ნატალია ჯვარიძე
31.01.2025

სლოვაკეთის ხელისუფლება უკრაინაში მებრძოლი „ქართულ ლეგიონის" მეთაურს, მამუკა მამულაშვილს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. ანალიტიკოსები მამულაშვილის მონაწილეობას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ფიცოს და პუტინის შეხვედრა ამ ამბავთან შესაძლოა კავშირში იყოს.

„ეს არის რუსული პროპოგანდისტული ნარატივი და ამას არაფერი საერთო არ აქვს რეალობასთან. ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ფიცოს განცხადება მოსკოვში მის ვიზიტს, როდესაც პუტინს შეხვდა", - უთხრა „რეზონანსს" კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ.

სლოვაკეთის შს მინისტრის, მატუს შუტაი ეშტოკის განცხადებით, ქვეყანაში შესვლა კიდევ 10 პირს აეკრძალა. მათი რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

რუსული მედიის ინფორმაციით, სლოვაკეთის პრემიერმა, რობერტ ფიცომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებული „ქართული ლეგიონი" სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებაში მონაწილეობს.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შემიძლია დავადასტურო, რომ სლოვაკეთში აქციების ორგანიზების უკან, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ქართული ეროვნული ლეგიონი დგას. ეს არის სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც უკრაინის არმიის ნაწილია", - განაცხადა ფიცომ.

მედიის ინფორმაციით, რობერტ ფიცომ პრესკონფერენციაზე აჩვენა ფოტო, რომელზეც მამუკა მამულაშვილთან ერთად არიან „ინიციატივა - მშვიდობა უკრაინისთვის" წარმომადგენელი ლუსი შტასელოვა და სლოვაკური გამოცემის, Denník N-ის კომენტატორი მარტინ მ. შიმეჩკა.

ფიცოს განცხადებას გამოეხმაურა, „ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი: „ეს განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი დანაყოფის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა, რომელიც 2014 წლიდან უკრაინის გვერდით იბრძვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ,"

სლოვაკეთის დაზვერვის სამსახურის მტკიცებით, დადასტურდა „ქართული ლეგიონის" პირადი და ეკონომიკური კავშირები საჯარო სექტორსა და ოპოზიციასთან. შექმნილი იყო სპეციალიზებული ჯგუფი, რომელშიც, გარდა „ფარული თანამშრომლებისა, შედიოდნენ პოლიციისა და ფინანსური ადმინისტრაციის თანამშრომლები".

„დღეს უკვე შეგვიძლია, ეჭვი გამოვთქვათ, რომ, შესაძლოა, ჩადენილია ისეთი ტიპის დანაშაული, როგორიცაა სუბსიდიებთან დაკავშირებული თაღლითობა", - განაცხადა პაველ გასპარმა, დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელმა.

ვახტანგ მაისაიას შეფასებით, „ქართულ ლეგიონს" სლოვაკეთში მიმდინარე პროცესებთან საერთო არაფერი აქვს და ეს ყველაფერი მისთვის ზიანის მიყენებას ემსახურება.

„როგორც ყოველთვის ეს არის რუსული პროპოგანდისტული ნარატივი და ამას არაფერი საერთო არ აქვს რეალობასთან. „ქართულ ლეგიონს" თავისი მიზანი და ამოცანები აქვს, ისინი არ ერევიან პოლიტიკურ არც ერთ პროცესში, მითუმეტეს სლოვაკეთში. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი კრემლის ნარატივია. ფიცოს კავშირები პუტინთან, მგონი, ისედაც გასაგებია. ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ფიცოს განცხადება მისი მოსკოვში ვიზიტს, როდესაც პუტინს შეხვდა. თან აღსანიშნავია ისიც, რომ „ქართული ლეგიონი" რუსულ სპეცსამსახურებს ტერორისტულ ორგანიზაციად აქვთ გამოცხადებული და ყველანაირად ცდილობენ მიაყენონ როგორც საიმიჯო რეპუტაციული ზიანი, ასევე რეალური ფიზიკურიც კი. როგორც ჩანს ეს არის ფსიქოლოგიური ომის ერთ-ერთი მეთოდი", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×