
გიორგი ბაჩიაშვილი ხელბორკილებით, ე.წ მწვანე საზღვრიდან პირდაპირ პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. დაკავებას წინ უძღოდა ანონიმური შეტყობინება და ინფორმაცია წითელი ცირკულარით ძებნილის ადგილსამყოფელის შესახებ. ბაჩიაშვილის ასაყვანად სპეციალური ღონისძიება სუს-მა საქართველოს საზღვართან ახლოს ჩაატარა.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, ახლა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია.
გიორგი ბაჩიაშვილზე ძებნა მაშინ გამოცხადდა, როდესაც ავტომობილის სამალავში დამალულმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ ინფორმაციაც თავადვე გაავრცელა. ჯერ "ფეისბუკ" სტატუსი დაწერა, რამდენიმე საათში კი კონსპირაციული ოთახიდან, ერთ-ერთ მედიასაშუალებას, პირდაპირ ეთერში ჩაერთო.
ინტერვიუ 2025 წლის 4 მარტს არის ჩაწერილი. წითელი ცირკულარით ძებნილ ბაჩიაშვილს, ხელბორკილები სწორედ იმ უწყების წარმომადგენლებმა დაადეს, ვისზეც ამტკიცებდა, რომ ქვეყნიდან გაქცევაში დაეხმარნენ.
ამ განცხადებიდან სამ თვეში, გიორგი ბაჩიაშვილი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.
თავად ბრალდებული ჯერ პოზიციას არ ასაჯაროებს. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილს სასამართლოზე დაარღვევს.
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეებიდან ერთზე განაჩენი უკვე დადგა. 2025 წლის 10 მარტს, კრიპტოვალუტების საქმეზე, სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო. მას დაუსწრებლად 11 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
"მტკვარი ჰესის" საქმეზე ბაჩიაშვილს გამოძიება სამსახურებრივ გულგრილობას ედავება. პროექტისთვის რამდენიმე მილიონი იყო გამოყოფილი, თუმცა ჰესი დღემდე არ აშენებულა.
ბაჩიაშვილის წინააღმდეგ აღძრულს სისხლის სამართლის საქმეებზე, მთავარ პროკურატურაში დღეს განმარტებები კიდევ გაკეთდა.
საზღვრის უკანონოდ კვეთზე, ბრალი 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება.
გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას დღეს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიცია ბაჩიაშვილის საქმეში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს.
სუს-ის მიერ ჩატარებულ ღონისძიებას დღეს პრემიერ-მინისტრი და უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურნენ.
საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე გამოძიება სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება.