მარიამ ვეკუა
27.05.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მოსკოვისთვის ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს, თუმცა გავლენიანი ამერიკული გამოცემების თანახმად, აშშ-ს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესიდან გასვლა სურს. ექსპერტების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას „მოსალოდნელ უკანდახევას" უწოდებს და რუსეთისთვის სტრატეგიული გამარჯვების შანსად მიიჩნევს, ხოლო ნაწილი თვლის, რომ ეს აშშ-ის მხრიდან სტრატეგიული ნაბიჯია, რომელიც ორივე მხარეზე ზეწოლის გაზრდას ისახავს მიზნად და შესაძლოა დროებითიც იყოს.

„უოლ სტრიტ ჯორნალის" წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე ამ კვირაში ფიქრობს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას. ახალი შეზღუდვები, სავარაუდოდ, საბანკო სექტორს არ შეეხება და სხვა ვარიანტები განიხილება. ამავე წყაროს ცნობით, ტრამპის გეგმებში არ შედის რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება.

თავად პრეზიდენტმა 25 მაისს განაცხადა, რომ „ნამდვილად" განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. მისივე თქმით, ეს იმითა გამოწვეული, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „სრულიად შეიშალა" და „უმიზეზოდ ხოცავს უამრავ ხალხს უკრაინაში".

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას მთელი უკრაინა სურს და არა მხოლოდ მისი ნაწილი და ეს შესაძლოა სიმართლე იყოს. მაგრამ თუ ის ამას მიიღებს, ეს რუსეთს დაცემამდე მიგვიყვანს", - თქვა ტრამპმა.

გარდა ამისა, „უოლ სტრიტ ჯორნალი" თავის წყაროებზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ ტრამპი უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების პროცესიდან საერთოდ გასვლასაც ფიქრობს იმ შემთხვევაში, თუ მისი ეს „ბოლო გაბრძოლება" უშედეგო აღმოჩნდება.

ამასთან დაკავშირებით უფრო დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს „ნიუ იორკ თაიმსი".მათი წყაროების ცნობით, 19 მაისს ტრამპმა ევროპელ ლიდერებს და პუტინთან თავისი სატელეფონო საუბრის დეტალები გაუმხილა და ნათლად მიანიშნა, რომ არც რუსეთზე აპირებს სასანქციო წნეხის გაზრდას და სამშვიდობო მოლაპარაკებიდანაც გადის.

ამ წყაროს ცნობით, დონალდ ტრამპი ამის შესახებ ესაუბრა გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ფინეთისა და ევროკომისიის ლიდერებს.

„ფაქტობრივად მან თქვა - მე გავდივარ", - აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ და დაამატა, რომ ეს იმეორებდა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის განცხადებას, რომ აშშ „მზად იყო მოლაპარაკებებიდან გასვლისთვის".

ცნობისთვის, ჯერ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჯერ კიდევ აპრილში აცხადებდა, რომ აშშ დატოვებდა მოლაპარაკების პროცესს, თუკი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობები უშედეგო აღმოჩნდებოდა.

რამდენად დამაჯერებელია აშშ-ის მხრიდან შუამავლობის შეწყვეტა

დონალდ ტრამპის კომენტარს, რომ „პუტინი შეიშალა" და „უმიზეზოდ ბევრ ადამიანს კლავს", რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა „ემოციური გადატვირთვა" უწოდა.

„ჩვენ ნამდვილად მადლიერები ვართ ამერიკელების, პრეზიდენტ ტრამპის ამ მოლაპარაკების პროცესის ორგანიზებასა და დაწყებაში მათი დახმარებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.

„რა თქმა უნდა, ამავდროულად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რაც დაკავშირებულია აბსოლუტურად ყველას ემოციურ გადატვირთვასა და რეაქციებთან. ყურადღებით ვაკვირდებით ყველა რეაქციას. ამავდროულად, პრეზიდენტი პუტინი იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან" აღნიშნა, რომ გაკვირვებულია პუტინის გადაწყვეტილებით უკრაინაში ცეცხლის არ შეწყვეტასთან დაკავშირებით.

„არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა პუტინს, მე მას დიდი ხანია ვიცნობ. ყოველთვის კარგად ვუგებდი. მაგრამ ის რაკეტებს უშვებს, ხალხს კლავს და ეს არ მომწონს," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სამშაბათს კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გაგრძელებით არის დაინტერესებული.

„პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ეს მისი ომი არ არის. ის რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გაგრძელებით არის დაინტერესებული. ეს, ზოგადად, მისი და პრეზიდენტ პუტინის ერთობლივი ინიციატივა იყო", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისივე თქმით, რუსულ მხარეს სურს, რომ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების მეორე რაუნდიც თურქეთში გაიმართოს:

„რაც შეეხება რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდს, მე კვლავ ჩვენს თურქ მეგობრებს მივმართავდი. სტამბოლი ძალიან კარგია".

თსუ-ს ასოცირებული პროფესორი კორნელი კაკაჩია აღნიშნავს, რომ აშშ-ის „თამაშიდან გასვლა" გამორიცხული არ არის და საუბრობს ამ გადაწყვეტილების შესაძლო მიზეზებსა და მიზნებზე:

„გამორიცხული არ არის. ტრამპმა თავიდანვე მიზნად დაისახა და შეპირდა ამომრჩევლებს, რომ რამდენიმე დღეში დაასრულებდა ომს; აქედან გამომდინარე, თავისი ავტორიტეტი დააყენა დარტყმის ქვეშ. ამიტომ ახლა იძულებულია მსგავსი რამ გააკეთოს. როცა შედეგი არ ჩანს, მითუმეტეს, არ სურს საკუთარი ამომრჩევლების წინაშე პასუხი აგოს. აქედან გამომდინარე, ბოლო პერიოდში მისგან იყო მსგავსი განცხადებები, როგორც რუბიოსგან, რომ ისინი გავლენ მოლაპარაკებებიდან", - განაცხადა კაკაჩიამ.

