
სლოვაკეთის პრემიერმა უსაფრთხოების საბჭო მოიწვია. უკრაინის საგარეო უწყება რობერტ ფიცოს გადაწყვეტილებას სლოვაკეთის მოსახლეობის დაშინებისა და ამომრჩევლის კონსოლიდაციის მცდელობად აცხადებს. არის თუ არა სლოვაკეთში სახელმწიფოს გადატრიალების საფრთხე და ჩატარდება თუ არა ვადამდელი არჩევნები?
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ სპეცსამსახურებმა სახელმწიფოს გადატრიალების შესახებ გააფრთხილეს. ფიცო ირწმუნება, რომ ხელისუფლების დამხობის კანონიერი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ქუჩაში დემონსტრაციებსა და ადმინისტრაციულ შენობებში შეჭრას, სხვა ქვეყნების გამოცდილი მოდელზე დაყრდნობით არის შემუშავებული.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა ფიცოს გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭოს მოწვევასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სლოვაკეთის პრემიერი მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების დაშინებას.
„ვფიქრობ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარ ქმედებებს, რომლებიც აღაშფოთებს ხალხს მის ქვეყანაში, და გააანალიზოს, რატომ ხდება ეს", - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
რობერტ ფიცომ საჯაროდ განაცხადა, რომ სლოვაკეთში არსებობს სხვადასხვა წყაროდან დაფინანსებული ე.წ. ექსპერტების ჯგუფი, რომლებიც ქვეყანაში პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად. აღნიშნა, რომ ეს იგივე წყაროებია, რომლებიც უკრაინის მაიდანში მონაწილეობდნენ, ახლა კი საქართველოში მიმდინარე პროცესებში არიან ჩართულები და მსგავსი სცენარის განხორციელებას გეგმავდნენ.
„მეჩვენება, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა უბრალოდ კარადიდან გამოიღო რაღაც, რაც დიდი ხანია გაფუჭდა, და ჩემი აზრით, მსგავსი რამის საჯაროდ გამოყენება ულამაზო საქციელია", - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ ფიცოსთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის სხდომაზე 21 იანვარსაც უნდა განეხილათ, თუმცა ოპოზიციამ წინადადება გაიწვია და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მოგვიანებით, ფიცომ სხდომა დახურა და მიზეზად „სპეცსამსახურების საიდუმლო მოხსენება" დაასახელა, რომელიც დეპუტატებისთვის უნდა წარედგინა.
„რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია საუბრობს ფიცოს პოზიციების სისუსტეზე.
„ფიცო კლასიკური პოპულისტია, მას სურს, რომ შექმნას საგარეო მტრების სურათი, თითქოს მას ერჩიან, და სურს შეინარჩუნოს ძალაუფლება. იქნება თუ არა გადატრიალება, არაფერია გამორიცხული. ფიცო თავიდანვე გამოირჩეოდა ავტოკრატიული რიტორიკით, რუსული ორიენტაციით. დღეს სლოვაკეთში დემოკრატიული პოზიციები გამყარებულია, ამიტომ სავსებით შესაძლებელია სლოვაკმა ხალხმა, სლოვაკეთის დემოკრატიამ და ოპოზიციურმა ძალებმა დაიხსნას ფიცოს ავტოკრატიისგან, ეს უფრო რეალურია. თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, ის მაინც ვერ გაიმარჯვებს, მისი ანტიდასავლური რიტორიკით, არა მგონია სლოვაკი ხალხის მხარდაჭერა დაიმსახუროს. ჩვენ გვახსოვს, ის იყო ხელისუფლებაში, ჩვეულებრივი პოპულისტია".
კითხვაზე, რატომ სურს ფიცოს მსოფლიოს დაანახოს, რომ გარე ძალები სახელმწიფოში დესტაბილიზაციას ცდილობენ, მაისაია გვპასუხობს: „რომ მხოლოდ ასე შეძლებს შეინარჩუნოს ძალაუფლება".
„მას ოპოზიციამაც და მოსახლეობამაც მოუწყო დიდი ანტიფიცოსეული მანიფესტაცია, ეს იყო მისი გაფრთხილება, მაგრამ ფიცო მაინც არ იშლის... და თუ არ იშლის, მიიღებს კიდეც პასუხს", - აღნიშნა მაისაიამ.
კითხვაზე, რა როლი აქვს მიმდინარე პროცესებში რუსეთს, როგორც გარე მოთამაშეს, მაისაია გვპასუხობს, რომ რუსეთი ბოლომდე შეეცდება ფიცოს პოზიციების დაცვას. „იქნება ეს ჰიბრიდული ომი თუ კიბერომი. რუსეთი შეეცდება ფიცო ორბანთან ერთად გახადოს ევროკავშირის ინტეგრაციის შემაფერხებელი ქვაკუთხედი. ფიცოს რიტორიკა ე.წ. ექსპერტთა ჯგუფებზე, რომლებიც ახსენა უკრაინის მაიდნისა და საქართველოს კონტექსტშიც, სრულიად ეხმიანება რუსულ რიტორიკას, დაახლოებით იმას, რასაც დღეს „ქართული ოცნების" ლიდერები გვიყვებიან. ფიცო, კობახიძე და ორბანი თავისუფლად შეგვიძლია მოვაქციოთ ერთ ჯგუფში - „კრემლის პოლიტიკური მარიონეტები"".