მარიამ ვეკუა
07.04.2025

აშშ-ში მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული მოძრაობის - „ხელები შორს!" ფარგლებში დემონსტრანტები აპროტესტებდნენ ტრამპის ადმინისტრაციისა და აშშ-ს მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ილონ მაკსის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე გამოყოფს სამ ფაქტორს, რამაც აშშ-ში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

„პროტესტი გამოწვეულია იმით, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკამ აშშ-ის ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიაყენა. რას გულისხმობს ეს? ამერიკის შიგნით ათეულათასობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამსახური - ვგულისხმობ საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, როგორც ფედერალურ, ასევე შტატების დონეზე. ეს პროცესები, როგორც ჩანს, ბიუჯეტური დანახარჯების შემცირებას ემსახურება.

მეორეს მხრივ, დასაქმებულები, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ კერძო სექტორში, ასევე დაზარალდნენ. საპროტესტო გამოსვლებმა აჩვენა, რომ ეკონომიკური სირთულეები კერძო სექტორზეც აისახება. ჩვენ ვიცით, რომ საფონდო ბირჟებზე ფასიანი ქაღალდების ინდექსები შემცირდა, რაც პირდაპირ ზემოქმედებს ყველა იმ ადამიანზე, ვინც კერძო სექტორშია ჩართული.

მესამე საკითხი საგარეო პოლიტიკას უკავშირდება. როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მკვეთრ ტარიფებს აწესებს სხვა ქვეყნებზე, ეს, ბუნებრივია, ფინანსურ სირთულეებს უქმნის თავად ამერიკელ მეწარმეებს. აშშ-ის ექსპორტის მოცულობა 1.5 ტრილიონ დოლარს აღემატება, რაც ნიშნავს, რომ ამ ტარიფების ზეგავლენას არამხოლოდ ადგილობრივი ბიზნესები, არამედ მთელი გლობალური სავაჭრო პარტნიორებიც განიცდიან.

ეს პრობლემები, მთლიანობაში, უარყოფითად აისახება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორზე და სწორედ ამ ფაქტორებმა გამოიწვია მოცემული საპროტესტო გამოსვლები," - აღნიშნა ჩიტაძემ.

შაბათს გამართული დემონსტრაცია იმდენად მასშტაბური იყო, რომ ნიუ-იორკში მანჰეტენის ცენტრალური გამზირის ნაწილობრივი პარალიზება გამოიწვია.

დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ვოლ-სტრიტზე ორი დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. აღნიშნულს წინ უძღოდა პრეზიდენტ ტრამპის განცხადება სხვადასხვა ქვეყნისთვის მკვეთრი ტარიფების დაწესების თაობაზე, რამაც გლობალური სავაჭრო ომისა და რეცესიის შიშები გააღრმავა. ორგანიზატორებმა მედიასთან განაცხადეს, რომ აშშ-ის თითოეულ შტატში - მათ შორის ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსისა და კონექტიკუტში - ეროვნული საპროტესტო დღის ფარგლებში ერთი აქცია მაინც იყო დაგეგმილი.

დემონსტრანტები ჟურნალისტებთან აქციაში მონაწილეობის სხვადასხვა მიზეზს ასახელებდნენ. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ემიგრანტების დეპორტაციას და ისინი გამოდიან მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის წინააღმდეგ, ითხოვენ საჯარო განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას, გამოდიან აბორტის უფლებებისა და სამართლიანი არჩევნების დასაცავად.

ქვეყნის მასშტაბით 1,500-ზე მეტი აქცია გაიმართა, რომლებიც 150-ზე მეტმა ჯგუფმა დააორგანიზა. ორგანიზატორების განცხადებით, სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების დაფინანსების შემცირება, რომლებზეც მუშათა და საშუალო ფენა დიდად არის დამოკიდებული, სერიოზული შეშფოთების საფუძველს წარმოადგენს.

პროტესტებთან დაკავშირებით თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია: „პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია ნათელია: იგი ყოველთვის დაიცავს სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებს იმ პირებისთვის, ვისაც ისინი კანონით ეკუთვნით..." - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის თებერვალში კონგრესში განხილული ბიუჯეტის პროექტი მოიცავდა განათლებისა და შრომის სფეროებში 330 მილიარდი დოლარის შემცირებას ათწლეულის განმავლობაში. ამავე პერიოდში, ადმინისტრაციამ წამოიწყო სოციალური პროგრამების დაფინანსების შემცირების გეგმები, რამაც საზოგადოებაში ფართო პროტესტი გამოიწვია.

ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ სავსებით შესაძლებელია, საპროტესტო მუხტი გაძლიერდეს და დემონსტრაციამ უფრო მასშტაბური სახე მიიღოს.

„სავსებით შესაძლებელია, ეს საპროტესტო ტალღა უფრო მასშტაბური გახდეს. „ვაშინგტონში დაწყებულ პროტესტს შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს დანარჩენ მსოფლიოზეც. თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოს 500 წამყვანი კორპორაციიდან 160 ამერიკული წარმოშობისაა, ცხადია, ეს პროცესები მთელ გლობალურ ეკონომიკაზე აისახება. ქაღალდების გაუფასურება, სამუშაო ადგილების დაკარგვა და სავაჭრო დაბრკოლებები მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის. დაბალ ფასად ამერიკული პროდუქციის შესყიდვა აღარ იქნება შესაძლებელი, ხოლო ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაცია ასევე გართულდება.

თუ აქამდე ამერიკა გლობალური ბაზრის სტაბილურობის მთავარი გარანტი იყო, დღეს აშშ-ის ეკონომიკური პრესტიჟი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. შესაბამისად, ამერიკაში მიმდინარე პროცესები გლობალიზაციის პირობებში მთელ მსოფლიოში ნეგატიურად აისახება.

ჩიტაძემ დასძინა, რომ ამ პროცესებმა შესაძლოა ანტიდემოკრატიული ძალები გააქტიურონ: „აშშ-ის პოზიციის გამო შესუსტდება ეკონომიკური კავშირები ქვეყნებს შორის, კომპანიებს შორის. პოლიტიკური თვალსაზრისითაც, სრულიად შესაძლებელია, ანტიდემოკრატიული ძალები გააქტიურდნენ და გაძლიერების ახალი შესაძლებლობები მიიღონ," - განაცხადა ჩიტაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×