მარიამ ვეკუა
01.05.2025

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური, რამზან კადიროვი, შესაძლოა, მომდევნო ორ თვეში თანამდებობიდან გადააყენონ. ამის შესახებ კრემლის წყარომ რუსულ ტელეგრამ-არხს 1 მაისს განუცხადა.

„ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა რამზანის გადადგომის მოთხოვნა მიიღო. ახლა ორი ვარიანტია: ან კადიროვი მომდევნო ორ თვეში წავა, ან დარჩენას მოახერხებს. მაგრამ შემდეგ ის თანამდებობას ისე მაგრად ჩაეჭიდება, რომ ამ თანამდებობასთან ერთად მოკვდება. მისი საქმიანობა კი პირადად პრეზიდენტისთვის საფრთხედ იქცევა," - აცხადებს არხის თანამოსაუბრე.

წყარომ დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, მაგრამ დაამატა, რომ ვლადიმირ პუტინს „რამზანის ძალიან სერიოზული ცოდვების შესახებ უთხრეს".

ამას წინ უძღოდა მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დიდ კომერციულ დავაში კადიროვის პროტეჟე გაამტყუნა. საუბარია კომპანია "ვაოლდბერიზე", რომლის წილებისთვის ცოლ-ქმარი ბაკალჩუკები იბრძვიან. კადიროვი ქმრის, ვლადისლავის ინტერსებს მფარველობს, ცოლს, ტატიანას კი დაღესტნური წარმოშობის მილიარდელი სულეიმან ქერიმოვის ეხმარება. რამდენიმე დღის წინ სასამართლომ სრულიად დააკმაყოფილა ცოლის მხარე და ქმარი, მასთან ერთად კი კადიროვი, ასე ვთქვათ, ხახამშრალი დატოვა.

ეს კიდევ ერთი შიშისმომგვრელი პრეცენდენტია კადიროვისთვის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში შეეჩვია ყველა დაპირისპირებაში გამარჯვებას და პრობლემებიდან მშრალად გამოძვრომას. (რად ღირს თუნდაც ოპოზიციის ლიდერ ბორის ნემცოვის და ძმებ იამადაევების მკვლელობა, რომელიც კადიროვს ხახვივით შერჩა. სხვათაშორის ერთ--ერთი იამადაევი სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო და კრემლის სიახლოვეს მანქანაში დემონსტრაციულად ჩაცხრილეს.)

მოსკოვის სასამართლოს ახლანდელ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კიდევ ერთი საშიში პრეცენდენტი, სადაც კადიროვი უკვე ძალოვან კონტექსტში დამარცხდა. შარშან ოქტომბერში ქმარმა ბაკალჩუკმა კომპანია "ვაილდბერის" ძალისმიერი დაკავება სცადა, რის გამოც ოფისთან ათეულობით შეიარაღებული კადიროველი მივიდა. ამ დროს ოფისის დაცვის სამსახურში რამდენიმე ინგუში მუშაობდა. დაპირისპირების შედეგად კადიროველებმა ორი ინგუში მოკლეს, რამაც ინგუშეთში დიდი მღელვარება გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიური სიტუაციიდან ადრე კადიროველები პრინციპში სრულად დაუსჯელად გამოდიოდნენ, ახლა მათ დიდი პრობლემები ელოდათ. პოლიციამ ინციდენტის ყველა მონაწილე დაიჭირა და ახლა ამ ამბავზე ციხეში, არც მეტი არც ნაკლები, 30 კადიროველი იმყოფება.

ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ კადიროვის გადაყენების ნაცვლად მისი ლიკვიდაცია უფრო სარწმუნოა. არეშიძე საუბრობს ჩეჩნეთის ლიდერის დაპირისპირებების სერიაზე და აფასებს მისი და პუტინის პოლიტიკური ურთიერთობის მოდიფიკაციას ბოლო წლების განმავლობაში.

„კადიროვმა შეუქმნა დისკომფორტი და გადაეკიდა პუტინის წონიან თანაშემწეს, გვარად ვაინას. დაუპირისპირდა ოლიგარქების გარკვეულ ნაწილს. მათ შორის ქარიმოვია ყველაზე სერიოზული ფიგურა - დაღესტნელი მილიარდერი. გარდა ამისა, დაუპირისპირდა მოსკოველ ძალოვნებს, განსაკუთრებით სამხედროებს - უკრაინაში ჩეჩნეთის სამხედრო ფორმირების კონტექსტში. მან მოახერხა ყველა გადაიკიდოს, ერთადერთი გამონაკლისია პუტინი.

"ისიც უნდა ითქვას, რომ პუტინის დამოკიდებულებაც მის მიმართ შეიცვალა. მაგრამ მე ვერ ვიტყოდი, რომ კადიროვს ემუქრება გადაყენება, რადგან ის არის ადამიანი, ვისთანაც თავის დროზე კრემლის მხრიდან შედგა გარკვეული შეთანხმება, რომელიც გულისხმობდა, რომ კადიროვს უნდა მიეხედა ჩრდილოეთ კავკასიისთვის, მათ შორის პოლიტიკური ისლამის მიმდევრებისთვის - და ამას ახერხებდა, არა მხოლოდ ჩეჩნეთში, არამედ განსაკუთრებით ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში, ნაწილობრივ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაშიც, თუმცა უფრო აღმოსავლეთით, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ტერიტორიებზე."

არეშიძის თქმით, კადიროვმა იცოდა, რომ ადრე თუ გვიან ეს პრობლემები დაუდგებოდა, რადგან ის საკმარისად საშიშ ძალას წარმოადგენს.

„სხვათაშორის, კადიროვს აქვს ნათქვამი ასეთი ფრაზა: "მე ერთგულების ფიცი დავდე, არა რუსეთის წინაშე, არამედ პუტინის წინაშე." ასე რომ, კადიროვი პუტინის ერთგული ჩინოვნიკი იყო და არის. ამავე ნათქვამში დევს ის იდეაც, რომ თუ რუსეთი პრობლემას შეუქმნის, ის ისე მოიქცევა, როგორც ჩათვლის საჭიროდ. ის უაღრესად მდიდარია ისლამურ სამყაროში, ჰყავს დაახლოებით 25 000 ქმედითი არმიის შენაერთი, რომელიც გაფორმებულია სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურებში. ამას გარდა, ჰყავს 30 000-მდე რეზერვისტი - მოკლედ, ერთგული მეომრები. ავიაციის და მძიმე არტილერიის გარდა, ყველაფერი აქვს. ამიტომ არის სახიფათო ფიგურა. კადიროვმა იცოდა, რომ ეს პრობლემები ადრე თუ გვიან დაუდგებოდა. რაც შეეხება თქვენს დასმულ შეკითხვას - ემუქრება თუ არა გადაყენება - შემიძლია ვივარაუდო, რომ ლიკვიდაცია უფრო მოსალოდნელია, ვიდრე მისი გადაყენება," - განაცხადა არეშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×