
მეექვსე დღეა ლოს-ანჯელესში ხანძარია - ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, მათ შორის 16 იტონის ხანძარს ემსხვერპლა და 8 - პალისეიდსის ხანძარს, - ინფორმაციას „სიენენი" ავრცელებს. ამასთან, ტელეკომპანიის ცნობით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ დროისთვის რეალური რაოდენობის დადგენა ვერ ხერხდება, რადგან ბევრ ადგილამდე მისვლა უსაფრთხო არ არის. ასევე ისინი ვარაუდობენ, რომ ხანძრის საფრთხე კვლავ რჩება, ვინაიდან კვირის დასაწყისში მოსალოდნელია სახიფათო „სანტა ანას" ქარის დაბრუნება.
105 000-ზე მეტი მცხოვრები კვლავ ევაუკაციის ბრძანების ქვეშ იმყოფება. ლოკალიზებულია პალისეიდსის ხანძრის მინიმუმ 11% და იტონის ხანძრის 27%.
„სიენენის" ინფორმაციით, მეხანძრეები ხანძრის წინააღმდეგ ექვსდღიანი ბრძოლის კრიტიკულ ეტაპზე არიან. სახანძრო ეკიპაჟები აცხადებენ, რომ პროგრესს აღწევენ, მაგრამ, ოფიციალური პირების თქმით, ხანძრის საფრთხე კვლავ ძალიან მაღალი დარჩება, რადგან კვირის დასაწყისში მოსალოდნელია სახიფათო „სანტა ანას" ქარის დაბრუნება.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ ამ დიდი კატასროფის უკან ტერორისტები იდგნენ, რადგან მისივე აზრით, საეჭვოა ამხელა ხანძარი დროის ასეთ მცირე მონაკვეთში როგორ გაჩნდა.
„არ არის გამორიცხული, რომ ეს კატასტროფა რაღაც დივერსიულ ქმედებას გამოეწვია. ერთი პირი უკვე დაკავებულია. შეუძლებელია 10 ათასი შენობა დაიწვას დროის ასეთ მცირე მონაკვეთში. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ტერორისტული დივერსიული აქტის ახალი მეთოდია ეს, რადგან ცოტა საეჭვოა ამხელა ხანძრის გაჩენა. ძალიან ბევრი კითხვები არსებობს რა თქმა უნდა", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისიაც არ გამორიცხავს ტერორისტულ აქტს, თუმცა, ის ასევე, ბუნებრივ კატასროფასაც ვარაუდობს.
„ძალიან რთულია ამ კატასროფის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი, თუმცა, რასაკვირველია, გამორიცხული არაფერია, მათ შორის არც ტერორისტული ქმედებები. თან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკაში ტერაქტი ორჯერ განხორციელდა. ასევე მსგავსი ტერაქტი ევროპასა და რუსეთშიც გამოვლინდა.
ზოგადად ხანძრის გაჩენა და დაწვა არის ტერორისტული აქტის შემადგენელი ნაწილი, როგორც სხვები. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ლოს-ანჯელესი საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული არეალია და შესაძლოა ჩვეულებრივი ბუნებრივი ტექნოგენური კატასროფის ვარიანტიც იყოს. იმედია გამოძიება დაადგენს გამომწვევ მიზეზს. ყოველ შემთხვევაში გამორიცხული არაფერია", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".