ნატალია ჯვარიძე
21.04.2025

აშშ-მა კიევს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიების ნეიტრალურად გამოცხადება და მასზე აშშ-ის კონტროლის დაწესება შესთავაზა. ამასთან, დასავლური მედიის ინფორმაციით, უკრაინა ზეწოლის ქვეშაა, რომ ამ კვირაში უპასუხოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის იდეებს უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით. მათ შორის რუსეთის მიერ 2014 წელს განხორციელებული ყირიმის ანექსიის პოტენციურ აღიარებას აშშ-ის მხრიდან და კიევის ნატო-ში გაწევრიანების დაბლოკვას.

The Wall Street Journal დასავლურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ იდეები ასახული იყო კონფიდენციალურ დოკუმენტში, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა ხუთშაბათს პარიზში უკრაინელ კოლეგებს წარუდგინეს და ასევე გააცნეს ევროპელ მაღალჩინოსნებს ერთდღიანი შეხვედრის დროს.

„აშშ ახლა კიევის პასუხს ელოდება, რომელიც, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს ლონდონში აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ოფიციალური პირების შეხვედრაზე გახდება ცნობილი. შემდეგ, თუ ამერიკული, ევროპული და უკრაინული პოზიციები თანხვედრაში იქნება, წინადადებები შეიძლება მოსკოვს წარედგინოს", - წერს The Wall Street Journal-ი.

დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, აშშ-ის კიდევ ერთი იდეა ითვალისწინებს ზაპოროჟიეში ბირთვული რეაქტორის მიმდებარე ტერიტორიის ნეიტრალურ ტერიტორიად გამოცხადებას, რომელიც შესაძლოა ამერიკის კონტროლის ქვეშ მოექცეს.

დონალდ ტრამპმა მარტში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის მიერ უკრაინულ ელექტროსადგურების, მათ შორის ბირთვული ობიექტების შეძენის შესაძლებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „ამ ინფრასტრუქტურის საუკეთესო დაცვა" იქნებოდა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის, ნიკა ჩიტაძის აზრით, დონალდ ტრამპი ამით ცდილობს ყურადღების სხვა საკითხზე გადატანას და საერთაშორისო პრესტიჟის ამაღლებას, რადგან მისი ავტორიტეტი ეცემა.

„თითქოს ამერიკის პრეზიდენტი ცდილობს საერთაშორისო პრესტიჟის ამაღლებას. როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაცია მისთვის სასურველ შედეგს ვერ აღწევს ამ ომთან დაკავშირებით, ვერ ამთავრებს როგორც იძახდა. აქედან გამომდინარე, ტრამპის ავტორიტეტი ეცემა, რადგან ის თავის ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ აუცილებლად ომს მოკლე ვადში დაასრულებდა.

ახლა ამას ვერ აკეთებს და ცდილობს ყურადღების სხვა საკითხზე გადატანას, რიმელიც ეხება ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს. მითუმეტეს, აღნიშნულ ელექტროსადგურს ჩერნობილზე 5 ჯერ უფრო მეტი სიმძლავრე აქვს. ჩერნობილმა რა კატასტროფა გამოიწვია, გახსოვთ ალბათ და ამაზე უფრო ძლიერია ზაპოროჟიე.

სხვათაშორის, არამარტო უკრაინაში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი მძლავრი ელექტროსადგურია. ამიტომ ახლა ვითომ ტრამპი ცდილობს უზრუნველყოს მსოფლიოს ბირთვული უსაფრთხოება. თან ყურადღების სხვა საკითხზე გადატანას ცდილობს, მართალია, ეს ისევ უკრაინა-რუსეთს ეხება, მაგრამ მაინც სხვაა და თან საერთაშორისო პრესტიჟის ამაღლება, თუ როგორ უწყობს ხელს ამერიკა ბირთვულ უსაფრთხოებას", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×