მარიამ ვეკუა
04.04.2025

„დონალდ ტრამპმა მესამე მსოფლიო ომი შეაჩერა"-ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა აშშ-ში კირილ დმიტრიევმა 3 აპრილს „ფოქს-ნიუსის" ეთერში განაცხადა. მან ხაზგასმით თქვა, რომ რუსეთმა უკრაინისთვის გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს. კიდევ უფრო სკანდალური იყო მისი განცხადება, რომ მოსკოვი სანქციების მოხსნას არ ითხოვს, რადგან ეს ამერიკასა და ევროპას უფრო აზარალებს, ვიდრე რუსეთს, რომლის ეკონომიკაც დინამიურად იზრდება.

კირილ დმიტრიევი უცხოეთის ქვეყნებთან საინვესტიციო -ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელია და პუტინის „ახლო წრეში" შედის.

დმიტრიევმა , რომელმაც ვაშნგტონში შეხვედრები 2-3 აპრილს გამართა, განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წამყვან წევრებთან განიხილა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობისა და პრეზიდნეტ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში შეწყვეტილი დიალოგის აღდგენის საკითხები.

ხაზგასმით თქვა, რომ აშშ-სთან 2 დღიანი მოლაპრაკებების ფარგლებში, ბევრ საკითხებში „წინ 3 ნაბიჯი გადადგეს".

დმიტრიევმა ჟურნალოისტს განუცხადა, რომ სამი წელია აშშ-სა და რუსეთს შორის კომუნიკაცია ფაქტობრივად, არ ყოფილა, ამიტომ დიალოგისა და საკითხების გადაწყვეტის პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება, პროცესი კი „პოზიტიურად და კონსტრუქციულად მიდის".

ვგებულობთ იმასაც, რომ „აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია რუსეთთან დიალოგში პატივისცემით იქცევა, რუსეთის პოზიციები ესმის, ბევრ შეკითხვას სვამს და კომპრომისებს პოულობს."

რუსი ჩინოსნის განცხადებიდანვე ვიგებთ, რომ პუტინმა და ტრამპმა უკრაინის კონფლიქტის დეესკალაციისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგეს. დმიტრიევი ასეთ ნაბიჯად აფასებს ენერგოობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის შეთანხმებას. თუმცა ბოლო დღეებში უკრაინამ რუსეთი არაერთხელ დაადანაშაულა ამ შეთანხმების დარღვევაში.

კითხვაზე, არის თუ არა ისეთი უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, რომელსაც რუსეთი მიიღებს, დმიტრიევმა უპასუხა, რომ „შესაძლოა, უკრაინის უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები გარკვეული ფორმით მისაღები იყოს რუსეთისთვის".

„ვფიქრობ, თქვენ იცით, მე ორიენტირებული ვარ ინვესტიციებზე და ეკონომიკაზე, ასე რომ, კონკრეტულ საკითხებზე უფრო ჰიპოთეტურად შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა, საერთოდ შეუძლებელია და ვფიქრობ, ეს ფართოდ იქნა მიღებული, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ. უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები, გარკვეული ფორმით, შეიძლება მისაღები იყოს რუსეთისთვის", - აღნიშნა დმიტრიევმა.

დმიტრიევის განცხადებებს შორის საინტერესო ეს განცხადებაც იყო, მან ხაზგასმით თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდნეტმა მე-3 მსოლფიო ომი შეაჩერა.

„რაც პრეზიდენტ ტრამპის გუნდმა გააკეთა, ეს არის ის, რომ მათ მიაღწიეს პირველ დეესკალაციას კონფლიქტში, რაც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტას გულისხმობს. ეჭვგარეშეა, რომ პრეზიდენტ ტრამპის გუნდმა არა მხოლოდ შეაჩერა მესამე მსოფლიო ომის დაწყება, არამედ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს უკრაინის საკითხის გადაწყვეტაზე", - აღნიშნა კირილ დმიტრიევმა.

„ფოქს-ნიუსის"ჟურნალისტმა დმიტრიევს ჰკითხა, არის თუ არა ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების პირობების ნაწილი, დმიტრიევმა უპასუხა, რომ რუსეთი არ ითხოვს სანქციების მოხსნას, რადგან სანქციები რუსეთზე მეტად ევროპასა და აშშ-ს აზარალებს.

„რუსეთი არ ითხოვს სანქციების მოხსნას, რადგან თუ გადავხედავთ ჩვენს მშპ-ს ზრდას, შარშან ის 4 პროცენტი იყო, ევროპაში მხოლოდ ერთი პროცენტი. ვფიქრობ, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ რეალურად ამერიკულმა კომპანიებმა დაკარგეს დაახლოებით, 300 მილიარდი დოლარის მოგება რუსეთიდან გასვლით."

შეხევდრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რუსეთი და აშშ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენასაც განიხილავენ.

„აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე. ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხში პროგრესს მივაღწევთ", - განუცხადა დმიტრიევმა ვაშინგტონში ჟურნალისტებს.

ტრამპის ადმინისტრაციას ჯერჯრობით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

შეგახსენებთ, რომ დმიტრიევი პირველი რუსი მაღალჩინოსანია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აშშ-ში ჩავიდა,

სიენენის წყაროს ინფორმაციით, იმისთვის, რომ დმიტრიევი ვაშინგტონში ჩასულიყო, შეერთებულმა შტატებმა დროებით შეაჩერა მის წინააღმდეგ სანქციების მოქმედება.

დმიტრიევი მონაწილეობდა რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრაში, რომელიც თებერვალში საუდის არაბეთში გაიმართა.

საინტერესო იყო რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებაც, მან რუსულ მედიას განუცხადა, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები სტრატეგიული სტაბილურობის საკითხების განსახილველად ატმოსფეროს ჰქმნიან.

„ახლა იდგმება პირველი ფრთხილი ნაბიჯები ზოგადად ხელსაყრელი ატმოსფეროს შესაქმნელად, რომელიც შესაძლებელს გახდის ასეთი რთული საკითხების განხილვას," - აღნიშნა პესკოვმა.

ჯერჯერობით, არც ამერიკულ და არც უკრაინულ მხარეს ოფიციალური განცხადებები არ გაუვრცელებიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×