ნატალია ჯვარიძე
13.01.2025

აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი ფიქრობს, რომ არარელურია იმის თქმა, უკრაინის მიწის ყოველი ინჩიდან, თუნდაც ყირიმიდან ყველა რუსს განდევნიან. მისივე თქმით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის მომზადება მიმდინარეობს.

„მზადება მიმდინარეობს. პრეზიდენტ ტრამპის გადმოსახედიდან, ვერ შეძლებ შეთანხმებას, თუ არ გაქვს რაიმე სახის ურთიერთობა და დიალოგი მეორე მხარესთან და ჩვენ ამას აუცილებლად დავამყარებთ უახლოეს თვეებში", - აღნიშნა უოლცმა ABC-თან ინტერვიუში.

ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის რეალურ ვადებზე კომენტირებისას მან განაცხადა: „გვსურს მისი ნახვა ყოველ წუთს, ყოველდღე. ვფიქრობ, რომ ეს იქნება წარმოუდგენლად პოზიტიური პირველი ნაბიჯი ორივე მხარისთვის და ეს საშუალებას მოგვცემს შევიდეთ რაიმე სახის მოლაპარაკებით გადაწყვეტის ჩარჩოებში".

ამასთან, მისი თქმით, აშკარაა, რომ უკრაინა ვერ შეძლებს თავის ტერიტორიიდან რუსეთის ბოლომდე განდევნას.

„ყველამ იცის, რომ რაღაცნაირად დიპლომატიურად უნდა დასრულდეს. არ ვფიქრობ, რომ რეალურია იმის თქმა, რომ უკრაინის მიწის ყოველი ინჩიდან ყველა რუსს განვდევნით, თუნდაც ყირიმიდან. პრეზიდენტმა ტრამპმა აღიარა ეს რეალობა და ვფიქრობ, რომ უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, როცა მთელი მსოფლიო აღიარებს ამ რეალობას", - აღნიშნა უოლცმა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრობს უკრაინის ომის სავარაუდო დასრულების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, უკრაინას უკვე შეუძლია ზავის დადება რუსეთთან და მისივე აზრით, სწორედ ამას ცდილობს დონალდ ტრამპი.

„უკრაინის ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ ყირიმის სამხედრო გზით დაბრუნება ამ ეტაპზე რთულია და ტრამპის შეხსენება არ სჭირდებათ.

უბრალოდ აქ საუბარია სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვაზე, მაგრამ, უკრაინა თავისი ტერიტორიების დაბრუნებაზე უარს არასდროს იტყვის, რადგან დღეს ოთხი ტერიტორიაა, რომელზეც რუსეთმა ოფიციალურად ოკუპაცია მოახდინა, თუმცა, ის დღემდე უკრაინის საკანონმდებლო სივრცის ფარგლებში რჩება.

ამ ოთხი ძირითადი რეგიონიდან (დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე და ლუგანსკი) რჩება უკრაინის კონტოლის ქვეშ და მხოლოდ ყირიმია ანექსირებული. ჯერჯერობით იმ ოთხი ტერიტორიის დაბრუნებაზეა ლაპარაკი.

მართალია პოზიციური ომი მიმდინარეობს, მაგრამ ეს უკრაინის წისქვილზე ასხამს წყალს, ვიდრე რუსების, რადგან ისინი დაესხნენ თავს და არა პირიქით. უკრაინამ შეძლო ორი დიდი რეგიონის სრულად გათავისუფლება. ამასთან, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრა და კურსკის ოლქია მათ მიერ ოკუპირებული, ესეც საინტერესო მომენტია.

შესაძლოა უკრაინელებმა შესთავაზონ ყირიმის გაცვლა კურსკის სანაცვლოდ. ესეც არ არის რაღაც ფანტანსტიკური სცენარი, იმიტომ, რომ თუ დავუშვათ, რუსებს აქვთ ყირიმის ნახევარკუნძული ოკუპირებული, იგივე აქვთ კურკის ტერიტორია.

ბუნებრივია, უკრაინელები ახლა პუტინის რეჟიმთან ბარი-ბარში არიან. შეიძლება რუსებს სამხედრო მოქმედებების ზონებში ტაქტიკური უპირატესობა აქვთ, თუმცა, გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური უპირატესობა უკრაინელების მხარესაა. აქ საუბარია იმაზე, რომ ომის პირობებიდან გამომდინარე ზავი დაიდოს.

რამდენ ხანს გაგრძელდება ეს და როგორ იქნება, ეს უკვე მომავლის ამბავია. ტრამპი სწორედ ამას ცდილობს. ბუნებრივია, ის უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. უბრალოდ ახლა მისთვის ზავის დადება მნიშვნელოვანია, რათა სხვა გეოპოლიტიკური მისიების და მიზნების განხორციელება და ახალი პოლიტიკის შემუშავება ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში მოახერხოს.

ამაზეა საუბარი და რატომღაც ჩვენთან ჰგონიათ, რომ ტრამპი და პუტინი გარიგდნენ, არავითარ შემთხვევაში. შეიძლება ტრამპის პოზიცია უფრო ხისტი იყოს, ვიდრე ბაიდენის. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მისი პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში ასევე ხისტი იყოს, ვიდრე ბაიდენის მხრიდან, ამას მალე ვნახავთ. ჯო უილსონი ტრამპის ადმინისტრაციის სახელით საუბრობს, რომელიც ტრამპთან ძალიან ახლოსაა. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ერთ კონტექსტში რომ განვიხილოთ, ტრამპის ადმინისტრაციას უბრალოდ სჭირდება ამ გაჭიანურებული ომის დროებით შეჩერება.

რუსეთსა და უკრაინას შორის დადგა მოლაპარაკებების საკმაოდ საინტერესო მომენტი, რადგან უკრაინელებს თავისუფლად შუძლიათ შესთავაზონ ყირიმის სანაცვლოდ კურსკი და აღადგინონ ის სტატუს-კვო, რომელიც 2022 წლის თებერვლამდე იყო. ზავის პირობები უკვე მომწიფდა და იმის მიუხედავად, რომ უკრაინელების პოტენციალი უკრაინელებს ჩამორჩება, ისინი მზად არიან", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×