
სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს 22 დეკემბერს პუტინთან შეხვედრამ უსიამოვნებები მოუტანა. ფიცო თავისი მმართველობის განმავლობაში ყველაზე სერიოზული საფრთხის წინაშე დგას - ოპოზიცია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას აპირებს.
რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი სლოვაკეთის ლიდერის პუტინთან შეხვედრამ მას შესაძლოა პოსტი დაატოვებინოს. ოპოზიცია კენჭისყრის ჩანიშვნას გეგმავს, რათა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადოს. ამის შესახებ ოპოზიციურმა პარტიებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
ოპოზიციის ლიდერების თქმით, ისინი კენჭისყრას უახლოეს დღეებში ჩანიშნავენ. ოპონენტები ფიცოს პრორუსული პოლიტიკის გააქტიურებაში სდებენ ბრალს და ამბობენ, რომ შიდა პოლიტიკურ გამოწვევებს თავს ვერ ართმევს.
„ფიცოს მოსკოვში მოგზაურობა სლოვაკეთისთვის სირცხვილი იყო", - თქვა ფიცოს მთავარმა პოლიტიკურმა კონკურენტმა, "პროგრესული სლოვაკეთის" პარტიის ლიდერმა მიხალ შიმეჩკამ. „მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია იმ პრობლემებისა, რომელიც არ ჩანს... ის ვერ უმკლავდება რეალურ პრობლემებს, რომლებიც აწუხებს ხალხს სლოვაკეთში. სამაგიეროდ, ის დაფრინავს მთელ მსოფლიოში დიქტატორებთან შესახვედრად."
შიმეჩკამ თქვა, რომ მთელ ოპოზიციას სურს, სლოვაკეთი მყარად იყოს მიმაგრებული ევროკავშირსა და ნატოსთან.
„სლოვაკეთი არ არის მხოლოდ რობერტ ფიცო," - დასძინა მან. „არის უამრავი ადამიანი, ვისაც სურს, რომ სლოვაკეთი იყოს თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის ნაწილი, ჰქონდეს კარგი ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთან, კონსტრუქციულად გააძლიეროს ჩვენი ინტერესები და იმუშაოს მთლიანად ევროპის გასაძლიერებლად, რადგან ეს საუკეთესო ვარიანტია სლოვაკეთისთვის."
ოპოზიციონერების უნდობლობის გამოცხადება ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნის წინაპირობა გახდება. იანვრის ბოლოს გამოკითხვის თანახმად, ლიბერალური ოპოზიცია, "პროგრესული სლოვაკეთი", არის ყველაზე პოპულარული პარტია ქვეყანაში 23.9 პროცენტიანი მხარდაჭერით, ხოლო ფიცოს პარტია მეორე ადგილზეა 18 პროცენტით.
თავად ფიცომ აღნიშნა, რომ ვადამდელი არჩევნები შესაძლოა იყოს ვარიანტი, თუ მისი კოალიციის პარტნიორები ვერ გადაჭრიან უთანხმოებებს ქვეყანის პარლამენტში, კოალიციას აქვს 150 მანდატიდან 76-ის აბსოლუტური უმრავლესობა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კენჭისყრის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით დაზუსტებული არაა.
„რაც არ უნდა მოხდეს, დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიტუაციაში, როდესაც მთავრობას აქვს მხოლოდ მყიფე უმრავლესობა და როდესაც არის არასტაბილურობა და ქაოსი, ვადამდელი არჩევნები საუკეთესო გამოსავალია," - განაცხადა შიმეჩკამ.
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე გვპასუხობს, რომ „სავსებით შესაძლებელია".
"დღეს სლოვაკეთში ბევრია ფიცოს პოლიტიკით უკმაყოფილო, მისი პრორუსული რიტორიკით. გარდა ამისა, სლოვაკეთი ბლოკავს გარკვეულ საკითხებს ევროკავშირში. საერთო ჯამში, სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკა ცხადყოფს, რომ უკმაყოფილება იზრდება.
გარდა ამისა, ფიცოს პარტიამ ვერ გაიმარჯვა დიდი უპირატესობით არჩევნებში. აღმოჩნდა, რომ ის არის ულტრამემარცხენე და ვერ თუ არ შეასრულა ბევრი დაპირება. ამიტომ არის შანსი, რომ ფიცოს მოუწიოს პოსტის დატოვება. გავიხსენოთ, რომ ფიცოზე შეიარაღებული თავდასხმაც კი განხორციელდა."
„რეზონანსთან" საუბრისას ჩიტაძე ამბობს, რომ „კრემლი ბოლომდე ეცდება შეუნარჩუნოს ფიცოს პოზიცია."
„შესაძლებელია ფიცო უფრო დამთმობ პოლიტიკაზე წავიდეს, რათა ხელისუფლება შეინარჩუნოს. ის შეეცდება ითამაშოს შუამავლის როლი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაში, როგორც ორბანი აკეთებდა, რათა საერთაშორისო ავტორიტეტი აიმღალოს. ის აპირებს კიდეც ზელენსკისთან შეხვედრას, რომ საუბარი შედგეს ბუნებრივი აირის მიწოდებაზე. თუმცა ბუნებრივია, ზელენსკი არ წავა კომპრომისზე, რომ კვლავ აამოქმედოს გაზსადენი, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ სისტემას ევროპის ენერგეტიკულ სისტემასთან აკავშირებს. თუმცა, სავსებით შესაძლებელია სლოვაკეთმა სხვა ქვეყნებიდან მიიღოს დახმარება."
კითხვაზე ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნის შემთხვევაში, ჩაერევა თუ არა კრემლი სლოვაკეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს:
„კრემლი ბოლომდე ეცდება ფიცოს ხელისუფლებაში დატოვებას. მგონია, რომ რუსეთი შეეცდება ჩაერიოს არჩევნებში, როგორც მოიქცა რუმინეთის შემთხვევაში, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გააუქმა. თუნდაც მონტენეგროს არჩევნების მაგალითი, რუსეთი იმ პოლიტიკურ ძალას უჭერდა მხარს, რომელიც მონტენეგროს ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა. ასე რომ, რუსეთს ექნება მცდელობა, რომ თავისი კანდიდატურები გაიყვანოს სლოვაკეთში, რათა ევროკავშირის ფარგლებში მას ჰქონდეს დასაყრდენი. თუმცა ვფიქრობ, დღეს რუსეთს მაინც მცირე რესურსები აქვს, რადგან სლოვაკეთში უკმაყოფილება ძალიან გაზრდილია," - დასძინა ჩიტაძემ.