რეზონანსი
03.06.2025

 უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) ყირიმის ხიდის დაზიანების მორიგი ოპერაცია ჩაატარა. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ეს მათი მესამე სპეცოპერაციაა, რომლის ფარგლებშიც ყირიმის ხიდი დაზიანდა. СБУ ასევე წერს, რომ ეს უნიკალური სპეცოპერაციაა, რადგან აფეთქება წყალქვეშ მოახდინეს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაცია რამდენიმე თვე მიმდინარეობდა და მის ფარგლებში СБУ-ს აგენტებმა ხიდის საყრდენები დანაღმეს. СБУ-ს ცნობით, პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა ადგილობრივი დროით 4:44-ზე გააქტიურდა ისე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზიანებულა.

СБУ-ს მტკიცებით, სერიოზულად დაზიანდა ხიდის წყალქვეშა საყრდენები და ობიექტი ავარიულ მდგომარეობაშია. განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციას პირადად აკონტროლებდა და კოორდინაციას უწევდა გენერალ-ლეიტენანტი ვასილ მალიუკი, უწყების ხელმძღვანელი.

"ღმერთს სამება უყვარსო, ხოლო СБУ-ს ჩანაფიქრი ყოველთვის მიჰყავს ბოლომდე და არასდროს იმეორებს. აქამდე, 2022 და 2023 წელს ყირიმის ხიდი ორჯერ ავაფეთქეთ. ეს ტრადიცია დღესაც გავაგრძელეთ, უკვე წყალქვეშ. რუსეთის ფედერაციის არალეგალურ ობიექტებს არ აქვთ ადგილი ჩვენს ტერიტორიაზე. ამიტომ ყირიმის ხიდი აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნეა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მტერი მას იყენებდა თავისი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფისთვის. ყირიმი - ეს უკრაინაა და ოკუპაციის ნებისმიერი გამოვლინება მკაცრ პასუხს მიიღებს." - ციტირებს მალიუკის სიტყვებს СБУ-ს განცხადება.

რუსულ ტელეგრამ არხებზე წერენ, რომ ხიდზე მოძრაობა დილით შეზღუდული იყო, ახლა კი "საშტატო რეჟიმში" მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×