
აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან „ძალიან სწრაფად" შეხვედრას აანონსებს, ამის შესახებ მან ორშაბათს განაცხადა, თუმცა შეხვედრის ზუსტი დრო, ადგილი და ფორმატი ჯერჯერობით უცნობია.კრემლიც მზადყოფნაშია. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ხაზგასმით ამბობს, რომ პუტინს შეხვედრის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ეს ორი სახელმწიფოს ლიდერების პირველი შეხვედრა იქნება. მედიაშ კი უკვე ვრცელდება ცნობები, თუ, სავარაუდოდ, რა პოზიციებით წარსდგებიან მხარეები ერთმანეთის წინაშე.
„პუტინს სურს შეხვედრა. ჩვენ ეს სისხლიანი არეულობა უნდა დავასრულოთ", - ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას, შეხვდება თუ არა კრემლის ლიდერს.
შვეიცარია მზად არის ორი ლიდერის ისტორიულ შეხვედრას უმასპინძლოს. - ამის შესახებ ინფორმაცია შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინსიტროს საინფორმაციო სამსახურმა გაავრცელა. თუმცა, „ლოკაციაზე საუბარი ჯერ ნაადრევია", რადგანტრამპი-პუტინის შეხვედრის ორგანიზება, როგორც პესკოვი ამბობს, მხოლოდ 20 იანვარს ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ დაიწყება. ამასთან, კრემლში არ მალავენ, რომ ამ შეხვედრისგან პოზიტიური მოლოდინი აქვთ.
„როგორც ჩანს, გარკვეული პროგრესი იქნება მიღწეული მას შემდეგ, რაც ბატონი ტრამპი კაბინეტს დაიკავებს", - განაცხადა პესკოვმა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პუტინთან პირდაპირი კავშირი შეწყვიტა.
განსხვავებული რიტორიკა ჰქონდა საარჩევნო კამპანიისას ახალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ის მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობდა და უკრაინაში ომის დასრულებას ერთ თვეში აპირებდა, თუმცა შემდეგ ეს ვადა ექვს თვემდე გაზარდა - გასულ კვირაში მან თქვა, რომ „ეს უფრო რეალური დროა მიზნის მისაღწევად".
ევროპელი ლიდერები კი ცდილობენ ტრამპის გუნდი დაარწმუნონ, რომ გაგრძელდეს უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გადაცემა, რადგან ეს უკრაინას მისცემს შესაძლებლობას, რომ პუტინი მოსალაპრაკებელ მაგიდასთან მალე მოიყვანოს.
რა სურს პუტინს
ამერიკული „ფაინენშალ თაიმსი" იმაზე წერს, თუ სავარაუდოდ რა მოთხოვნები ექნება პუტინს მომავალ შეხვედრაზე. მათივე ცნობით, ეს ინფორმაცია ემყარება ორი რუსი მაღალჩინოსნის მონათხრობს, რომელთანაც ერთ-ერთს უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტთან აქცს ეს საკითხები განხილული.
ამ წყაროს ცნობით, პუტინის მთავარი მიზანი ახალი საერთაშორისო წესრიგის შექმნაა. პუტინს სურს მიიღოს გარანტია, რომ უკრაინა არასოდეს შევა ნატოში და ასევე სურს, ნატომ, აშშ-ის ხელმძღვანელობით, აღმოსავლეთ ევროპიდან „უკან დაიხიოს", რაც ამ რეგიონიდან ნატოს სამხედრო ბაზების გაყვანას გულისხმობს.
„მას სურს შეცვალოს საერთაშორისო წესრიგის წესები, რათა რუსეთს საფრთხე არ შეექმნას. ძალიან შეშფოთებულია, თუ როგორ გამოიყურება მსოფლიო ამ ომის შემდეგ. ტრამპს კი ნატოს როლის შემცირება სურს. სამყარო იცვლება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - განაცხადა „ფაინენშალ თაიმსის" ერთ-ერთმა წყარომ.
ევროპელი პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუ მოსკოვს მიეცემა შესაძლებლობა, უკრაინის ფრონტზე წინ წაიწიონ, ეს გაამხნევებს რუსეთის მოკავშირე ჩრ.კორეას, ირანს და პოტენციურ საფრთხეს გაზრდის მსოფლიოსთვის.
რაც შეეხება უკრაინის პოზიციას, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა პარასკევს განაცხადა, რომ კიევი ელოდება მაღალი დონის მოლაპარაკებებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ინაუგურაციის შემდეგ.
იქნება თუ არა ე.წ. გავლენის სფეროების ხელახალი გადანაწილება
„რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ზვიად აბაშიძე ამბობს, რომ მხოლოდ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ვერ შეცვლის მსოფლიოს დღის წესრიგს, რადგან პოლიტიკურ რუკაზე არის ჩინეთიც.
„ერთი შეხვედრით არ დასრულდება პროცესი, თუმცა ფაქტია - ეს ისტორიული შეხვედრაა, რომელიც ბევრ რამეს გადაწყვეტს. თანამედროვე რუსეთი არ არის სსრკ, რადგან აქ არის ჩინეთიც, რომელიც გავლენას ახდენს მსოფლის გავლენის სფეროების განაწილებაზე", -აღნიშნა აბაშიძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე კი მიიჩნევს, რომ ასეთ საკითხზე პუტინთან მოლაპარაკების გამართვა შეცდომა იქნება:
„ვფიქრობ, გავლენის სფეროებზე საუბარი არ შედგება. ყოველ შემთხვევაში ტრამპმა ამ კუთხით არ უნდა დაიწყოს დიალოგი. აქ უნდა იყოს სხვა მიდგომა, რათა რუსეთმა შეიგნოს და გააანალიზოს, რომ მისი არჩეული გზა არ იქნება მიღებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ და ამას ყოველთვის მოყვება რეაქცია. იმისთვის, რომ რუსეთი დამარცხდეს ძალიან, ბევრია ჯერ გასაკეთებელი".
საქართველოს ადგილი გლობალურ პოლიტიკურ პროცესებში
კითხვაზე, სად იქნება ამ გლობალურ პროცესებში საქართველოს ადგილი და საბოლოოდ როგორ აისახება მოსალოდნელი ცვლილებებ საქართველოზე, ფხალაძე გვპასუხობს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. მისივე თქმით, საქართველოს უნდა ჰქონდეს „კურსი მხოლოდ ერთი მიმართულებით და ეს დასავლეთია".
„ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ამიტომ საქართველოს გადასარჩენად მნიშვნელოვანია სტრატეგიულ მეგობრებთან შესაბამისი კომუნიკაცია, მეგობრებს უნდა ვუწოდოთ მეგობრები და მტრებს მტრები, ამიტომ, სხვა შემთხვევაში არანაირი „პოლიტიკური გადატვირთვის" იმედი არ გვქონდეს", - განაცხადა ფხალაძემ.
ზვიად აბაშიძე კი ამბობს, რომ აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში დიდი ინტერესი აქვს და ამიტომ ის მარტივად არ იტყვის უარს თუნდაც იმ ინვესტიციებზე, რაც საქართველოშ აქვს ჩადებული.
„საქართველოში ამერიკას დიდი ინვესტიცია აქვს ჩადებული. ფაქტია, რომ ინტერესი დიდია. ამას ემატება სომხეთისა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობაც, რაც ადასტურებს, რომ ამერიკის ინტერესი სამხრეთ კავკასიაში დიდია. პუტინი კი ტრამპთან მომგებიან პოზიციაში არაა, უფრო პირიქით", - აღნიშნა ზვიად აბაშიძემ.