
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, უკანასკნელ პერიოდში ლარის სტაბილურობა შენარჩუნებულია, - ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ ლარის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ უკანასკნელ პერიოდში ლარის სტაბილურობა შენარჩუნებულია და ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ამას. ამ თვალსაზრისით, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი ღონისძიება არის მნიშვნელოვანი როგორც ლარის იუბილესთან მიმართებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას, რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტა საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობისთვის და მომავალი განვითარებისთვის", - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
რაც შეეხება მოლოდინებს ლარის კურსთან დაკავშირებით, ძნელაძე აღნიშნავს, რომ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში, ამ მიმართულებით პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ზაფხულის პერიოდში ძირითადად მკვეთრი შოკები მოსალოდნელი არ არის.
„წინა პერიოდის ტენდენციას თუ შევხედავთ, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამ პერიოდისთვის სტაბილური არის გაცვლითი კურსი. ზაფხულის პერიოდში ძირითადად არ არის ხოლმე მოსალოდნელი მკვეთრი შოკები", - განმარტა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა.