მარიამ ვეკუა
26.01.2025

რუსეთ-უკრაინის ომი სწრაფად დასრულდება, თუ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდება - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუბრობს და არც მალავს, რომ ნავთობის გაიაფებისათვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, რათა მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დაიყოლიოს. კრემლში მოვლენების ასეთ სცენარს სკეპტიკურად აფასებენ. შეწყდება თუ არა ეკონომიკური წნეხით ომი უკრაინაში და რა როგორი იქნება ამ საკითზე ოპეკის წევრი სახელმწიფოების პოზიცია?

ამჟამად ნავთობის ფასი ბარელზე დაახლოებით 80 დოლარია მსოფლიოში (ტრამპის გამოსვლის შემდეგ 1 დოლარით დაეცა). შესაბამისად, რუსეთს შესაძლებლობა აქვს თავისი ნავთობის გაყიდვით ბიუჯეტი შეავსოს და ომის გააგრძელოს. დონალდ ტრამპის აზრით, რუსეთ-უკრაინის სამწლიანი ომის დასრულების ერთადერთი გზაა „ნავთობის მიზანში ამოღება". მისი თქმით, კრემლი ომის დაფინანსებას ვეღარ შეძლებს, თუ ნავთობზე ფასი შემცირდება, რადგან რუსეთის ბიუჯეტი სწორედ ენერგორესურსის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალზე დგას.

მისაღები იქნება თუ არა ეს ოპეკის წევრი სახელმწიფოებისთვის, თუ ეს მათ შემოსავალზეც ნეგატიურად აისახება? აღსანიშნავია, რომ ოპეკის პოლიტიკაზე დიდი გავლენა აქვს საუდის არაბეთსა და რუსეთის ფედერაციას.

რუსეთსა და უკრაინაში ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი ქეთ კილოგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ერთადერთი გზა რუსეთზე ზეწოლა და ნავთობის ფასის დაწევაა.

„რუსეთი ნავთობის გაყიდვით მილიარდობით დოლარს იღებს. რა მოხდება, თუ ეს ფასი 45 დოლარამდე ჩამოვა?" - განაცხადა კილოგმა.

იგი ხაზს უსვამს, რომ ტრამპი ეკონომიკას უწოდებს „ომს მშვიდობის დროს" და მიიჩნევს, რომ სამხედრო გზა ომს ვერასდროს დაასრულებს. საჭიროა ეკონომიკური და დიპლომატიური გზების გამოყენება.

„პრეზიდენტი ომს ეკონომიკურად უდგება და დიდ ყურადღებას აქცევს დიპლომატიას, ელაპარაკება ჩრდილოეთ კორეელებს და ელაპარაკება ჩინელებს. მხოლოდ ასე დავასრულებთ ამ ომს," - განაცხადა კილოგმა.

„ბლუმბერგის" ცნობით, რუსეთზე ზეწოლის მიზნით, ტრამპის გუნდი რუსულ ნავთობზე სანქციების გეგმას ამზადებს.

მოსკოვში კი მიიჩნევენ, რომ ტრამპის მუქარა კონტრპროდუქტიულია. როგორც კრემლის პრესპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ომი უკრაინაში და ნავთობის ფასები არანაირ კავშირში არაა ერთმანეთთან და შესაბამისა, ნავთობის გაიაფება ომის მსვლელობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

დასავლური მედიის ცნობით, დონალდ ტრამპმა ვერ შეძლო კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინის დათანხმება უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებზე. ამიტომ რუსეთზე ზეწოლის მიზნით, დახმარებისთვის საუდის არაბეთს მიმართავს.

პუტინმა კი 24 იანვარსაც გაიმეორა, რომ მზადაა „მშვიდად სასაუბროდ" შეხვდეს ტრამპს.

„რეზონანსთან" ამ თემაზე საუბრისას ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე ამბობს, რომ აშშ-ს შეუძლია დიდი ცვლილებები დაატრიალოს ნავთობის ბაზარზე ბაზარზე.

