მარიამ ვეკუა
10.05.2025

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პარასკევს ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავზე, აღლუმის ცენტრალურ სცენაზე მეგობარი სახელმწიფოების ლიდერებით გარშემორტყმული იდგა. საყურადღებოა, რომ სტუმრების სია 2025-ში გაფართოვდა. მთავარი მაინც ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი იყო - მან ღონისძიებას, რომელიც დასავლეთი ლიდერების დიდმა უმრავლესობამ დააიგნორა, ერთგვარი კონვენციურობა შესძინა.

მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების ყოველწლიური 9 მაისის აღნიშვნა პუტინის კალენდარში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა.

ტრადიციულად, ეს დღე 20-დან 27 მილიონამდე დაღუპულ საბჭოთა ჯარისკაცსა და მოქალაქეს ეძღვნება. თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, გამარჯვების დღე უფრო „პროპაგანდისტული ვარჯიში" გახდა, რომელსაც პუტინი დიდი სამამულო ომის გაგრძელებად წარმოაჩენს.

პუტინსა და სი ძინპინს მსოფლიოს მრავალი ლიდერი შეუერთდა, რომელთა უმეტესობას წმინდა გიორგის შავი და ნარინჯისფერი ლენტი ჰქონდათ საყელოზე მიმაგრებული (რაც რუსეთის ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, აკრძალულია). ბევრმა მათგანმა აღლუმში რუს სამხედროებთან ერთად მონაწილეობის მისაღებად ჯარისკაცებიც გაგზავმა.

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა, ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ელ-სისი, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ესწრებოდნენ.

საყურადღებოა, რომ „მეგობარი სახელმწიფოების" რაოდნეობა სიაში გასული წლის სტუმრების სიასთან შედარებით, რომელიც შემოიფარგლებოდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების, კუბის და რამდენიმე სხვა ქვეყნის დელეგაციებით, მნიშვნელოვანად გაიზარდა.

პარასკევს მოსკოვში იმყოფებოდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო. მისი პუტინთან ერთად გამოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო რუსეთის მიმართ მკაცრ პოზიციას ინარჩუნებს.

დასავლური გამოცმები წერენ, რომ ბოლო რამდენიმე წელთან შედარებით ღონისძიების ხარისხი გაუმჯობესდა, რადგან რუსეთს აშკარად უჭირდა შთამბეჭდავი სამხედრო შოუს ჩატარება, წერს სი-ენ-ენი. აღლუმზე ბოლო ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ტანკი იყო წარმოდგენილი, ხოლო სამხედრო თვითმფრინავების ჩვეულებრივი გადაფრენა წითელ მოედანზე 2022 და 2023 წლებში გაუქმდა.

რაც შეეხება 2025წლის აღლუმს-წელს წარმოდგენილი იყო თანამედროვე და ისტორიული ტანკების ნაკრები და რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, მასში დაახლოებით 11,500 ჯარისკაცი მონაწილეობდა. პირველად, ასევე წარმოდგენილი იყო რუსული დრონები, მათ შორის ირანის მიერ შექმნილი „შაჰედის"დრონის რუსული ვერსია, რომელიც ცნობილია როგორც „გერანიუმ 2".

ევროპელების პასუხი?

კიევი ღიად ამბობდა, რომ იყო გულგრილი აღლუმის მიმართ. მან განაცხადა, რომ „ვერ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რაც ომის გამო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ხდება".

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „არ ითამაშებდა თამაშებს სასიამოვნო ატმოსფეროს შესაქმნელად, რათა პუტინი 9 მაისს იზოლაციიდან გამოვიდეს".

მოსკოვმა განაცხადა, რომ დაიცავდა აღლუმისა და მისი სტუმრების უსაფრთხოებას. მიუხედავად ამისა, უკრაინამ მოახერხა აღლუმის წინა პერიოდის ჩაშლა - ამ კვირის დასაწყისში მოსკოვზე რამდენიმე დრონით თავდასხმის განხორციელებით. დრონებმა რუსეთის ხელისუფლება აიძულა ოთხშაბათს დროებით დაეხურა მოსკოვის ოთხივე აეროპორტი.

ამან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახადა მოსკოვში ათობით უცხოელი დელეგაციის დასწრება, რადგან ისინი რისკების მიუხედავად პუტინისა და რუსეთის მიმართ მხარდაჭერის გამოსახატავად მოვიდნენ.

პარასკევს, დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში ათობით უცხოური დელეგაცია იმყოფებოდა, რათა მხარი დაეჭირათ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნისთვის. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამი, გერმანიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო და სხვა ევროპული ქვეყნების ათობით მაღალი რანგის დიპლომატი ლვოვში შეხვდნენ ერთმანეთს.

თანაგრძნობის კიდევ ერთი გამოხატვის მიზნით, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ ასევე შექმნეს გარკვეული ლოჯისტიკური სირთულეები საერთაშორისო აღლუმის მონაწილეებისთვის, ჩაკეტეს თავიანთი საჰაერო სივრცეები მოსკოვში მიმავალი დიპლომატიური თვითმფრინავებისთვის და აიძულეს კრემლის რამდენიმე სტუმარი, თავიანთი მარშრუტი მოსკოვში გადაემისამრთებინათ,

„ლატვიურ საზოგადოებაში არსებობს მკაფიო და პრინციპული გაგება, რომ რუსული პროპაგანდა და ომის დანაშაულების განდიდება არ შეიძლება მხარდაჭერილი ან წახალისებული იყოს... ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ლატვიას არ შეუძლია ნებართვების გაცემა იმ ფრენებისთვის, რომლებიც ხელს უწყობს 9 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობას", - ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

სერბეთისა და სლოვაკეთის ლიდერებს, ვუჩიჩსა და ფიცოს, დიდი შემოვლითი მარშრუტით მოუწიათ ფრენა, მოსკოვში რომ ჩასულიყვნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×