
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოახლოებულ ამხანაგურ თამაშებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
„მიუხედავად იმისა, რომ ევრო 2024-ზე ვითამაშეთ და გარკვეული გამოცდილება მივიღეთ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით. ესპანეთის ნაკრები, ალბათ, მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. მთავარი ბრძოლა, სავარაუდოდ, მეორე ადგილისთვის გაიმართება და ვფიქრობ, ისევე როგორც თურქეთსა და ბულგარეთს, ჩვენც რეალური შანსი გვექნება. საშინაო მატჩებში ჩვენი ქომაგების მხარდაჭერის იმედი გვაქვს.
წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშიაა, მისი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი მიდგომით კმაყოფილი ვარ. წინასწარ ძნელია საუბარი, რა როლი ექნება მას შემდეგ შესარჩევ ციკლში. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სად და როგორ ითამაშებს.
ივნისის ამხანაგურ მატჩებში კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, ეს საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება. მოახლოებულ თამაშებში ჩემთვის ტაქტიკაზე და სათამაშო ფორმაციაზე მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვითამაშებთ ბურთით და უბურთოდ. ასევე, მსურს, რომ გადატვირთული სეზონის შემდეგ, ფეხბურთელებმა დაისვენონ და სექტემბერს სრულფასოვან ფორმაში შეხვდნენ. მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად გრძელი და დატვირთული გზის გავლა გვიწევს, სადაც ბევრი ფეხბურთელი დაგვჭირდება.
საბა ხარებაშვილს დიდი ხანია ვაკვირდები „დინამო თბილისშიც" და ასაკობრივ ნაკრებებშიც, ახლა მეძლევა საშუალება, უკეთ გავიცნო. მინდა, რომ მთავარ ნაკრებში თამაშს შეეჩვიოს.
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე დავესწრები საქართველოს ნაკრების მატჩებს პოლონეთთან და საფრანგეთთან და ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდება, რომ საფრანგეთის ნაკრებს ვერ ვუგულშემატკივრებ".
საქართველოს და ფარერის კუნძულების ნაკრებების თამაში „დინამო არენაზე" 5 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო საქართველო - კაბო ვერდეს შეხვედარს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი 8 ივნისს, 20:00 საათზე უმასპინძლებს.