
აშშ-ის მიერ საგარეო დახმარების სამი თვით შეჩერება უკრაინასაც შეეხო. სახელმწიფო დეპარტამენტის განკარგულება სამხედრო და თავდაცვით სფეროსაც ეხება. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევი შიდა რესურსებს მოიძიებს. რა რესურსებზეა საუბარი და აისახება თუ არა აშშ-ს დაფინანსების 90-დღიანი შეფერხება უშალოდ ფრონტზე?
უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის აპრილში, 7-თვიანი პაუზისა და ყოყმანის შემდეგ, კონგრესმა უკრაინისთვის ახალი, 61 მილიარდ დოლარიანი პაკეტის გამოყოფას დაუჭირა მხარი, ხოლო ეს შეფერხება ფრონტზე უკრაინისათვის განსაკუთრებით ნეგატიურად აისახა.
როგორც საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, უკრაინისათვის დაფინანსების გაყინვა, შესაძლოა, მინიმუმ ორი მიზეზი ჰქონდეს. ერთის მხრივ დონალდ ტრამპს სურს სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ წაიყვანოს პროცესი და მეორეს მხრივ კი აუდიტის ჩატარებას აპირებს და სურს გაარკვიოს სად მიდიოდა დაფინანსება, სადაც შესაძლოა კორუფცულ სქემებზეც იყოს ეჭვი.
მისივე თქმით, უკრაინას სხვა რესურსებიც აქვს, მათ შორის ნატოს წვერი ევროპული ქვეყნებიდან და თუ შეტევა გახდა საჭირო, ამის საშუალებასაც გამოძებნის, 6 თვე მაინც არ გაუჭირდება ფრონტზე.
რაც შეეხება ფრონტზე დღეს არსებულ სიტუაციას, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ უკრაინამ ყველა რისკის შემცველ ზონაში სიტუაციის დასტაბილურება შეძლო და ახლა პოზიციური ბრძოლებია.
რას აცხადებენ ვაშინგტონსა და კიევში
„ნიუ იორკ თაიმსი" წერს, რომ ორმა დემოკრატმა კონგრესმენმა - გრეგორი მიქსმა და ლოის ფრენკელმა წერილი გაუგზავნეს სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინელების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება დახმარების შეჩერების გამო.
წყაროს ცნობით, სამხედრო დახმარების პროგრამების უმრავლესობის შეწყვეტის ბრძანება ეხება უკრაინისთვის, ტაივანისთვის და იორდანისთვის განკუთვნილ დახმარებებს, რადგან მათ დიდ ნაწილს სახელმწიფო დეპარტამენტი ანაწილებს. ამავე ინფორმაციით, სამთვიანი გაყინვა არ ემუქრება ისრაელისა და ეგვიპტის სამხედრო მხარდაჭერას.
დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრეი კოვალენკომ აღნიშნა, რომ „აშშ-ის სამხედრო დახმარება უკრაინაში გრძელდება ადრე მიღებული სამხედრო დახმარების პაკეტების მიხედვით".
„ვაშინგტონ პოსტი" კი წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ბრძანებით, აშშ „სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების, სამედიცინო მომსახურების, საკვების, თავშესაფრისა და სხვა ადმინისტრაციული ხარჯების უზრუნველყოფისთვის" მიმართული ჰუმანიტარული პროგრამების დაფინანსებას გააგრძელებს.
რაც შეეხება უკრაინის პოზიციას, პრეზიდენტი ზელენსკი შიდა რესურსების მოძიებაზე საუბრობს.
„იყო პირველადი მოხსენება ოფიციალური პირებისა და ოფისის გუნდისგან კრიტიკულად მნიშვნელოვან პროგრამებზე, რომლებიც ახლა შეჩერებულია, მაგრამ ადრე ფინანსდებოდა ამერიკის მხარდაჭერით. დავავალე რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმის ჩვენი შიდა რესურსების გამოყენებით გაგრძელება და ასევე ევროპელებთან საუბარი. ასევე დავავალე გაგრძელდეს ამერიკის შეერთებული შტატების შეჩერებული დახმარების აუდიტი და სწორედ ჰუმანიტარულ, უსაფრთხოების და სოციალურ სფეროებში უნდა იყოს მეტი აქტივობა ჩვენგან და ევროპისგან. ასე რომ, ახლა, სანამ ახალი ამერიკული პოლიტიკა მუშავდება, ჩვენ დავეხმარებით ხალხს", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ეს ასევე მოიცავს პროგრამებს სასაზღვრო გამშვები პუნქტებისთვის.
