც როგორც წესი, ულტრამემარჯვენე რადიკალურ პოლიტიკას გულისხმობს. სომხეთის პოლიტიკა ნამდვილად არ არის ულტრამემარჯვენე, მითუმეტეს რადიკალური. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ურთიერთგაგების პოლიტიკის წარმოებას", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×