ნატალია ჯვარიძე
05.05.2025

დასავლეთის ქვეყნებში გამართულ არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე ხშირად საუბრობენ. ეს ძირითადად სხვადასხვანაირად ხდება - სოციალური ქსელების გამოყენებით, ხშირია კიბერშეტევები, დივერსიები და ა.შ. რუმინეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებაც ამას დაუკავშირეს. გამოცემა „პოლიტიკო" ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა რუმინეთის არჩევნებში რუმინეთის მთავრობისა და პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატის ვებგვერდებზე შეტევა განახორციელა.

მათივე ინფორმაციით, DDOSIA/NoName057-ის სახელით ცნობილი ჯგუფის მიერ შეტევა განხორციელდა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებსაიტზე, მთავრობის მთავარ პორტალზე, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტობის ოთხი კანდიდატის ვებგვერდებზე.

რუმინეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული დირექტორატის სიის თანახმად, მმართველი კოალიციის კანდიდატი, კრინ ანტონესკუ და ბუქარესტის მერი, ნიკუშორ დანი პრეზიდენტობის იმ კანდიდატებს შორის იყვნენ, რომლებიც თავდასხმის სამიზნე გახდნენ.

უწყების ცნობით, ვებგვერდებმა მუშაობა განაახლეს. კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობის აღების შესახებ განცხადება ჰაკერებმა „ტელეგრამ" არხზე გაავრცელეს და სამიზნეებს შორის შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების ვებგვერდები დაასახელეს.

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 4 მაისს ჩატარდა, რომელშიც გამარჯვება ნაციონალისტმა კანდიდატმა, რუმინელთა გაერთიანების ალიანსის" (AUR) ლიდერმა, ჯორჯ სიმიონმა დაახლოებით 41%-ით მოიპოვა, მეორე ადგილზე კი ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი გავიდა. არჩევნების მეორე ტური 18 მაისს გაიმართება.

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დიდ ინტერესს იწვევს, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, მას შემდეგ, რაც 2024 წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში ყველასათვის მოულოდნელად ყველაზე მაღალი შედეგი ულტრამემარჯვენე, პრორუსმა პოლიტიკოსმა კალინ ჯორჯესკუმ აჩვენა.

ნოემბრის არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლომ დეკემბერში გააუქმა, მეორე ტურის ჩატარებამდე ორი დღით ადრე; მიზეზად კი დასახელდა არჩევნებში რუსეთის ჩარევა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯორჯესკუს საარჩევნო კამპანიაში ჩართული იყო TikTok-ის ათიათასობით ანგარიში. სპეცსამსახურები მიუთითებდნენ ასევე კიბერშეტევებზე, ინფორმაციის გაჟონვასა და დივერსიებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×