„ეს არის ის, რაც აშენდა პარტნიორებთან თანამშრომლობით. ახალი თანამედროვე გამშვები პუნქტები იმისთვის, რომ ეკონომიკური აქტივობა უფრო სწრაფი იყოს და მებაჟეების მუშაობა უფრო გამჭვირვალე. კერძოდ, ეს არის პროექტები პორტებში", - აღნიშნა ზელენსკიმ.
აისახება თუ არა დახმარების გაყინვა უკრაინის ფრონტზე
ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დაფინანსების გაყინვას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის დაწყების ტრამპისეული გეგმა.
„უკრაინისთვის დაფინანსების გაყინვა, ჩემი აზრით, ერთი ვერსიით ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას უკავშირდება. მან ეს ინფორმაცია კი გაახმოვანა, მაგრამ კონკრეტულ შინაარსზე არ უსაუბრია. თუ დაიწყება მოლაპარაკებები ტრამპი-პუტინი, ტრამპი-ზელენსკი და შესაძლოა შუამავლის სახით ერდოღანიც ჩაერთოს და სი ძინპინიც, არ ვიცი რა ფორმატი იქნება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ამასთან იყოს კავშირში, რათა მოლაპარაკებისკენ უბიძგოს (ზელენსკის).
„მეორე ვარიანტი - ტრამპს სურს გაერკვეს, სად მიდიოდა კონკრეტული ფინანსები, უკრაინას საკმაოდ დიდი პაკეტი მიეწოდებოდა და შესაძლოა ამის აუდიტის ჩატარებას აპირებს. შესაძლოა გააუმჯობესოს კიდეც დახმარება და შესაძლოა კორუფციული სქემებიც გამოავლინოს. ტრამპი ბიზნესმენია, ფულის თვლა კარგად იცის და თითო ცენტს სწორ მიმართულებას მისცემს.
„უკრაინას ამ სამი თვის განმავლობაში, ჩემი აზრით, ფრონტზე პრობლემა არ შეექმნება. მას გარკვეულწილად ფინანსური საშუალებები აქვს, რომ ამ დროში რუს ოკუპანტებს წინააღმდეგობა გაუწიოს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ისრაელმაც გაუწია დახმარება და მიაწოდა რუსული იარაღი, რომელიც მან „ჰამასის" განადგურებული ბაზებიდან ჩაიგდო ხელში და ეს რამდენად მართალია, არ ვიცი.
„ევროკავშიც ახორციელებს უკრაინის ფინანსურ დახმარებას და არ შეუჩერებია. ბაიდენის ადმინისტრაციამაც ახლახანს გაუწია სოლიდური სამხედრო დახმარება. რესურსები უკრაინას სამი თვე გასწვდება, თან ახლა ზამთარია და საბრძოლო მოქმედებები არც ისეთი ინტენსიურია. როდესაც წავა აქტიური ბრძოლების სეზონი, მაშინ უკვე ჩამოყალიბებული იქნება ტრამპის ადმინისტრაცია.
„ახლა ფრონტის ხაზზე რაიმე კარდინალური ცვლილებები არ მომხდარა. პოზიციური ბრძოლები მიდის. უკრაინამ შეძლო ვითარების სტაბილიზრება, მათ შორის დონეცკში - იმ საშიშ გარღვევებშიც კი, მათ რუსებისთვის ინიციატივის წართმევა მოახერხეს და საბრძოლო მოქმედებები თანაბარი პოზიციური ბრძოლების ფორმატში გადაიყვანეს.
„უკრაინას იარაღის მარაგები და საჭირო საბრძოლო მასალა აქვს, რითაც შეუძლია ნახევარი წლის განმავლობაში მაინც გაუწიოს რუსებს წინააღმდეგობა. თუ შეტევა გახდა საჭირო, ამის საშუალებაც არის. ის კი არა, კურსკის რეგიონში შეტევისას არავითარი პრობლემები არ შექმნიათ.
„აშშ-ის გარდა, უკრაინას ეხმარება ბრიტანეთი, გერმანია, ევროპული სხვა სახელმწიფოები, დანიამაც გამოუყო საკმაოდ სერიოზული თანხა, ასევე შვედეთმა, პოლონეთმა. ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფოები მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".