
ხუთშაბათს, 23 აპრილს უცრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკების საკითხზე ლონდონში უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები მორიგი შეხვედრა იმართება. მოლოდინი დიდია. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეიძლება ამ კვირაშივე შეთანხმდნენ და თავისი მხრივ, სამშვიდობო შეთანხმების გასაჯაროების პირობას დებს.
აღსანიშნავია, რომ ტრამპისთვის უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება პრაქტიკულად უკვე პირადი რეპუტაციის საკითხი გახდა. გასულ კვირას ვაშინგტონში კეთდებოდა განცხადებები, რომ სამშვიდობო პროცესში სწრაფი პროგრესის არასებობის შემთხვევაში აშშ საერთოდ გავიდოდა ამ პროცესიდან, თუმცა ანალიტიკოსთა უმრავლესობა ამას უფრო მოსკოვსა და კიევზე ერთგვარ ზეწოლად აფასებს.
გარდა ამისა, ანალიტიკოსთა აზრით, ტრამპი ეცდება სიმბოლურად, თავისი პრეზიდენტობის მე-100 დღისთვის, რომელიც 30 აპრილს დადგება, რამე ხელშესახები შედეგი დადოს და მისი ძალისხმევა ახლა მთლიანად ამისკენაა მიმართული.
გამოცემა „ნიუ იორკ პოსტი" კი თავის წყაროებზე დაყრდნობით სამშვიდობო შეთანხმების გეგმის გარკვეულ დეტალებზე წერს. მათი ცნობით, ყველაზე რთული საკითხი რუსების მიერ დაკავებული ტერიტორიების სტატუსია. გამოცემის ინფორმაციით, უკრაინული მხარე დათანხმდა, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, თავისი ტერიტორიების 20%-ის რუსეთის კონტროლის ქვეშ დე ფაქტოდ გადასვლა აღიაროს.
ცეცხლის შეწყვეტა უკვე ამ კვირაში?
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „იქსზე" წერს, რომ  23 აპრილს ლონდონში შეხვედრას გამართავენ.
მისივე ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან „დეტალური" სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
„ოთხშაბათს ჩვენი წარმომადგენლები ლონდონში იმუშავებენ. უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და აშშ - ჩვენ მზად ვართ წინ ნაბიჯი რაც შეიძლება კონსტრუქციულად გადავდგათ, რათა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მივაღწიოთ, რომელსაც ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება მოჰყვება", - წერს უკრაინის პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მშვიდობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას უკვე ამ კვირაში მიაღწევენ.
„იმედია, რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას მიაღწევენ ამ კვირაში. შემდეგ ორივე დაიწყებს დიდი ბიზნესის წარმოებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ყვავის და სიმდიდრეს დააგროვებენ!" - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
გარდა ამისა, თეთრ სახლში გამართული სააღდგომო ღონისძიების დროს სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო დეტალების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მომდევნო „სამი დღის განმავლობაში" სრულად გაამჟღავნებს შეთანხმების დეტალებს.
„ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრები უკრაინისა და რუსეთის საკითხზე. არსებობს ძალიან კარგი შანსი", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
კორნელი კაკაჩიას მიაჩნია, რომ ამ კვირაში ცეცხლის შეწყვეტაზე ხელის მოწერა ნაკლებად დასაჯერებელია.
„ასეთი მცდელობები და განცხადებები მანამდეც იყო, თუმცა, სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზების გამო ეს არ დადასტურებულა. ამიტომ მაღალი მოლოდინება ამაზე არ უნდა გვქონდეს. შესაძლოა ამ კვირაში რაღაც მონახაზის დონეზე იყოს, უფრო ცალმხრივივით, რომელიც რაღაც მიმართულებით წავა. თუმცა, ასე უცებ რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღებოდეს, ნაკლებად დასაჯერებელია", - აღნიშნა კაკაჩიამ.
შეწყვეტს თუ არა აშშ შუამავლობას
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერ კიდევ გასულ კვირას აშშ-ის ადმინისტრაცია უკმაყოფილო იყო სამშვიდობო მოლაპარაკების მიმდინარეობით და ახლო პერიოდში პროგრესის არასებობის შემთხვევაში საერთოდ პროცესიდან გასვლითაც იმუქრებოდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ თუ უკრაინაში ომის დასრულება შეუძლებელი იქნება, შეერთებულმა შტატებმა თავისი ძალისხმევა უნდა შეწყვიტოს და „გაეცალოს".
