თამთა ჩაჩანიძე
07.05.2025

ბირთვული კლუბის ორ სახელმწიფოს შორის უკიდურესად დაძაბული ვითარება ღია სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც 7 მაისის ღამეს ინდოეთმა პაკისტანსა და სადაო ქაშმირის ტერიტორიაზე მიიტანა იერიში, ინდოეთის შს სამინისტროს თქმით, ოპერაცია "სინდური" არის პასუხი იდოელ ტურისტებზე 22 აპრილს ქაშმირში მომხდარი თავდასხმისა, თავის მხრივ პაკისტანი იტოვებს უფლებას მის მიერ არჩეულ დროს, ადგილსა და ფორმით საპასუხო მოქმედებები განახორციელოს.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან"აცხადებს, რომ პაკისტანს ტაქტიკური უპირატესობა გააჩნია, თუმცა რდაგან ორივე ქვეყანა ბირთვული კლუბის წევრია, ნებისმიერი გამწვავება არასასურველი სცენარისკენ წაგვიყვანს.

პაკისტანის სახმელეთო ჯარების შტაბის მეთაურის, ასიმ მუნირის განცხადებით, ინდოეთის იერიშს 26 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა და ათობით ადამიანია დაშავებული, მისი თქმით, პაკისტანი ინდოეთს თავდასხმის გამო უპასუხებს. ინდური მხარის განცხადებით კი პაკისტანის ტერიტორიიდან განხორციელებულ საარტილერიო შეტევის დროს ინდოეთის 10 მოქალაქე ემსხვერპლა და დაშავებულია 50-მდე.

პაკისტანის პრემიერის ოფისის განცხადებით, ინდოეთი საპასუხო ქმედებას უნდა ელოდოს.

„გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, პაკისტანი იტოვებს უფლებას, თავდაცვის მიზნით, მის მიერ არჩეულ დროს, ადგილსა და ფორმით უდანაშაულო პაკისტანელების დაღუპვისა და ქვეყნის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევის გამო შური იძიოს", - ნათქვამია განცხადებაში.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის ოფისის განცხადებით, გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიიღეს, სადაც „ინდოეთის მიერ ჩადენილი არაპროვოცირებული, ლაჩრული და უკანონო ომის აქტის შედეგად განვითარებული მოვლენები განიხილეს".

„2025 წლის 6/7 მაისის ღამეს, ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა პაკისტანის სუვერენულ ტერიტორიაზე კოორდინირებული დარტყმები განახორციელეს. ამ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმების სამიზნე, წარმოსახვითი ტერორისტული ბანაკების არსებობის ცრუ საბაბით, სამოქალაქო ადგილები იყო", - აღნიშნულია განცხადებაში.

პაკისტანის სამხედრო ძალები, მათ მიერ განადგურებული ინდოეთის კუთვნილი მოიერიშე თვითმფრინავების შესახებ ავრცელებს ცნობებს. პაკისტანის არმიის პრესსპიკერმა აჰმედ შარიფ ჩოუდჰარიმ "როიტერზთან" განაცხადა, რომ ჩამოგდებულია ფრანგული წარმოების "რაფალის" ტიპის სამი თვითმფრინავი და რუსული მოიერიშეები სუ-30 და მიგ-29.

რაც შეეხება ინდოეთის ოფიციალურ განმარტებებს, შინაგან საქმეთა მინისტრი, ამიტ შაჰი წერს, რომ ოპერაცია „სინდური" არის პასუხი "უდანაშაულო ძმების სასტიკ მკვლელობაზე".

„ვამაყობ ჩვენი შეიარაღებული ძალებით, ოპერაცია „სინდური" არის პასუხი პაჰალგამში ჩვენი უდანაშაულო ძმების სასტიკ მკვლელობაზე. [ნარენდრა] მოდის მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, სათანადო პასუხი გასცეს ინდოეთსა და მის მოსახლეობაზე ნებისმიერ თავდასხმას. ბჰარატი ტერორიზმის ფესვებიდან აღმოფხვრის მიმართ მტკიცე ერთგული რჩება", - წერს ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

პაჰალგამი მდებარეობს ქაშმირის ოლქში, ინდოეთსა და პაკისტანს შორის სადავო ტერიტორიაზე, რომელსაც ამჟამად ინდოეთი აკონტროლებს. 22 აპრილს ქალაქ პაჰალგამში შეიარაღებულმა პირებმა 26 ადამიანი, ძირითადად, ტურისტები დახოცეს. ინდოეთმა მომხდართან კავშირში დაადანაშაულა პაკისტანი. პაკისტანმა ბრალდება უარყო და დამოუკიდებელი გამოძიება მოითხოვა.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პაკისტანს აქვს ტაქტიკური უპირატესობა, თუმცა ორივე ქვეყანა ბირთვული კლუბის წევრია და ნებისმიერი გამწვავება მხოლოდ ორი ქვეყნით არ შემოიფარგლება.

