ნატალია ჯვარიძე
08.01.2025

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად, - ინფორმაციას „სიენენი" ავრცელებს. გრენალდიაზე კოტროლის შესახებ ტრამპის განცხადებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მის სუვერენულ საზღვრებზე სხვა ქვეყნების თავდასხმას არ დაუშვებს.

„რა თქმა უნდა, აშკარაა, რომ ევროკავშირი მის სუვერენულ საზღვრებზე მსოფლიოს სხვა ქვეყნების თავდასხმას არ დაუშვებს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. ჩვენ ძლიერი კონტინენტი ვართ", - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დონალდ ტრამპმა მედიაში საუბარში კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის სამხედრო ან ეკონომიკური ძალის გამოყენებას ამ ტერიტორიებზე კონტროლის მოსაპოველბლად, უპასუხა: „არა".

„არა. დარწმუნებით ვერ გეტყვით, ამ ორიდან რომელს, მაგრამ ამის თქმა შემიძლია. ჩვენ გვჭირდება ისინი ეკონომიკური უსაფრთოხებისთვის", - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა ის სამხედრო ძალას კანადასთან დაკავშირებით, აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა უპასუხა, რომ გამოიყენებს არა სამხედრო, არამედ ეკონომიკურ ძალას.

მანამდე დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კანადაში ბევრს სურს აშშ-ის 51-ე შტატად ყოფნა. „კანადა რომ აშშ-ს შეუერთდეს, არ იქნებოდა ტარიფები, გადასახადები მნიშვნელოვნად შემცირდებოდა და ისინი სრულიად დაცულები იქნებოდნენ რუსული და გემების საფრთხისგან, რომლებიც მუდმივად ირგვლივ არიან. ერთად დიდი ერი იქნებოდა", - განაცხადა ტრამპმა.

რონდელის ფონდის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ მისთვის ტრამპის ეს განცხადება გასაკვირი და გაუგებარია.

„მართალი გითხრათ ჩემთვის ძალიან შოკისმომგვრელია ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები. დონალდ ტრამპი საკმაოდ არაპროგნოზირებადია და როგორც ჩანს, მაგ კაცს განათლებაც აკლია. თან მას ზოგიერთი ცოტა უცნაური მრჩევლები ჰყავს და ხანდახან ვუსმენთ ისეთ ხალხს, როგორიცაა მაგალითად ილონ მასკი, მართალია მილიარდელია, მაგრამ მთლად სერიოზულ ადამიანად არ მიმაჩნია. სხვაგვარად ამას ვერ ვხსნი ამას", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

საგარეო ანალიტიკოს ირაკლი მენაღარიშვილს მიაჩნია, რომ ტრამპის ეს განცხადება მიანიშნებს იმაზე, ის მკვეთრი ნაბიჯების გადასადგმელად მზადაა, როცა საქმე ამერიკის ინტერესებს ეხება.

„ევროპის პასუხზე მე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ დონალდ ტრამპის ეს გზავნილი არის კიდევ ერთხელ განაცხადი იმაზე, რომ ის მზად არის მკვეთრი ნაბიჯების გადასადგმელად, როცა საქმე ამერიკის ინტერესებს ეხება. რაც შეეხება მოვლენების შემდგომ განვითარებას, ამაზე კომენტარს რა თქმა უნდა, ვერ გავაკეთებ", - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×