
საკმაოდ ბევრი მცდელობის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საბოლოოდ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე წვდომის შესახებ. როგორც უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო აცხადებს, კიევი და ვაშინგტონი შექმნიან უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდს, რომელიც ქვეყანაში გლობალურ ინვესტიციებს მოიზიდავს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დღევანდელ სიტუაციაში უკრაინას კომპრომისული ვარიანტის შერჩევა მოუწია, რაც უცილებელი იყო.
„ამ დოკუმენტის გარეშე უკრაინა უბრალოდ ვერ შეძლებდა საკუთარი თავის დაცვას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამერიკა ახლა უკრაინის დახმარებას გააგრძელებს", - განაცხადა საგარეო ექსპერტმა, კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".
სვირიდენკოს ინფორმაციით, შეთანხმების ძირითადი დებულებების თანახმად:
წიაღისეული უკრაინის საკუთრებაში რჩება და სწორედ უკრაინის სახელმწიფო განსაზღვრავს, სად და რა მოიპოვოს. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს აშშ-სა და უკრაინას შორის თანაბარ პარტნიორობას - ფონდი 50/50 პროპორციით იქმნება და არც ერთ მხარეს არ ექნება გადამწყვეტი ხმის უფლება. ეროვნული ქონება დაცული იქნება.
დოკუმენტი არ ითვალისწინებს არანაირ ვალს - ხელმოწერილ შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი შეერთებული შტატების მიმართ უკრაინის ვალზე, შეთანხმების განხორციელება ორივე ქვეყანას საშუალებას მისცემს, თანაბარი თანამშრომლობისა და ინვესტიციების გზით გაზარდონ თავიანთი ეკონომიკური პოტენციალი. შეთანხმება შეესაბამება კონსტიტუციას და არ ცვლის უკრაინის ევროპული ინტეგრაციის კურსს. ეს ასევე იქნება სიგნალი საერთაშორისო მოთამაშეებისთვის, რომ უკრაინის სახელმწიფოსთან გრძელვადიანი თანამშრომლობა საიმედოა.
ფონდი შეივსება ექსკლუზიურად ახალი ლიცენზიებიდან მიღებული შემოსავლით. საკანონმდებლო ცვლილებები - მხოლოდ წერტილოვანი იქნება. ფონდის ფუნქციონირებისთვის მხოლოდ ბიუჯეტის კოდექსში ცვლილებების შეტანაა საჭირო. ამ შემთხვევაში, შეთანხმების რატიფიცირება უნდა მოახდინოს უმაღლესმა რადამ.
შეთანხმების თანახმად, შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს დამატებითი ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მოზიდვას. შეთანხმება საგადასახადო გარანტიებს იძლევა. ფონდის შემოსავალი და შენატანები არ იბეგრება არც აშშ-ში და არც უკრაინაში.
კორნელი კაკაჩიას შეფასებით, უკრაინა თავიდან ცდილობდა ამ შეთანხმების თავიდან აცილებას, თუმცა დათმობაზე წასვლა მაინც მოუწია. როგორც მან აღნიშნა, ამის შემდგომ სავარაუდოდ, კიევი ვაშინგტონიდან დახმარებას მიიღებს.
„ეს ხელშეკრულება უსაფრთხოების გარანტიას უკრაინელებს ვერ მიცემს და ეს მათ თავიდანვე ძალიან კარგად იცოდნენ, რადგან ამ საკითხზე დოკუმენტში რაღაც კონკრეტული გაწერილი არ არის. თუმცა ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება იმისათვის, რომ შეერთებულ შტატებსა და კიევს შორის ურთიერთობების სტაბილიზაცია მოხდეს, რომელიც ბოლო პერიოდში, ცოტა არ იყოს, გარკვეულ რყევებს განიცდიდა. ამიტომ ამ დოკუმენტის ხელმოწერა მნიშვნელოვანია სწორედ ორმხრივი ურთიერთობისთვის და ასევე, იმისთვის, რომ ამერიკის უკრაინისთვის მხარადეჭერა გაგრძელდეს, მათ შორის სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის. თუმცაღა როგორც ვთქვი, უსაფრთხოების გარანტიებს ეს შეთანხმება ვერ ქმნის და ამისთვის სხვა ფორმატებია საჭირო. ბუნებრივია, რომ ამ თემაზე ცალკე მუშაობა უკრაინას მოუწევს.
„თავიდან უკრაინელებმა და არა მარტო მათ, ჩათვალეს, რომ ეს შეთანხმება არ იყო გამოსავალი მათთვის და მიუღებელიც კი იყო. ამიტომ გაიწელა ეს პროცესი. შემდგომ კი გარკვეული კომპრომისული ვარიანტები შეირჩა. დღეისათვის ამ ვითარებიდან გამომდინარე, ეს მეტ-ნაკლებად მისაღებია უკრაინული მხარისთვის იმიტომ, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე უბრალოდ უკრაინა ვერ შეძლებდა საკუთარი თავის დაცვას. ამიტომ დღეს შეერთებული შტატების მხარდაჭერა საკმაოდ მნიშვნელოვანია", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".