„თუ უკრაინაში ომის დასრულება შეუძლებელი იქნება, უნდა გავეცალოთ. ახლა ძალიან სწრაფად უნდა განვსაზღვროთ, და მე ვსაუბრობ დღეების საკითხზე, შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება. თუ ეს შეუძლებელია, თუ ჩვენ იმდენად შორს ვართ ერთმანეთისგან, რომ ეს არ მოხდება, მაშინ ვფიქრობ, პრეზიდენტი ალბათ იმ ეტაპზეა, როდესაც იტყვის, რომ ჩვენ დავასრულეთ", - აღნიშნა რუბიომ.
მისი თქმით, აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ომის შესაჩერებლად ძალისხმევა არ დაუკლია, თუმცა მათ „მიაღწიეს წერტილს, როდესაც უნდა გადაწყვიტონ და განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა ეს საერთოდ".
„ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ არ დაგვიწყია. შეერთებული შტატები ბოლო სამი წლის განმავლობაში ეხმარება უკრაინას და ჩვენ გვსურს მისი დასრულება, მაგრამ ეს ჩვენი ომი არ არის. პრეზიდენტმა ტრამპმა 87 დღე გაატარა ამ მთავრობის უმაღლეს თანამდებობაზე და არაერთი ძალისხმევა გაწია ამ ომის დასასრულებლად. ახლა ჩვენ მივაღწიეთ წერტილს, როდესაც უნდა გადავწყვიტოთ და განვსაზღვროთ, შესაძლებელია თუ არა ეს საერთოდ. სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ ორივე მხარესთან", - აღნიშნა რუბიომ.
იგივე თქვა დონალდ ტრამპმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ აშშ მზად არის უკრაინაში ომთან დაკავშირებით „სამშვიდობო ძალისხმევა" შეწყვიტოს, თუ მხარეები ყველაფერს „გაართულებენ". 
კერძოდ, ტრამპს კონკრეტულ ვადებზე ჰკითხეს, როდის იქნება აშშ მზად მიატოვოს „სამშვიდობო ძალისხმევა", რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „დღეების კონკრეტული რაოდენობა არაა, მაგრამ სწრაფად, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა გვინდა".
„თუ რაიმე მიზეზით ორიდან რომელიმე მხარე ძალიან გაართულებს საქმეს, უბრალოდ ვიტყვით „სულელები ხართ, სულელები ხართ, საშინელი ხალხი ხართ" და უბრალოდ ხელს დავიბანთ. მაგრამ, ვიმედოვნებ, ამის გაკეთება არ მოგვიწევს", - განაცხადა ტრამპმა, თუმცა პირდაპირი პასუხი არ გასცა კითხვას, აშშ მთლიანად მიატოვებს მოლაპარაკებებს, თუ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას თუკი მოლაპარაკებები ჩავარდება.
მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის საჭირო პროგრესზე კითხვაზე პასუხის გაცემისას ტრამპმა განაცხადა, რომ მან ორივე მხარისგან „უნდა დაინახოს ამის დასრულების ენთუზიაზმი" და აღნიშნა, რომ ეს მალე ეცოდინება.
კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ აშშ ცდილობს მხარეების დაჩქარებას, რათა სწრაფად შეწყდეს ცეცხლი. მისივე თქმით, ნაკლებად მოსალოდნელია ამერიკა შუამავალის როლიდან გავიდეს.
„ტრამპის საგარეო პოლიტიკის პროგნოზირება ძალიან რთული ამბავია, ვინაიდან ხშირად იცვლის პოზიციებს. ამიტომ ძნელია იმის განსაზღვრა, მართლაც გავა თუ არა პროცესიდან, მაგრამ თუ ასე მოხდა, არ მგონია ეს სამშვიდობო პროცესს წაადგეს, რადგან ორივე მხარეს აზარალებს. თან მე ვერ ვხედავ სხვა შუამავალს, რომელიც მზად იქნება ამ როლისთვის. 
„მეეჭვება აშშ-მა ეს გადაწყვეტილება ბოლომდე მიიყვანოს და გავიდეს. იმიტომ, რომ ეს თავად ტრამპისთვის იქნება ცუდი, რადგან მან წინარაასრჩევნო პერიოდიდან დღემდე ძალიან ბევრი პირადი ინვენსტიცია ჩადო ამ პროცესში. შესაძლოა ეს გარკვეულწილად ხდება იმისათვის, რომ მხარეები დააჩქარონ გადაწყვეტილების მიღებაში და სწრაფად მოეწეროს ხელი სამშვიდობო შეთანხმებაზე", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.
დათმობს თუ არა უკრაინა ტერიტორიებს
„ნიუ იორკ პოსტი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმის ფარგლებში განიხილება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლი, რომელსაც განახორციელებს ერთობლივი კომისია უკრაინის, რუსეთისა და ნატო-ს არაწევრი ქვეყნების შემადგენლობით. როგორც სტატიაშია აღნიშნული, სამშვიდობო შეთანხმების დეტალები ჯერ არ არის შეთანხმებული, თუმცა, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ის, შეიძლება, მოიცავდეს უკრაინაში ევროპული ძალების დისლოცირებას, თუ ცეცხლის შეწყვეტა მიღწეული იქნება.