„ფაქტია, რომ პაკისტანსა და ინდოეთს შორის შეზღუდული ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, საბრძოლო მოქმედებების მთელი სპექტრი ხორციელდება. მეორე დონე უკვე ლოკალური ომი იქნება, როდესაც ორივე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს დაიწყებს ერთმანეთის წინააღმდეგ, მერე უკვე იქნება რეგიონული ომი, სადაც შეიძლება სხვა ქვეყნებიც ჩაერთონ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პაკისტანი რამდენიმე სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წვერია, მათ შორის ერთ-ერთი ბლოკი თურქეთი-პაკისტანი-აზერბაიჯანია, როემლიც დღესაც აქტუალურია. ასევე პაკისტანს და ჩინეთს შორის არსებობს ორმხრივი სამხედრო პოლიტიკური კავშირები, ჩინეთი სამხედრო ტექნიკით ეხმარება, შესაბამისად, დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტის პირობებში ჯერჯერობით ტაქტიკური უპირატესობა პაკისტანის შეიარაღებულ ძალებს აქვთ.

„რაც შეეხება ინდოეთს, მასაც გაჩნია სერიოზული პოტენციალი, ის ბრიქსის წევრი სახელმწიფოა. მაგრამ ამ სამხედრო კონლფიქტში ინიციატივა ჯერჯერობით მაინც პაკისტანის მხარესაა. პაკისტანსა და ინდოეთს შორის ორი მსხვილმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი იყო ლოკალური ომის მასშტაბების. ბოლო იყო 1971 წელს, როდესაც ბანგლადეში პაკისტანს გამოეყო და დამოუიდებლობა გამოაცხადა, დღეს რამდენადაც პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ბანგლადეში პაკისტანს უჭერს მხარს.

„მანამდე იყო 1962-63 წლებში პაკისტანსა და ინდოეთს შორის სამხედრო კონფლიქტი ისევ ქაშმირის ტერიტორიების გამო. მათ შორის სიტუაცია 2008 წელსაც დაიძაბა და ახლა იმედია, რომ ეს ლოკალური ომის მასშტაბებში არ გადაიზრდება, რადგან ორივე ქვეყანაა ბირთვული კლუბის სახელმწიფო. ბოლო მონაცებებით, პაკისტანს აქვს 60-დან 80-მდე ბირთვული ქობინი და ბირთვული ბომბი, ხოლო ინდოეთს - 60. ორივეს აქვს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ბირთვული კომპონენტი და ორივე ინტენსიურად ავითარებს ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსების პროგრამებს. ამერიკელების პოზიცია ჯერჯერობით გაურკვეველია, ასევე რუსეთის პოზიციაც არაა გამოკვეთილი",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე კი წერს, რომ ვითარება დაძაბულია, თუმცა დაუდგენელია გაგრძელდება თუ არა შეტაკებები.

„წუხელ სერიოზული შეტაკებები მიმდინარეობდა ინდოეთსა და პაკისტანს შორის სადაო ქაშმირის ტერიტორიაზე. აქტიურ საარტილერიო დაბომბვების ფონზე მოქმედებდა ავიაციაც და დრონებიც. ამ პროცესში ინდოეთმა სამი სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა. თუმცა ცხრა მიმართულებით სარაკეტო შეტევას კი პაკისტანის მხრიდან დადასტურებული მსხვერპლი მოჰყვა.

„პაკისტანის მხრიდან ინდოეთისადმი დეესკალაციის შესახებ განცხადებები გაკეთდა. მაგრამ ინდოეთი დანაკარგების ფონზე რთულ პოლიტიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ორივე სახელმწიფო ატომურია.

„მათ შორის ბოლო ესკალაციას წინ სადაო ქაშმირის ინდოეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე ტერორისტული აქტი უძღოდა წინ, რაშიც ინდოეთმა პაკისტანის კვალი დაინახა. სადამსჯელოდ კი ინდოეთმა პაკისტანს წყლის მიწოდება შეუზღუდა და წინა შეთანხმებებიდან გამოვიდა.

„ინდოეთის მხარეს ისრაელი იჭერს. მან უკვე გამოაცხადა ნიუ დელის უფლება დაიცვას საკუთარი თავი. პაკისტანის ირიბი მხარდამჭერი ჩინეთია, რომელსაც ქაშმირის აღმოსავლეთ ნაწილი აქვს დაკავებული და ინდოეთთან არაერთი სადაო ტერიტორია გააჩნია.

„დაუდგენელია გაგრძელება თუ არა შეტაკებები, მაგრამ პაკისტანში ინდური შეტევის მოგერიებას ზეიმობენ, თუმცა ინდოეთს ომის დაწყებაში ადანაშაულებენ", - წერს კობერიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×