მისივე შეფასებით, ბოლო პერიოდში აშშ პირდაპირ ცდილობს წააქეზოს მოლაპარაკებისკენ ორივე მხარე და თვითონ „გვერდზე გადგეს":

„ზოგადად, შეერთებული შტატები ბოლო პერიოდში ცდილობს, პირდაპირ წააქეზოს ორივე მხარე, რომ ერთმანეთს დაალაპარაკოს რუსები და უკრაინელები და თვითონ განზე გადგეს. თუმცა ეს სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ხერხდება. ამიტომ, აშშ, ბუნებრივია, ვერ იტყვის, რომ მისი მისია არ გამართლდა. ამიტომ არ არის გამორიცხული ცოტათი განერიდოს ამ პროცესს, რათა მხარეებს დაანახოს, რომ მისი ჩართულობა მნიშვნელოვანია. ამავდროულად გაურკვეველია, ეს დროებითია თუ მუდმივი. თუმცა, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ დროებითია, რადგან შეერთებულ შტატებს, მისი გეოპოლიტიკური ამბიციებიდან გამომდინარე, არ შეუძლია დღევანდელ სიტუაციაში უარი თქვას ასეთი ტიპის კონფლიქტზე და გარედან გულგრილად ელოდოს. ეს შეიძლება იყოს ტაქტიკური ნაბიჯი გარკვეული პერიოდით, რომ ზეწოლა მოახდინოს ორივე მხარეზე", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

რას გამოიწვევს აშშ-ის თამაშიდან გასვლა

როგორც კორნელი კაკაჩია ამბობს, სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესიდან აშშ-ის გასვლა უფრო რუსეთს აწყობს, თუმცა ვარაუდობს, რომ ტრამპს იმედი აქვს, რომ „თამაშიდან დროებით გასვლით" ორივე მხარეზე მოახდენს ზეწოლას:

„ტრამპის თამაშიდან გასვლა უფრო რუსეთს აწყობს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტრამპმა არ გამორიცხა სანქციების პოლიტიკის გაგრძელება, ეს დამოკიდებულია სანქციების ტიპზე. ერთადერთი მიზეზი, რატომაც რუსებს აწყობს ეს, არის მათი განცდა, რომ ამ ომს იგებენ და ეს უბრალოდ დროის ამბავია. რუსებს არ სურთ ომის შეწყვეტა ამ პირობებში, თუ არ დაკმაყოფილდება მათი მაქსიმალური მიზნები. მეორე მხარე, უკრაინა კი პირიქით, მზადაა მოლაპარაკებებისთვის.

„ვხედავთ, რომ ტრამპმა შეცვალა ლექსიკა პუტინთან მიმართებაში და ხედავს, რომ პუტინი და რუსეთი ამ ომის დასრულებისთვის მზად არ არიან, ამიტომ ცდილობს ზეგავლენის მოხდენას და ამავდროულად სანქციებით მუქარას. თუმცა, რას გულისხმობს ეს სანქციები, ჯერ უცნობია.

„აშშ თუ გავა მოლაპარაკებებიდან, ტრამპს რეალურად იმედი აქვს, რომ ამას გადააფასებს ორივე მხარე და ჩათვლის, რომ ამერიკის გასვლა აზიანებს პროცესს და შეიძლება ამან მეტი დათმობებისკენ უბიძგოს ორივე მხარეს. ეს იმედია ყოველ შემთხვევაში, რადგან სხვა მომრიგებლები არ ჩანან. ერთი თურქეთია, თუმცა მასაც აქვს შეზღუდულობა. დანარჩენი -ევროკავშირი - უკრაინას უჭერს მხარს და მომრიგებლად არ გამოდგება; და მეტი პრინციპში არც არავინ დარჩა", - განაცხადა კაკაჩიამ.

დასავლელი ანალიტიკოსები კი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესიდან აშშ-ის შესაძლო გასვლას საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემისთვის სერიოზულ რისკად მიიჩნევენ. მათი შეფასებით, ვაშინგტონის აქტიური ჩართულობა ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, არამედ აგრესიის პრეცედენტის წინააღმდეგ ბრძოლისა და გლობალური წესების გამყარების თვალსაზრისით.

ბერლინის საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის მკვლევარი ჰანა მაიერი მიიჩნევს, რომ აშშ-ის როლის შესუსტება მოლაპარაკებების ფორმატში, მაგალითად, შუამავლის ფუნქციის დათმობა ევროპულ ქვეყნების ან ნეიტრალური მხარეებისთვის, შესაძლოა კრემლმა ძალის პოზიციიდან სათამაშოდ გამოიყენოს:

„აშშ-ის არყოფნა მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინის პოზიციას ასუსტებს და ზრდის რისკს, რომ შეთანხმება ძალთა დისბალანსზე იქნება დაფუძნებული."

„ჩეტემ ჰაუზის" მკვლევარი დევიდ მერფი ამტკიცებს, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების ნებისმიერ მცდელობას, რომელიც დასავლური დემოკრატიული კოალიციის ერთიანობით არ არის გამყარებული, ნაკლები ლეგიტიმაცია ექნება:

„თუ აშშ თავის ჩართულობას შეამცირებს, ეს არა მხოლოდ უკრაინას დააზარალებს, არამედ ევროკავშირშიც გააღრმავებს უნდობლობას ამერიკული უსაფრთხოების გარანტიებისადმი."

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×