„ყველაზე რთული ისაა, თუ როგორი შეიძლება იყოს ეს უსაფრთხოების ძალები. ჩვენ ამას ვუწოდებთ მედეგობის ძალებს. ეს ძალები არის უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი, რაც უკრაინელებს სურთ და იმედი გვაქვს, რომ ისინი მათ მიიღებენ", - განაცხადა წყარომ.
ასევე განიხილება ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის ძალების შექმნაც, რომლის შემადგენლობაში იქნებიან რუსეთის, უკრაინის და ნატო-ს არაწევრი მესამე ქვეყნების წარმომადგენლები. ეს მისია მოახდენს ფრონტის ხაზის მონიტორინგს, რათა დარწმუნდეს, რომ ორივე მხარე იცავს ზავს.
როგორც „ნიუ იორკ პოსტი" წერს, ამ მისიაში, შესაძლოა, იყოს ჩართული ამერიკის შეერთებული შტატებიც, თუმცა არა სამხედრო ძალებით, არამედ როგორც ფინანსური ძალა, მესამე მხარესთან ერთად.
გამოცემა ასევე წერს, რომ ვერ მოახერხეს დამოუკიდებლად დაედასტურებინათ ამერიკული მედიის მიერ მანამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტრამპის წინადადება მოიცავს ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას.
სტატიაში ნათქვამია, რომ გასულ კვირას პარიზში ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს კიევი ყველაზე მეტად შეშფოთებული იყო შეთანხმების იმ ნაწილით, სადაც საუბარი იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების რუსეთის სუვერენულ ნაწილად აღიარებაზე.
გამოცემის წყაროს მიხედვით, უკრაინა, როგორც ჩანს, მზადაა, უარი თქვას თავისი მიწის 20%-ზე, თუ ეს ჩაითვლება ტერიტორიის დე ფაქტო აღიარებად და არა დე იურედ.
„დე ფაქტო ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარებთ, რომ რუსეთმა მოახდინა ამ მიწის ოკუპაცია, თუმცა არ ვამბობთ, რომ უკრაინა ამ მიწაზე სამუდამოდ აპირებს უარის თქმას. დე იურე ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარებთ, რომ რუსებს მიაქვთ ეს მიწა და ჩვენ მას მეტად ვეღარასდროს ვიხილავთ", - თქვა წყარომ.
კორნელი კაკაჩიას ვარაუდით, უკრაინა რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას არ დათანხმდება.
„უკრაინისთვის წარმოუდგენელია, რომ რუსეთს ტერიტორიები დაუთმოს, რადგან ნებისმიერი უკრაინელი ხელისუფალი, რომელიც ამაზე დათანხმდება, ალბათ სასიკვდილო განაჩენს მოაწერს ხელს. ამიტომ, ვფიქრობ, შეუძლებელია ეს მოხდეს. 
„არ ვარ დეტალებში ისე ჩახედული, თუმცა შესაძლოა რაღაც კომპრომისული ვარიანტები იყოს, მაგრამ ასე, პირდაპირ უკრაინამ უარი რომ თქვას ტერიტორიულ მთლიანობაზე, ამას უკრაინელები კი არა, თვითონ დასავლელი პარტნიორებიც არ დაუშვებენ, რადგან აქ უკვე მარტო უკრაინის საკითხი კი არა, არამედ საერთაშორისო სამართლის პრინციპი დგას და ძალის პოზიციიდან საზღვრების შეცვლა საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევაა. 
„უნდა დაველოდოთ რა გამოვა აქედან. თუმცაღა ფაქტია, რომ უკრაინა უნდა დათანხმდეს რაღაც პირობებს. ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ რა პირობები ექნება რუსეთს და რა კომპრომისზე წავა.
„უკრაინას პირველ რიგში უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, რომლის რამდენიმე ფორმულა არსებობს, როგორც უკრაინელებს ესმით. პირველი არის, თუ რას იღებს უკრაინა რაღაც ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ - მიიღებს ნატოს წევრობას, რომელიც არ განიხილება, იღებს სხვა ტიპის უსაფრთხოების გარანტიას, ევროკავშირში გაწევრიანებას თუ რას. ის მოსაზრება, რომ უკრაინა არაფერს იღებს, მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთი ამ ყველაფერს როგორ შეხედავს, რადგან რუსეთის მაქსიმალისტური მოთხოვნება რეალობას აცდენილია", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".