
შეერთებულმა შტატებმა რუმინეთი უვიზო რეჟიმის პროგრამიდან ამოიღო, მიზეზად კი საზღვრისა და მიგრაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა, რასაც ოფიციალური ბუქარესტის შეშფოთება მოჰყვა. რუმინეთში ფიქრობენ, რომ რეალური მიზეზი რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო ბიუროსა და საკონსტიტუციო სასამართლოსა გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გაუქმდა, პირველ ადგილზე გასულ კანდიდატს, მემარჯვენე კალინ ჯორჯესკუს კი არჩევნებში მონაწილოება აეკრძალა.
კვირას, 4 მაისს, რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა, რომელშიც 11 კანდიდატი მონაწილეობდა. 2024 წლის ნოემბერში გამართული კენჭისყრის შედეგები საკონსტიტუციო სასამართლომ დეკემბერში გააუქმა, მეორე ტურის ჩატარებამდე ორი დღით ადრე. მიზეზად კი დასახელდა არჩევნებში რუსეთის ჩარევა კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ. ერთ-ერთი ინფორმაციით, ჯორჯესკუს საარჩევნო კამპანიაში ჩართული იყო „ტიკ-ტოკის" ათობით ათასი ანგარიში. სპეცსამსახურები მიუთითებდნენ ასევე კიბერშეტევებზე, ინფორმაციის გაჟონვასა და დივერსიებზე. ჯორჯესკუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის 6 საქმეა აღძრული.
ევროპაში ულტრამემარჯვენე პარტიების აკრძალვა ტენდენციად იქცა. 2 მაისს გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ, გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) მთლიანად ექსტრემისტულ ერთეულად გამოაცხადა. მანამდე, მარტში, პარიზის სასამართლომ საფრანგეთის მემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების" ლიდერი დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
ამ ტენდენციის წინააღმდეგია აშშ-ს ხელისუფლება, რომელიც აცხადებს, რომ ეს დემოკრატია კი არა „შენიღბული ტირანიაა".
ვითარება რუმინეთში და აშშ-ის გადაწყვეტილება
აშშ-ში ხელისუფლების შეცვლამდე ცოტა ხნით ადრე, ვაშინგტონი რუმინეთს უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაპირდა, რომლის მიხედვითაც რუმინეთის მოქალაქეებს 90 დღით შეეძლებათ აშშ-ის ტერიტორიაზე ყოფნა. როგორც მედია წერს, რუმინეთში ამ გადაწყვეტილებას მოუთმენლად ელოდა და დაგეგმილი იყო, რომ ახალი წესები მარტის ბოლოს ამოქმედდებოდა, თუმცა მარტის ბოლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ამ ზომების შემოღება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
ვაშინგტონში მაშინ აცხადებდნენ, რომ სურდათ კიდევ ერთხელ გადაემოწმებინათ, თუ რამდენად აკმაყოფილებს რუმინეთი იმ ქვეყნებისთვის საჭირო უსაფრთხოების სტანდარტს, რომელთა მოქალაქეებსაც აშშ-ში უვიზოდ შესვლის უფლება აქვს. თუმცაღა, რუმინული მედიის ცნობით, გადაწყვეტილება სხვა მიზეზებით შეიძლება აიხსნას - ეს, დიდი ალბათობით, უკავშირდება იმას, რომ 9 მარტს რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო ბიურომ კალინ ჯორჯესკუს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატურის რეგისტრაციაზე უარი განუცხადა. ჯორჯესკუმ ეს გადაწყვეტილება დემოკრატიაზე პირდაპირ დარტყმად შეაფასა და საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა ჯორჯესკუს სარჩელი ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის გაუქმებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, 4 მაისს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯორჯესკუმ მონაწილეობა ვერ მიიღო.
„ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება ვიზების გადადების შესახებ მას შემდეგ მიიღეს, რაც ბუქარესტში აშშ-ის საელჩომ მოულოდნელად, არსაიდან, ხელახლა გამოაქვეყნა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ცნობილი განცხადება, რომელშიც მკვეთრად აკრიტიკებდა რუმინეთის არჩევნების შედეგების გაუქმებას. დღევანდელი პერსპექტივიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამგვარად მომზადდა ნიადაგი პოლიტიკური სასჯელისთვის.