„რუსეთის შემოსავალი ომამდე იყო 280 მილიარდი ამერიკული დოლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს რუსული ეკონომიკა მეტწილად დგას ნავთობიდან შემოსულ ფულზე. ამიტომ ნავთობზე ფასის დაგდება რუსეთს უზარმაზარ ზიანს მიაყენებს:

„ახლა ომის შეწყვეტა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ამ ნებაზე მოქმედებს ეკონომიკური მდგომარეობა, როცა სახელმწიფოებს აღარ შესწევს უნარი, რომ აქტიურად აწარმოოს საბრძოლო მოქმედებები ქვეყნის გარეთ. ეს გვაფიქრებინებს, რომ რუსეთის შესაძლებლობები რადიკალურად შემცირდება."

კითხვაზე, რამდენად დათანხმდება ოპეკი ტრამპის ინიციატივას, თუნდაც პირადი მოგების ხარჯზე, კობერიძე პასუხობს, რომ ოპეკის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგობის მიუხედავად აშშ-ს „აქვს თავისი კარტი, რომლითაც შეძლებს თამაშს".

„ოპეკში არის ისეთი წევრები, როგორიც საუდის არაბეთია. ამერიკამ შეუძლია საკუთარი ნავთობის რეზერვები გახსნას და ჭარბად მიწოდოს ბაზრებს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ბაზარზე ნავთობის ფასის ვარდნას. თუმცა ამას თან ახლავს ლოკალური მნიშვნელოვანი ამბავი - ახლო აღმოსავლეთში ოპეკის წევრ ქვეყნებს არ აქვთ ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება. შესაბამისად, ამერიკამ შესაძლოა გარკვეული სამხედრო-სავაჭრო კუთხით ზეწოლა მოახდინოს იმავე არაბულ ქვეყნებზე. ასე რომ, თეორიულად, თუ ამერიკას სურვილი აქვს, რა თქმა უნდა, შეუძლია საკამოდ მკვეთრი ცვლილებები მოახდინოს ბაზარზე.

„რეალურად რუსულ ეკონომიკას თუ რამე დაარტყამს, ნავთობის 50%-ით გაიაფებაა, მაგრამ ეს რთულ პროცესთან არის დაკავშირებული.

„ჩინეთს მოქმედების შედარებით მცირე თავისუფლება აქვს, რადგან ყურადღება რუსეთსა და უკრაინაზეა. შესაბამისად, ტრამპის მოწოდების მიუხედავად, მე არ მგონია, რომ ჩინეთმა ხელი შეუწყოს უკრაინაში ომის დასრულებას. უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთი ეკონომიკურად ჩინეთს ჩამოეკიდა. გამოდის, რომ ჩინეთი ახლა სარგებლობს რუსულ რესურსებით, ომის დროსაც მინიმალურ, საბითუმო ფასებში ყიდულობს მათ. შესაბამისად, არც ჩინეთს აწყობს, რომ რუსეთმა ამოისუნთქოს.

„თუკი ვინმეს ომის გაგრძელება სამხედრო-ეკონომიკური თვალსაზრისით სურს, ეს სწორედ ჩინეთია. ასე რომ, მოწოდებების მიუხედავად, არ მგონია მან დამოკიდებულება შეცვალოს," - განაცხადა კობერიძემ.

მან ტრამპისა და პუტინის შესაძლო შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელმაც შესაძლოა დაასრულოს ომი უკრაინაში.

„მე მალე სიტუაციის გადაჭრას არ ველი. ამ ომის იმ სცენარით განვითარების შემთხვევაში, თუკი უკრაინამ ტერიტორია დაკარგა დე იურედ, ეს უკვე მიანიშნებს, რომ არსებული სამართლებრივი წესრიგის საბოლოო დასამარების ნიშანი იქნება, რისი შანსიც მინიმალურია. დასავლეთი ამაზე რუსეთს არ დათანხმდება და რუსეთიც ნაკლებად არ ითხოვს. ამიტომ დაველოდოთ..."

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×