
აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პასუხზე „უფრო მეტი ორშაბათს გვეცოდინება". მანამდე, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა, აშშ-მა იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირველად ჩაიცვა საჯაროდ სამხედრო ფრომა და უკრაინის გენშტაბმა ოფიციალურად დაადასტურა უკრაინული ძალების კურსკის ოლქის ქალაქ სუჯადან გასვლა.
17 მარტს პუტინისგან უფრო მეტის გაგებას ელიან ანალიტიკოსებიც, თუმცა მაინც იმისკენ იხრებიან, რომ კრემლი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება. ამ შემთხვევაში ისინი ომი დიდხანს გაგრძლებასა და რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას პროგნოზირებენ. თუმცა, თეორიულად იმასაც უშვებენ, რომ პუტინი ზავს დათანხმდეს.
ამასობაში დონალდ ტრამპმა გენერალი კიტ კელოგი უკრაინაში აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა, რომელსაც უშუალოდ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ექნება შეხება. მანამდე კი, რუსეთის დაჟინებული მოთხოვნით, ის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთობლივი ჯგუფიდან გამოთიშეს და ტრამპმა ქვეყნებს ინდივიდუალურად დაუნიშნა მომლაპარაკებლები: უკრაინას - კელოგი, რუსეთთან კი სტივ უიტკოფი. 
რაც შეეხება კურსკის ოპერაციას, უკრაინის გენშტაბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქალაქი სუჯა დატოვეს. ორი დღის წინ პუტინი ირწმუნებოდა, რომ კურსკს ათასობით უკრაინელი ალყაში იყო და მათ ორი არჩევანი ჰქონდა - დანებებულიყვნენ, ან მომკვდარიყვნენ. ამასთანავე, რუსული მედიით გავრცელდა კადრები და ინფორმაცია, რომ პუტინი პირადად იმყოფებოდა კურსკის ოლქში, სადაც პირველად გამოჩნდა საჯაროდ სამხედრო ფორმაში.
ამის პარალელურად, უკრაინის მხარდაჭერის კუთხით ევროკავშირი აქტიურობს. საფრანგეთის პრეზიდენტრმა ემანუელ მაკრონმა დაუშვა უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთის სახელმწიფოების სამხედრო კონტინგენტის განლაგების შესაძლებლობა. საუბარია კიევზე, ოდესასა და ლვოვზე.
დარტყმა ჰუსიტებზე
16 მარტს აშშ-ს სახელწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა. თეთრი სახლის ინფორმაციით, მათ „განიხილეს საუდის არაბეთში ბოლო შეხვედრების შემდგომი ნაბიჯები და შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღდგენისთვის". 
მარკო რუბიომ სერგეი ლავროვს ასევე აცნობა ირანის მიერ მხარდაჭერილი, იემენელი მეამბოხეების, ჰუსიტების წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო შემაკავებელი ოპერაციების შესახებ და აღნიშნა, რომ აშშ არ მოითმენს წითელ ზღვაში მის სამხედრო და კომერციულ გემებზე ჰუსიტების თავდასხმებს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ აშშ-მა იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმების „გადამწყვეტი და ძლიერი" ტალღა დაიწყო და ამ გადაწყვეტილების მიზეზი „ჰუსიტების" მიერ წითელ ზღვაში აშშ-ის გემებზე თავდასხმებია. 
„ნუ დაემუქრებით ამერიკელ ხალხს, მათ პრეზიდენტს, რომელმაც მიიღო საპრეზიდენტო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მანდატი, ან მსოფლიოს ნაოსნობის მარშრუტებს. თუ ასე მოიქცევით, ფრთხილად იყავით, რადგან ამერიკა სრულად გაგებინებთ პასუხს. ვერცერთი ტერორისტული ძალა ვერ შეაჩერებს ამერიკულ კომერციულ და საზღვაო გემებს, რომ თავისუფლად იცურონ მსოფლიოს წყლის მარშუტებზე", - განაცხადა ტრამპმა.
„ჰუსიტების" ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა და 101 დაშავდა.
