
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მზადაა უკრაინასთან ომის თემაზე მოლაპარაკებისთვის, თუმცა, არა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რადგან, თვლის, რომ ზელენსკი „არალეგიტიმურ ორგანოს"წარმოადგენს. უკრაინის პრეზიდენტმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ პუტინის მიზანი მსოფლიოს დანგრევაა და რეალური მოლაპარაკების ჩასაშლელად ყველაფერს აკეთებს.
„ნებისმიერთან შეგვიძლია მოლაპარაკება, მაგრამ ზელენსკისთან არა, მისი არალეგიტიმურობის გამო, მას არა აქვს უფლება მოაწეროს რამეს," - ამის შესახებ კრემლის ლიდერმა რუს ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა. პუტინმა ხაზგასმით თქვა, რომ საკითხი დოკუმენტების საბოლოო ხელმოწერას ეხება.
„ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, რომელიც უნდა იყოს გარანტირებული როგორც უკრაინის, სხვათა შორის, ასევე რუსეთის უსაფრთხოების სერიოზული გრძელვადიანი ისტორიული პერსპექტივისთვის. მაგრამ, კონსტიტუციის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტს, თუნდაც საომარი მდგომარეობის პირობებში, არ აქვს უფლება გააგრძელოს თავისი უფლებამოსილება," - განაცხადა რუსეთის პრეზიდეტნმა.
„მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოს, მხოლოდ რადას აქვს უფლება გააფართოვოს თავისი უფლებამოსილება," - განაგრძო მან.
რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ თუ მოლაპარაკებები ახლა დაიწყება, ისინი არალეგიტიმური იქნება, რუსეთი კი ბოლომდე შეეცდება საერთო ენის გამონახვისთვის შესაბამისი პირობების მოძებნას, მაგრამ, ეს „არცერთი წუთით არ შეეხება დოკუმენტებზე ხელმოწერებს".
„თუკი არსებობს სურვილი, ნებისმიერი სამართლებრივი საკითხი შეიძლება დაიხუროს. ჯერჯერობით, ჩვენ უბრალოდ ვერ ვხედავთ ასეთ სურვილს," - განაცხადა პუტინმა.
უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კრემლის ერთადერთი მიზანი ომის გაჭიანურება და მოლაპარაკებების თავიდან აცილებაა. ზელენსკი ამბობს, რომ პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეშინია მოლაპარაკებების.
„პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეშინია მოლაპარაკებების, ეშინია ძლიერი ლიდერების და ყველაფერს აკეთებს ომის გასახანგრძლივებლად. მისი ყოველი ნაბიჯი და ყველა მისი ცინიკური ხრიკი მიზნად ისახავს ომის გაგრძელებას. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს რეალური მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობა, მაგრამ, ეს არის პუტინი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ან მშვიდობის ნაცვლად ფართომასშტაბიანი მკვლელობა განაგრძოს, ან მიიღოს პაუზა, რათა შემდგომში, ჰიბრიდული დარტყმების განხორციელებით, მოემზადოს ახალი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციებისთვის," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ მოუწოდა მსოფლიოს ლიდერებს, გაითვალისწინონ წარსულის შეცდომები და გააერთიანონ ძალისხმევა, რათა აიძულოს რუსეთი „დათანხმდეს მშვიდობას". მისი თქმით, პუტინი იყენებს თავის შესაძლებლობებს მსოფლიოს დასანგრევად, მაგრამ არ აქვს გამბედაობა, წინააღმდეგობა გაუწიოს ძლიერ და შეთანხმებულ ზეწოლას.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 4 ოქტომბერს ზელენსკიმ აამოქმედა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან, მოლაპარაკების შეუძლებლობის შესახებ.
2025 წლის 24 იანვარს პუტინმა გამოაცხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის სურვილი „მოსკოვისა და ვაშინგტონისთვის საინტერესო საკითხების განსახილველად". ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების შესაძლებლობის კონტექსტში.
2025 წლის 28 იანვარს, რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა, უპასუხა შეკითხვას, კვლავ განაცხადა, რომ მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის და შეეძლო „აერჩია ხალხი", ვინც ჩაატარებდა ამ მოლაპარაკებებს.
ექსპერტი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ უახლოეს თვეებში არ შედგება უკრაინასა და რუსეთს შორის რაიმე სახის მოლაპარაკება.
„პუტინის გუშინდელი განცხადებიდან, ვფიქრობ, თავს იფასებს, ყოველ შემთხვევაში ცდილობს, მას შესთავაზონ უფრო მომგებიანი პირობები, რომელსაც ის დასთანხმდება. ეტყობა, შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებული წინადადება, რომელიც ჩვენთვის ღიად არაა ცნობილი, არაა რუსეთისთვის მისაღები და ეძებს მიზეზებს დაბლოკოს მოლაპარაკებები.
„ორივე მხარე, რუსეთიც და უკრაინაც, დღეს ძალიან გამოფიტულია. მიუხედავად ამისა, რუსეთი წინსვლას, მცირედ, მაგრამ მაინც აგრძელებს. რუსეთი აგრძელებს ნავთობის ცენტრებისა და შტაბების დაბომბვას. არ ჩნდება რეალურად პერსპექტივა, რომ მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინას გააჩნია რესურსი-ჯარისკაცების რაოდენობა, რომ რუსეთს შესაბამისი წინააღმდეგობა გაუწიოს. ჯერჯერობით ზელენსკი ფეხს ითრევს გამოაცხადოს საყოველთაო მობილიზაცია, თუმცა, ასაკობრივი ზღვარით - 26 წლამდე არ იწვევენ, რაც ქმნის ჯარისკაცების რაოდენობას. თუმცა, შეიარაღებით რუსეთი ჯერ სჯობნის უკრაინას.
კითხვაზე რა ვითარებაა დღეს რუსეთში, რამდენად მომგებიანია მისთვის მოლაპარაკებების დაწყება,გოგოლაშვილი გვპასუხობს: „რუსეთს ძალიან მალე დასჭირდება ჯარისკაცების მობილიზაცია. ამას ემატება ეკონომიკური პრობლემები. შესაბამისად, მათ არც სურვილი აქვთ და არც შესაძლებლობა, ახალ ესკალაციაზე გადასასვლელად. ამიტომ აპრილ-მაისამდე, ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, იქნება თუ არა შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის.
გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ ამერიკული ნავთობის ევროპისკენ გამოშვება რუსეთს დიდ პრობლემებს მოუტანს, რამაც შესაძლოა უკრაინისა და რუსეთის პოზიციები გაათანაბროს.
„შესაძლებელია, რომ იყოს ოპეკში წინააღმდეგობები, თუმცა ამერიკას დღეს აქვს შესაძლებლობა თავად დააგდოს ნავთობზე ფასები, თუმცა ეს მყისიერად ვერ მოხდება, რადგან ამ პროცესებს 2-3 თვე მაინც სჭირდება," - განაცხადა გოგოლაშვილმა.