„თავად ჯორჯესკუმ არჩევნებიდან მისი დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილების მიღებამდეც განაცხადა, რომ ეს ვაშინგტონის მხრიდან სანქციებს გამოიწვევდა. ცხადია, მას კომუნიკაცია აქვს ტრამპის ადმინისტრაციასთან!", - წერს პორტალი "G4media.ro".
რუმინული პორტალი „სტოპმედია" კი აშშ-ის ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და წერს, რომ თუ ტრამპის ადმინისტრაცია ამ გზით ბუქარესტის დასჯას ცდილობს მისი სავარაუდო დემოკრატიული ნაკლოვანებების გამო, ეს ძალიან ცინიკური ნაბიჯია.
„დიახ, ძალიან საინტერესოა, რომ აქ დემოკრატიის შესახებ ლექციებს არავინ კითხულობს, თუ არა თანამედროვე ამერიკის ისტორიის ყველაზე ტრავმული მოვლენის - კაპიტოლიუმის შტურმის დამნაშავე, ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც არჩევნებში წაგების შემდეგ უარი თქვა ძალაუფლების მშვიდად გადაცემაზე.
„თუმცა, თუ უვიზო რეჟიმის გადადება ხელისუფლებაში მყოფთა დასასჯელად არის გამიზნული, მაშინ როგორ გავიგოთ ბუქარესტში ამერიკის საელჩოს აგრესიული განცხადებები რუმინეთის რიგითი მოქალაქეების მიმართ, რომლებზეც ისე საუბრობენ, თითქოს ისინი ველური დამპყრობლები იყვნენ, რომლებიც ამერიკის საზღვრებს შტურმით შეუტევენ?", - წერს „სტოპმედია".
კიდევ ერთი რუმინული მედიაპორტალი „ჰოთნიუსი" წერს, რომ რუმინეთის დამოკიდებულება აშშ-ს მიმართ შეიცვლება.
„რუმინელები, ძირითადად, ყოველთვის პროამერიკელები იყვნენ. ამის მრავალი მიზეზი არსებობს და ზოგიერთი მათგანი არასდროს გაქრება. ვაშინგტონის პოლიტიკის პროგნოზირებადობა ერთ-ერთი თვისება იყო, რომლითაც კოლექტიური რუმინეთი ასოცირდებოდა შეერტებულ შტატებთან. სწორედ ამიტომ შევუერთდით ნატოს რიგებს - იმ იმედით, რომ თუ ამერიკელები რამეს დაჰპირდებოდნენ, ისინი თავიანთ სიტყვას შეასრულებდნენ.
„ჩვენ დიდი ხანია ამ გზავნილზე დაყრდნობით ვცხოვრობთ. თუმცა, დრო შეიცვალა და ჩვენი მოლოდინებიც უნდა შეიცვალოს. დიახ, ამერიკელებმა შეიძლება რაღაც თქვან, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ სამ თვეში შეიცვალონ აზრი", - წერს „ჰოთნიუსი".
რუმინეთში ვითარება გასული წლის ნოემბერში დაიძაბა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ყველასთვის მოულოდნელად, ულტრამემარჯვენე კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ ხმების 22%-ით პირველ ადგილზე გავიდა. თუმცა, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, 6 დეკემბერს გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს.
მარტში, მილიარდერი ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი ჯორჯრსკუს პროცესს გამოეხმაურა. მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა რუმინეთში არსებული ვითარების ამსახველი ვიდეო და დაწერა: „როგორ შეუძლია მოსამართლეს, დაასრულოს დემოკრატია რუმინეთში?".
მარტში ჯორჯესკუს მხარდამჭერი აქციები გაიმართა. პარალელურად ბუქარესტის ქუჩებში ევროკავშირის მხარდასაჭერი გამოსვლები იმართებოდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დავის ფონზე.
რა მოხდა გერმანიაში
2 მაისს გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ, გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისმა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) მთლიანად ექსტრემისტულ ერთეულად გამოაცხადა. უწყებამ, რომელიც გერმანიის კონსტიტუციური წესრიგის დაცვაზეა პასუხისმგებელი, განმარტა, რომ განცხადება ინტენსიური და ყოვლისმომცველი შემოწმების შემდეგ გაკეთდა.