რომელ უკრაინულ ქალაქებში შევლენ ევროპული ნაწილები
გამოცემა „ლე პარიზიენის" კი წერს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთის სახელმწიფოების სამხედრო კონტიგენტების განლაგების გეგმაზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, პოტენციური კონტინგენტი შეიძლება შეადგენდეს რამდენიმე ათას სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც, უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური თხოვნის შემთხვევაში, ე.წ. „მსურველთა კოალიციაში" შემავალი ქვეყნები გაგზავნიან უკრაინაშ. 
მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ძალების მთავარი ამოცანა იქნება სასწავლო მისიების ჩატარება და კიევთან სოლიდარობის დემონსტრირება. მან ასევე დაასახელა ქალაქები, სადაც ეს ძალები შეიძლება განთავსდეს - კიევი, ოდესა და ლვოვი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ უკრაინაში სამშვიდობოების და ინსტრუქტორების გაგზავნა რუსეთის თანხმობის გარეშე.
აწყობთ თუ არა მხარეებს დროის გაწელვა
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახლა, დიდი ალბათობით, ეს ის პროცესია, როცა მხარეებს სურთ ომის 30-დღიან დაპაუზებაზე მოლაპარაკებების ჩაშლა ერთმანეთს დააბრალოს. 
„პუტინს მაინც თავისი კონკრეტული მოთხოვნები აქვს, რომელსაც გასულ წელსაც აჟღერებდა და რომელიც, მისი შესრულების შემთხვევაში, გაუტოლდება უკრაინის უპირობო კაპიტულაციას. რა თქმა უნდა, უკრაინა ამაზე არ წავა. ახლა ეტყობა ის პროცესია, რომ ორივე მხარეს სურს ერთმანებთს დააბრალოს ომის 30-დღიანი დაპაუზებაზე მოლაპარაკებების ჩაშლა. 
„ამ ყველაფრის ორგანიზატორი - რომ ომი დროებით მაინც შეჩერდეს - აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, რომელსაც იდეაფიქსი აქვს, რომ ამას რაც შეიძლება სასწრაფოდ მიაღწიოს, ანუ თავის ამომრჩეველს რასაც შეჰპირდა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. გვახსოვს, მან განაცხადა 24 - საათში გავაკეთებ ამასო. ახლა თქვა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო, თუმცა ომში ასეთ თემებზე ხუმრობა ცოტა ძნელი გასაგებია. 
„ის კი არა და, ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ასი დღის თავზეც ძალიან საეჭვოა, რომ მან ეს შეძლოს. ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. რუსეთი, ფაქტობრივად, საბრძოლო უპირატესობას ფლობს უკრაინის ტერიტორიაზე, ამ დღეებში კურსკშიც მიაღწია გარდატეხას - უკრაინის საექსპედიციო კორპუსი გამოდევნა და ამ დროს პუტინი რომ დაეთანხმოს ბრძოლების შეჩერებას, მაშინ, როდესაც ასეთი უპირატესობა აქვს და ნელ-ნელა ისევ იპყრობს უკრაინის ტერიტორიას, ეს არალოგიკურია. გააჩნია რა მიზეზს დაასახელებს რუსეთის პრეზიდენტი 17 მარტს, თუ მართლა მისი პასუხია მოსალოდნელი", - განაცხადა ალადაშვილმა. 
პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პუტინი დროს გაწელავს. 
„ეს არის თამაში, სხვა არაფერი. ყველამ კარგად იცის, რომ პუტინი ამ პირობებს არ დასთანხმდება ომის გაგრძელება უნდა და ომს გააგრძელებს. გაწელავს დროს, რაღაცეებს იწვალებს... რატომ დათანხმდება?!" - განაცხადა ლაძა ბერიძემ. 
თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდა
როგორც ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, თუ პუტინი 30-დღიან ზავს არ დათანხმდა, მოლოდინია, რომ ტრამპი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს.
„ტრამპს ნათქვამი აქვს - მე იმედი მაქვს, რომ რუსეთი 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება და თუ არ დათანხმდა ეს რუსეთისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ცუდი იქნებაო. ვნახოთ. ვხედავთ, რომ ტრამპი ემოციური და არაპროგნოზირებადი პრეზიდენტი იყო პირველი ვადის დროსაც და ახლა მითუმეტეს, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ვნახოთ, დავაკვირდეთ რა და როგორ მოხდება. ფაქტია, რომ ამ ომის გინდ დროებით შეჩერება პირველ რიგში ყველაზე მეტად უკრაინის ინტერესებში შედის, რადგან უკრაინის არმია და ეკონომიკაც ძალზე გადაღლილია და მას წაადგებოდა ერთი თვით მაინც ცოტათი დაესვენათ, გადაიარაღებულიყვნენ და ა.შ. თუმცა, თავად რუსეთის არმიასაც არავინ უშლის, რომ იგივე პროცესი განახორციელოს ომის ერთი თვით დაპაუზების შემთხვევაში. 
