
პოლონეთმა კვირას რუსეთში მიმავალ სლოვაკეთის საპარლამენტო დელეგაციას მისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცა. დეპუტატებს მარშრუტის გადამისამართება მოუწიათ, გეზი გერმანიისა და ჩეხეთის საჰაერო სივრცისკენ აიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკური მედია ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციას პოლონეთი უარყოფს და ისინი ფრენის აკრძალვის მიზეზად შეუსაბამო დოკუმენტაციას ასახელებენ.
„TASR"-ის ინფორმაციით, კვირას სლოვაკეთის საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა, რომელიც მიზნად ენერგეტიკულ თანამშრომლობას ისახავდა, კონკრეტულად, სლოვაკეთისთვის რუსული გაზის პოტენციურ მიწოდებას. დელეგაციის წევრებს შორის არიან პარლამენტის ორი ვიცე-სპიკერი: ანდრეი დანკო და ტიბორ გაშპარი, ასევე - რამდენიმე დეპუტატი.
დელეგაციის ფრენის მარშრუტი შეიცვალა პოლონეთის გვერდის ავლით, რადგან ფრენის ნებართვა არ გასცა. შეცვლილი მარშრუტი ჩეხეთსა და გერმანიას შორის საჰაერო სივრცეში განხორციელდა, - წერს სლოვაკეთის მედია.
„მე არ მესმის პოლონეთის პოზიცია, მაგრამ ფაქტია, ეს რეალობაა," - დაწერა დანკომ, სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სოციალურ ქსელში.
აღნიშნულ ინფორმაციას პოლონეთი უარყოფს. პოლონეთის მედიასაშუალებები ავრცელებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, პაველ ვრონსკის სიტყვებს, რომ სლოვაკეთის მხარემ არ გაგზავნა ყველა საჭირო საბუთი და როცა დოკუმენტების შევსება სთხოვეს, გადაწყვიტა საჰაერო კურსი შეეცვალა.
ვიზიტის გამოცხადებამდე უკრაინის საელჩომ სლოვაკეთს „თანაგრძნობისკენ" მოუწოდა.
„ჩვენ მოვუწოდებთ სლოვაკეთს, სულ მცირე ადამიანურ თანაგრძნობისკენ და ვითხოვთ პატივისცემას მრავალმილიონიანი ერის მიმართ, რომელიც გმირულად ეწინააღმდეგება თავის აგრესორებს და უარს ამბობს დანებებაზე, მიუხედავად ყველა გამოწვევისა," - განაცხადა უკრაინის საელჩომ.
დელეგაცია გეგმავს შეხვედრებს რუსეთის სახელმწიფო დუმის წარმომადგენლებთან. დისკუსიები ყურადღებას გაამახვილებს, რამდენად მიზანშეწონილია სლოვაკეთმა მიიღოს რუსული გაზი, უკრაინის გავლით ტრანზიტის შეჩერების მიუხედავად.
დელეგაციის განცხადებაში აღინიშნულია, რომ შეხვედრა შეეხება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომსაც. ამავდროულად, დანკომ ხაზი გაუსვა, რომ მისი მიზანია აჩვენოს მსოფლიოს, ომის მიუხედავად, რუსეთში ცხოვრება იდეალურად გრძელდება.
„მინდა ვაჩვენო მსოფლიოს, რომ იქ ხალხი კარგად ცხოვრობს და რომ გერმანელები, ფრანგები და ამერიკელები მათთან ბიზნესს ჩვეულებრივ აწარმოებენ," - აღნიშნა დანკომ.
დელეგაციის დაბრუნება სლოვაკეთში ოთხშაბათს, 15 იანვარს იგეგმება.
რამდენიმე დღით ადრე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საპარლამენტო სესიაზე გააკრიტიკა. ევროპული ქვეყნების მიმართ მხარდაჭერისთვის „მათხოვრობასა და რუსეთის პრეზიდენტი კი სანდო პარტნიორად მოიხსენია."
შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთის პრემიერი პუტინს 22 დეკემბერს შეხვდა, რამაც კიევის კრიტიკა და ევროპარლმენტარების დიდი ნაწილი მწვავე რეაქცია გამოიწვია.
რამდენიმე დღის წინ ბრატისლავაში დემონსტრაცია გაიმართა, რომელიც მიზნად „სლოვაკეთის პრორუსული რაკურსის" გაკრიტიკებას ისახავდა. მთავარი ლოზუნგი კი იყო - „სლოვაკეთი ევროპაა - კმარა რუსეთი!"