მარიამ ვეკუა
10.04.2025

უკრაინის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც 8 აპრილს გავრცელდა, ჩინეთთან დიდი სკანდალის მიზეზი გახდა, ოფიციალური კიევი აცახდებს, რომ ფრონტზე 155 ჩინელი ჯარისკაცია იდენტიფიცირებული, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან, ოფიციალური პეკინი კი დაჟინებით ირწმუნება, რომ ჩინეთს ფრონტზე ჯარისკაცები არ გაუგზავნია.

ზელენსკიმ 8 აპრილს ბრიფინგზე თქვა, რომ უკრაინას აქვს ინფორმაცია მინიმუმ 155 ჩინელი მოქალაქის შესახებ, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან. ზელენსკი პეკინს ამ პროცესებზე თვალის დახუჭვაში ადანაშაულებს.

„ჩინური საკითხი მეტად სერიოზულია. 155 ადამიანია გამოვლენილი სახელებითა და პასპორტის მონაცემებით - 155 ჩინეთის მოქალაქე, რომლებიც უკრაინელების წინააღმდეგ იბრძვიან უკრაინის ტერიტორიაზე," - განაცხადა ზელენსკიმ და დაამატა: „თუმცა გვგონია, რომ მათი რაოდენობა ბევრად უფრო მეტია."

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გამოაქვეყნეს ორი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ჩინელი ჯარისკაცების უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მტკიცებულებებს. თუმცა, ოფიციალური კიევი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს განცხადება არ ნიშნავს, თითქოს პეკინი ცდილობს რუსეთის გვერდით ომში მონაწილეობას.

„თუმცა, ოფიციალურმა პეკინმა იცის ამის შესახებ. რუსები ავრცელებენ რეკრუტირების რეკლამებს ჩინეთის სოციალურ ქსელებში. ეს არ არის საიდუმლო პროცესი, რაც მნიშვნელოვანია. შესაძლოა, მიმდინარეობს ფარული რეკრუტირებაც," - აღნიშნა მან.

ზელენსკიმ ხაზგასმით განაცხადა, რომ რეკრუტირების შემდეგ ეს ადამიანები ჩადიან მოსკოვში, სადაც გადიან სამხედრო წვრთნებს, ხოლო 3-4 დღის განმავლობაში - სამედიცინო კვლევებს იტარებენ.

„ისინი იბრძვიან უკრაინის ტერიტორიაზე, იღებენ მიგრაციის ბარათებს, ასევე გადახდის სისტემის ბარათებს, რომელზეც ანაზღაურებას იღებენ," - თქვა უკრაინის ლიდერმა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას სჯერა, აშშ „ძალიან გაკვირვებულია და თვლის, რომ ეს ვაშინგტონისთვისაც მიუღებელია", განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ვაშინგტონი და პეკინი ჩართულნი არიან სატარიფო სავაჭრო ომში.

ცნობისთვის, უკრაინის დაზვერვის მიერ შედგენილ ერთ-ერთ დოკუმენტში გამოაშკარავდა 19-დან 45 წლამდე ასაკის 13 ჩინელი ჯარისკაცი და იდენტიფიცირდა მათი პასპორტის დეტალები; მეორე დოკუმენტში კი ჩამოთვლილია სახელები, დაბადების თარიღები, და, ზოგ შემთხვევაში, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად და რომელი ჯგუფის მიერ იყვნენ დაქირავებულები.

ოთხშაბათს, ჩინელი ოფიციალური პირების კომენტარებზე დაყრდნობით, დასავლურმა მედიამ ვარაუდი გამოთქვა, რომ შესაძლოა ადამიანები საკუთარი ინიციატივით უერთდებოდნენ რუსეთის დანაყოფებს ფრონტზე. თუმცა, მოგვიანებით, პეკინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ იდეა ჩინელი მოქალაქეების ფართო ჩართულობის შესახებ ომში „სრულიად უსაფუძვლოა".

ამ ამბავში ყველაფერთან ერთად მთავარი ეს დეტალიცაა, კიევმა დაასახელა ორი ჩინელი პატიმარი, რომლებიც სამშაბათს ბრძოლის ველზე ტყვედ აიყვანეს.

კიევი მზად არის, დაიწყოს ამ ტყვეების გაცვლის პროცესი რუსეთთან- ამის შეესახებ ინფრომაცია თავად ზელენსკიმ გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ტელეგრამის ჯგუფებში ადრეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჩინელი ჯარისკაცები რუსეთის მხარეს უკრაინის ფრონტზე იბრძდნენ. თუმცა ამ ამბავში საინტერესო სწორედ ზელენკის ღია და მკაფიო კომენტარია, რომელიც აქამდე ჩინეთს უკიდურესად ფრთხილად უდგებოდა.

რას ამბობს პეკინი

პეკინი ირწმუნება, რომ მას უკრაინაში ჯარისკაცები არ გაუგზავნია. 9 აპრილს ჩინეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ამოწმებს უკრაინის მხრიდან ორი ჩინელი მოქალაქის ტყვედ აყვანის შესახებ ინფორმაციას.

„ჩინეთის მთავრობა ყოველთვის მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, თავი აარიდონ შეიარაღებულ კონფლიქტებში ჩართვას," - ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ლინ ძიანი, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩინეთის მთავრობა ყოველთვის მოუწოდებს მოქალაქეებს, შეიარაღებული კონფლიქტის ზონებსა და შეიარაღებულ დაპირისპირებებში რაიმე ფორმით ჩართვას თავი აარიდონ," - განაცხადა ლინ ძიანმა.

„უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის ძიებისას, უკრაინამ სწორად უნდა შეაფასოს ჩინეთის ძალისხმევა და მისი კონსტრუქციული როლი," - დასძინა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, ჩინეთი აცხადებს, რომ კონფლიქტში ნეიტრალური მხარეა. თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსეთი აქტიურად იყენებს ჩინურ კომპონენტებს იარაღის წარმოებაში - ისევე როგორც უკრაინა. ორივე მხარე იყენებს ჩინური კომპანიის მიერ წარმოებულ „მავიკის" ტიპის დრონებს, თუმცა კიევი ცდილობს, შეამციროს დამოკიდებულება პეკინზე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×