ნატალია ჯვარიძე
03.02.2025

„მოლაპარაკებები უკრაინასთან და რუსეთთან საკმაოდ კარგად მიმდინარეობს", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, თუმცა მას დეტალები არ დაუკონკრეტებია. მანამდე მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თუ რუსეთსა და უკრაინას ომის მოლაპარაკებების გზით დასრულება სურთ, ორივე მხარეს გარკვეულ დათმობაზე წასვლა მოუწევს.

„ჩვენ გვაქვს დაგეგმილი შეხვედრები და მოლაპარაკებები სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის უკრაინასთან და რუსეთთან და ვფიქრობ, რომ ეს დისკუსიები რეალურად საკმაოდ კარგად მიმდინარეობს", - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგმა „როიტერთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს უკრაინაში არჩევნების ჩატარება, პოტენციურად წლის ბოლომდე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კიევი შეძლებს რუსეთთან ზავის შეთანხმებას უახლოეს თვეებში.

„დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობა აქვს არჩევნები ომის დროს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ასე მოიქცნენ. ვფიქრობ, ეს კარგია დემოკრატიისთვის. ეს არის მყარი დემოკრატიის მშვენება", - აღნიშნა კიტ კელოგმა.

კიტ კელოგის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, დიმიტრო ლიტვინი ეხმაურება და აღნიშნავს, „თუ კიტ კელოგის გეგმა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა და არჩევნებია, ეს ჩავარდნილი გეგმაა - პუტინი მხოლოდ ამ ორი რამით არ შეშინდება".

„არ გვინახავს ბატონი კელოგის სრული ინტერვიუ, ჩვენ ვნახეთ მხოლოდ რამდენიმე ციტატა არჩევნების შესახებ, ამიტომ მისი პოზიციის სრულად შეფასება რთულია. მაგრამ თუ მისი გეგმა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა და არჩევნებია, ეს წარუმატებელი გეგმაა - პუტინი მხოლოდ ამ ორი რამით არ შეშინდება. მოსკოვი აგრძელებს რაკეტებისა და საბრძოლო წარმოების გაზრდას, სანქციების გვერდის ავლის ახალი გზების პოვნას და ნავთობიდან ფულის შოვნას. ცხადია, ყველა ეს იარაღი არ იქმნება დემოკრატიული მეზობლების პატივისცემის მიზნით. რუსეთის სამხედრო ალიანსი ჩრდილოეთ კორეასთან აშკარად არ არის ცეცხლის შეწყვეტის პატივისცემა", - წერს ლიტვინი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, უკრაინას სურს, მთავარი პარტნიორი ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა უფრო სიღრმისეული მიდგომა გამოიჩინონ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის ნიკა ჩიტაძის ვარაუდით, ამ ეტაპზე არცერთი მხარე დათმობაზე არ წავა. მისივე თქმით, შესაძლოა გეგმა იყოს ის, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან ჯარი გაიყვანოს, ყირიმის მის შემადგენელ ნაწილად აღიარების შემთხვევაში.

„ჩემი აზრით, არც ერთი მხარე დათმობაზე წასვლაზე არ დათანხმდება, რადგან აქ საუბარია უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე. ფაქტობრივად, ზელენსკიმ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის გეგმა უარყო.

"ტრამპს დეტალები არ დაუკონკრეტია, ხომ? შეიძლება აქ ლაპარაკი იყოს იმაზე, რომ რუსეთი დონეცკის და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ჯარს გაიყვანს, ოღონდ უკრაინამ ყირიმი რუსეთის შემადგენელ ნაწილად აღიაროს, რასაც დიდი ალბათობით, უკრაინა არ დათანხმდება.

კურკის ოლქის გაცვლა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებში ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ამაზე რუსეთი არ წავა, ვინაიდან რუსეთს უფრო მეტი ადგილი აქვს დაკავებული, ვიდრე კურსკია. ნუ, ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა.

ამ ეტაპზე მე მგონია, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევა და მისთვის უკეთესი წინაპირობები იქნება იმ დროს, როცა რუსეთი ეკონომიკურად უფრო მეტად დასუსტდება და თუ ტრამპის ადმინისტრაცია დამატებით ზომებს მიიღებს რუსეთის წინააღმდეგ, ეკონომიკური სანქციების გამკაცრების კუთხით.

კი აცხადებდა ტრამპი, ის ომს სწრაფად დაასრულებდა, თუმცა შესაძლოა აქ გარკვეულწილად ისიც იყოს, რომ მას სურს, თავისი საერთაშორისო პრესტიჟი აიმაღლოს და თქვან, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში ამერიკამ მთავარი როლი შეასრულაო", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსის გია აბაშიძის შეფასებით, პუტინს თავისი მოთხოვნები აქვს, რასაც მარტივად არ დათმობს.

„სამწუხარო რეალობაა და ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ მისი ობიექტური კრიტიკოსებიც კი ამბობობენ, რომ უკრაინაში ომი 24 საათში არ დასრულებულა, როდესაც ასეთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. რასაკვირველია, ეს სისხლისღვრა დასასრულებელია. ამ ბოლოს პუტინს საკმაოდ ცინიკური პასუხი ჰქონდა ჟურნალისტთან, როცა თავისი პრეტენზიები მოხაზა აღმოსავლეთ ევროპაში.

ძალიან ცუდადაა საქმე. მნიშვნელობა არ აქვს ზელენსკის გარემოცვა რას იტყვის, ფაქტია, რომ ერთ-ერთ ცინიკურ ინტერვიუში პუტინმა თქვა, რომ ეს არალეგიტიმური პრეზიდენტი არ აინტერესებს და მეორეც, მას აქვს თავისი მოთხოვნები.

ტრამპის წარმომადგენლები რა თქმა უნდა, საქმეში ჩართულები არიან, თუმცა, როგორ უნდა მოითოკოს პუტინის იმპერიალისტური ამბიციები, ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×