„ტრამპმა ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე თქვა, რომ ამ ომის დასრულებას მათრახითა და თაფლაკვერით შევეცდებიო. მათრახი მან უკვე გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ, როდესაც ოვალურ კაბინეტში მთელი მსოფლიოს თვალწინ უკრაინის პრეზიდენტი დატუქსა, რამდენიმე ხნის მერე კი უკრაინა ამერიკელების პოზიციებს დაათანხმა, რომ 30 დღით შეწყდეს ეს ომი. 
„რუსეთთან მიმართებაში ჯერჯერობით მხოლოდ თაფლაკვერი აქვს გამოყენებული -ის (ტრამპი) სულ აქებს რუსეთის პრეზიდენტს, რომ ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან და აუცილებლად მოვილაპარაკებთო. რაც შეეხება მათრახს, ჯერ მხოლოდ ერთი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა ორიოდე დღის წინ - ბაიდენის ადმინისტრაციას 60 დღით ჰქონდა შეჩერებული სანქციები რუსული ბანკებებისთვის, რომელიც მათ ამერიკული საბანკო სისტემით სარგებლობას უზღუდავდა, ტრამპმა კი ეს სანქციები ისევ აამოქმედა. ესეც რუსეთისთვის ერთგვერი გაფრთხილებაა. თუ რუსეთს პრობლემა გაუჩნდა ნავთობის, გაზის გაყიდვაში და ასევე საერთაშორისო საბანკო მოქმედებები გაუჭირდა, მაშინ ეს ბევრად სერიოზული დარტყმა იქნება, ვიდრე ის, თუ უკრაინას 10-20 ტანკს მიიღებს", - განაცხადა ალადაშვილმა.
პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დასთანხმდება, ომი დიდხანს გაგრძელდება და რუსეთი დამარცხდება".
თუ ზავი მაინც დაიდო
ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ პუტინი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას, არაა იმის მოლოდინი, რომ ის ამას არ დაარღვევს. 
„ასეთი ცეცხლის შეწყვეტის ბევრი შემთხვევა ყოფილა იგივე უკრაინის ფრონზე, იგივე აფხაზეთის ომის დროს, მაგრამ მერე, ცეცხლი რომ განახლდება, როგორც წესი, ორივე მხარე დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებს. გვახსოვს რუსეთმა და სეპარატისტებმა რა გაგვიკეთეს 1993 წლის 16 სექტემბერს, როდესც 27 ივლისის ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვერაგულად დაარღვიეს და შეტევაზე გადმოვიდნენ სოხუმზე და ვნახეთ რითი დამთავრდა ეს ყველაფერი. 
„კრემლში არ მალავენ და ხშირად ამბობენ, რომ ბოლომდე არ შეუსრულებიათ ის, რა ამოცანაც ჰქონდათ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში - რომ ეს არის უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების დემონტაჟი, ასევე დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების გამოცხადება რუსეთის ფედერაციის ნაწილებად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საოკუპახციო ძალებს დაპყრობილი არ აქვთ ზაპოროჟიესა და ხერსონის დიდი ნაწილი. იქ ასევე არის უკრაინის აუცილებელი დემილიტარიზაციის მოთხოვნა. მოთხოვნები ძალიან ბევრი აქვთ, თუმცა ეს ყველაფერი პოლიტიკური ვაჭრობაა", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.
პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთს ამოსუნთქვა აწყობს და ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმების თეორიული შანსი არის, მაგრამ ამასაც სავარაუდოდ დაარღვევს.
„კი, არის შანსი, რომ თეორიულად დათანხმდეს. აწყობს ამოსუნთქვა, მაგრამ რაც არ უნდა შეთანხმდნენ, აუცილებლად დაარღვევს (რუსეთი) ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ყოველთვის არღვევდნენ და ახლაც დაარღვევენ", - განაცხადა ლაშა ბერიძემ.