
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიციაა, რომ ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს და დასრულდეს მოლაპარაკებებით, მაგრამ ნებისმიერი მოლაპარაკება ორივე მხრიდან დათმობებს გულისხმობს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ყველაზე ლოგიკური ვარიანტი ტერიტორიების გაცვლა იქნება, თუმცაб მათივე თქმით, მაინც საეჭვოა ომში ჩართული მხარეები ამ ეტაპზე მხარეები მოლაპარაკებისთვის მზად იყვნენ.
„შეიძლება რუბიოს ჰქონდეს ასეთი ვარიანტი - ანუ, კურსკის ოლქი გაიცვალოს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებში და აღდგეს ის სტატუსკო, რაც 2022 წლამდე იყო. ოღონდ აქ არ ითვლება ყირიმი, რადგან მეეჭვება პუტინი ამაზე წავიდეს“, - განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა, ვახტანგ მაისაიამ ამ თემაზე „რეზონანსთან“ საუბრისას.
მარკო რუბიომ კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნის ლიდერია ყველაზე დიდი დაბრკოლება სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, უპასუხა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის და რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს საკუთარი შიდა ინტერესები აქვთ.
„წარმოიდგინეთ, რომ უკრაინელი ხართ, რუსებმა ამდენი ტანჯვა მოგაყენეს და ახლა მათ უფლებას მისცემთ თქვენი მიწები დაიტოვონ? ვგულისხმობ, რომ უკრაინაში ხალხი განაწყენდება ამის გამო და ეს გასაგებია“, - აღნიშნა რუბიომ.
ამასთან, მისი თქმით, ამ ომში ორივე მხარე მძიმე ფასს იხდის და როგორც უკრაინა ასევე რუსეთი დაინტერესებული არიან ომის დასრულებით.
„ეს ომი არ დასრულდება ერთ-ერთი მხარის მიერ მაქსიმალისტური მიზნების მიღწევით და ბევრი სამუშაო იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობ, მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეუძლია ეს პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით. ეს ადვილი არ იქნება და ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ვიცი, რომ მას (ტრამპს) მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამას მიაღწიოს“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
ვახტანგ მაისაიას აზრით, ჯერჯერობით არცერთი მხარე არ არის მზად რაიმეს დათმობისათვის, განსაკუთრებით კი რუსეთი, რადგანაც კრემლის შედარებით ლიბერალუად განწყობილი წარმომადგენლებიც კი ამ ეტაპზე ომის შეჩერებას გაუმართლებლად მიიჩნევენ.
„ამ ეტაპზე, რასაც მე ვუყურებ, არც ზელენსკის და არც პუტინს ტერიტორიების დათმობის სურვილი არ გააჩნიათ და როგორც ჩანს, არც უფლება. ტერიტორიების დათმობას მათი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში მყოფი აქტორები ვერ გაუგებენ. შეიძლება რუბიოს ჰქონდეს ასეთი ვარიანტი - კურსკის ოლქი გაიცვალოს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებში და აღდგეს ის სტატუსკო, რაც 2022 წლამდე იყო. ოღონდ აქ არ ითვლება ყირიმი, რადგან მეეჭვება პუტინი ამაზე წავიდეს. მან აქეთ თქვა, რომ ეს არის რუსეთის წითელი ხაზი და მათ რუსეთის ძველი ტერიტორია დაიბრუნეს. თან ეს ომის დაწყებამდე მოხდა და პუტინი თვლის, რომ მან რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძულო დაუბრუნა. ასე რომ, რუსეთის მხრიდან ყირიმის დაბრუნებაზე ლაპარაკი ზედმეტია. უკრაინას ამ ტერიტორიის დაბრუნება მხოლოდ ძალის გამოყენებით შეუძლია, რადგან, ვინც არ უნდა ჩაეროს, ამას რუსეთი არ დათანხმდება.
„ერთი ვარიანტია, რომ ის სიტუაცია დაბრუნდეს, რაც ომამდე იყო, მაგრამ აქაც არის გარკვეული პრობლემები - ამ პერიოდში კურსკი უკრაინელების მიერ ოკუპირებული არ იყო და რუსეთის მიერ აზოვის ზღვის სანაპიროები, დონეცკის ტერიტორიების 30%, ლუგანსკის ასევე 30%, ხერსონის და ზაპოროჟიეს მხარე იყო ოკუპირებული. ამიტომ ერთი ლოგიკური ვერსია არის კურსკის დეოკუპაცია. ზელენსკიმ ისედაც თქვა, რომ კურსკის ოლქი არის მეორეხარისხოვანი და ეს ტერიტორიების გასაცვლელად გააკეთეს. ალბათ რუბიოს ამაზე აქვს საუბარი. თუმცაღა ამ ეტაპზე ამასაც ეჭვით ვუყურებ. თან რუსეთის პრემიერმა, მიხეილ მიშუსტინმა გუშინ განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია უნდა გაგრძელდეს და მერე ისიც დაამატა, რომ ტრამპის ქმედებები უფრო უარესია, ვიდრე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა.
„მიშუსტინი კრემლის კლანის გავლენიანი წარმომადგენელია, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. სხვათა შორის, ჩინელებს უნდათ, რომ ის პუტინის მემკვიდრე იყოს და ესეც საინტერესო ფაქტია. მიშუსტინიც კი, რომელიც ითვლება შედარებით ლიბერალური ტიპის პოლიტიკოსად, ომის დასრულების წინააღმდეგია:, - განაცხადა მაისაიამ.
იგი უშალოდ ფრონტზე შექმნილ ვითარებაზეც საუბრობს, სადაც, მისი შეფასებით, რუსებს გარკვეული წარმატებები აქვთ.
„ქალაქ პოკროვსკის ვარიანტი საშიშია, რადგან თუ რუსებმა ეს ტერიტორია დაიკავეს ფაქტობრივად, ისინი გადადიან დნეპროპეტროვსკის რეგიონში, ანუ მათ შეძლიათ პირდაპირ საფრთხე შეუქმნან დნიპროს, უკრაინის სიდიდით მესამე ქალაქს. თუ ეს მოხდა, უკრაინელების ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს.
„ბოლო მონაცემებით, როგორც მე ვიცი, რუსული ჯარი პოკროვსკის რეგიონს მიუახლოვდა. თუ აქამდე საქმე მივიდა, შეიძლება დნიპროს ვარიანტმა გადამწვეტი მნიშვნელობა იქონიოს. იმედი მაქვს ასე, არ მოხდება. პოკროვსკის ბრძოლებს ოპერატიულ-სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
„ამ ეტაპზე, არც ერთი მხარე ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არაა, რადგან ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულია ომის დასრულების შედეგები. ბუნებრივია, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რომ ომამდელი მდგომარეობა დაიბრუნოს და პუტინს კი იმდენად ღრმად აქვს შეტოპილი, რომ ომის შეჩერებით ხელისუფლებას დაკარგავს“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან“.