
პოლონეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების 100%-ის დათვლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში „ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის" დირექტორმა, კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა.
შედეგების თანახმად, ნავროცკიმ არჩევნებში ამომრჩევლების ხმების 50.89% მიიღო, მისმა მეტოქემ, პრემიერ - მინისტრ დონალდ ტუსკის პარტიის კანდიდატმა, ვარშავის მერმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ კი ხმების 49.11%.
არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 71.6 პროცენტი შეადგინა.
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ დაინიშნა, რაც 18 მაისს პირველ ტურში მონაწილე 13 კანდიდატიდან ვერც ერთმა ხმების ნახევარზე მეტი ვერ მიიღო.
"ბიბისი" წერს, რომ პოლონეთის ახალი პრეზიდენტის რანგში ნავროცკი აქტიურად გამოიყენებს ვეტოს უფლებას, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის პრო-ევროკავშირული დღის წესრიგით ნაკარნახევი გადაწყვეტილებების დასაბლოკად.