„ეთნიკურ და წარმომავლობაზე დაფუძნებული კონცეფცია, რომელიც პარტიაში დომინანტურია, არ შეესაბამება თავისუფალ დემოკრატიულ წესრიგს. მისი მიზანია მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების საზოგადოებაში თანაბარი მონაწილეობის აღკვეთა, მათ მიმართ ისეთი მოპყრობა, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება", - აღნიშნულია გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისის განცხადებაში.
განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფაზერმაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტია დემოკრატიული წესრიგის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს.
„AfD წარმოადგენს ეთნიკურ კონცეფციას, რომელიც დისკრიმინაციას უწევს მოსახლეობის ჯგუფებს და მიგრაციის ისტორიის მქონე მოქალაქეებს ისე ეპყრობა, როგორც მეორეხარისხოვან გერმანელებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
აღნიშნულს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო გამოეხმაურა, მისი თქმით, ეს დემოკრატია კი არა, „შენიღბული ტირანიაა".
„გერმანიამ ახლახანს თავის სადაზვერვო სააგენტოს ოპოზიციის თვალთვალისთვის ახალი უფლებამოსილებები მისცა. ეს არ არის დემოკრატია, ეს შენიღბული ტირანიაა. რეალურად, ექსტრემისტულია არა პოპულარული AfD, რომელმაც არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, არამედ ისტებლიშმენტის მომაკვდინებელი ღია საზღვრების საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელსაც AfD ეწინააღმდეგება. გერმანიამ კურსი უნდა შეცვალოს", - დაწერა რუბიომ „იქსზე".
ამას თავის მხრივ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.
„ეს დემოკრატიაა. ეს გადაწყვეტილება ჩვენი კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობის დასაცავად ჩატარებული საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიების შედეგია. საბოლოო სიტყვას დამოუკიდებელი სასამართლო იტყვის. ჩვენ ისტორიიდან ვისწავლეთ, რომ მემარჯვენე ექსტრემიზმი უნდა შეჩერდეს", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
საფრანგეთის მაგალითი
წელს მარტში პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების" ლიდერი, მარინ ლე პენი და რვა ევროპარლამენტარი ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ლე პენის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
აღნიშნულს დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ლე პენის წინააღმდეგ აღძრული საქმე „კუდიანებზე ნადირობა" კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ იყენებენ ევროპელი მემარცხენეები კანონს თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად და მათი პოლიტიკური ოპონენტის ცენზურის მიზნით, რაც, ამჯერად, ამ ოპონენტის ციხეში ჩასმამდე მიდის".
ტრამპის მტკიცებით, კორუმპირებული ადვოკატები და პოლიტიკოსები მასაც იგივე მეთოდით ებრძოდნენ.
„ეს არის იგივე „სახელმძღვანელო", რომელიც ჩემს წინააღმდეგ გამოიყენა შეშლილთა და დამარცხებულთა ჯგუფმა, როგორიცაა ნორმა ეიზენი, ენდრიუ ვაისმანი და ლიზა მონაკო. ისინი ბოლო ცხრა წლის განმავლობაში სხვაზე არაფერზე ფიქრობდნენ და მარცხი განიცადეს, რადგან შეერთებული შტატების ხალხი მიხვდა, რომ ისინი მხოლოდ კორუმპირებული ადვოკატები და პოლიტიკოსები იყვნენ", - წერდა ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტი არ ეთანხმება მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოტენილ განაჩენს და აცხადებს, რომ მთელი დანაშაული „ბუღალტრული შეცდომაა".
„არ ვიცნობ მარინ ლე პენს, მაგრამ ვაფასებ რამდენს შრომობდა ამდენი წლის განმავლობაში. მარცხდებოდა, მაგრამ განაგრძობდა და ახლა, მოსალოდნელი დიდი გამარჯვების წინ, ისინი მას დევნიან მცირე ბრალდებით, რომლის შესახებ, ალბათ, არაფერი იცოდა - ეს „ბუღალტრულ" შეცდომად მეჩვენება. ეს ყველაფერი ძალიან ცუდია საფრანგეთისთვის და დიდი ფრანგი ხალხისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მხარეს არიან ისინი. თავისუფლება მარინ ლე პენს!" - წერდა ტრამპი.