რეზონანსი
30.05.2025

პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილი პოლონეთისა და საფრანგეთის საელჩოების განცხადებებს ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, პოლონეთი და საფრანგეთი, ისევე როგორც ჯამურად ევროკავშირი, უფრო მეტ ქართველს ეუბნება უარს საზღვრის კვეთაზე, ვიდრე პირიქით.

„გუშინ ვაიმარის სამკუთხედის წევრმა პოლონეთის და საფრანგეთის საელჩოებმა გაავრცელეს გაფრთხილება საკუთარი მოქალაქეებისთვის, რომ ასჯერ დაფიქრდნენ და ისე ჩამოვიდნენ საქართველოში, ვითომცდა საქართველოს საზღვარზე არ შემოშვების დიდი რაოდენობის გამო.

ძალიან შემაშფოთებელია, თუ ქართულ პოლიტიკაზე წარუმატებელი თავდასხმების შემდეგ, ახლა, ქართულ ეკონომიკაზე თავდასხმები უნდა ვიხილოთ. ტურიზმი ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდისთვის მნიშვნელოვანი სფეროა, მასზე უსაფუძვლო თავდასხმა კი, ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე და ჩვენს ეროვნულ ინტერესზე თავდასხმაა.

სინამდვილე, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სხვაა ვიდრე ის აღქმა, რომლის შექმნასაც ამგვარი განცხადებებით ცდილობენ. საბედნიეროდ, საზღვრის კვეთა არა აღქმების სფერო, არამედ სტატისტიკის და ფაქტების სამყაროა.

სტატისტიკა კი ამ განცხადებების რეალობასთან აცდენას ამხელს და აჩვენებს, რომ საქმე სულ სხვაა, პოლონეთი და საფრანგეთი, ისევე როგორც ჯამურად ევროკავშირი, უფრო მეტ ქართველს ეუბნება უარს საზღვრის კვეთაზე, ვიდრე პირიქით:

2024-2025 წლებში საქართველომ საზღვრის კვეთაზე უარი უთხრა პოლონეთის სულ 9 მოქალაქეს, ხოლო პოლონეთმა - საქართველოს 1250 მოქალაქეს, ანუ პოლონეთის მხრიდან იყო 140-ჯერ მეტი უარი საზღვრის კვეთაზე.

2024-2025 წლებში საქართველომ საზღვრის კვეთაზე უარი უთხრა საფრანგეთის სულ 16 მოქალაქეს, ხოლო საფრანგეთმა - საქართველოს 145 მოქალაქეს, ანუ საფრანგეთის მხრიდან იყო 9-ჯერ მეტი უარი საზღვრის კვეთაზე.

2024-2025 წლებში საქართველომ საზღვრის კვეთაზე უარი უთხრა ევროკავშირის სულ 184 მოქალაქეს, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებმა - საქართველოს 4825 მოქალაქეს, ანუ ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან იყო 26-ჯერ მეტი უარი საზღვრის კვეთაზე.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ 2024-2025 წლებში, პოლონეთმა - 249, საფრანგეთმა - 280, ევროკავშირმა კი ჯამში 2463 საქართველოს მოქალაქე ქვეყნიდან გამოაძევა.

ასე რომ, საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი საზღვარზე არშეშვების იმ რაოდენობებამდე მისასვლელად, რაც ევროკავშირის ჩვეული პრაქტიკაა.

მნიშვნელოვანია, რომ საელჩოები იცავდნენ ვენის კონვენციას და არ ავრცელებდნენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც ყალბ აღქმებს ქმნის ადგილსამყოფელი ქვეყნის შესახებ“, - წერს პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×