რეზონანსი
03.06.2025

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთი გაცხადების გამკეთებლებს ძირითადად საკუთარი ქვეყნის ინტერესი უფრო ადარდებთ, ვიდრე საქართველოსი.

„ისინი ძალიან კარგად იცავენ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას უმაღლესი სტანდარტით, მათ შორის სათანადო კანონმდებლობებით, როგორც უცხოეთის გავლენის შესახებ, ასევე მედიების სტანდარტთან დაკავშირებით და.ა.შ, თუმცა არ სურთ, რომ იგივე ჩვენს ქვეყანაში მუშაობდეს, იმიტომ რომ საქართველოს ინტერესები არ არის მათი პრიორიტეტი და ყოველთვის დაიცავენ საკუთარი ქვეყნების და პოლიტიკური გავლენების გავრცელებას საქართველოში.

არაბუნებრივია ის, რომ ამ ქვეყანაში მოიძებნება ადამიანების ჯგუფი, ვინც ამ ყველაფერში მხარს უბამენ ასეთი განცხადებების განმცხადებლებს და აპროტესტებენ გამჭვირვალობის კანონს. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესს და ჩვენ და ქართველი ხალხი ერთად ვართ იმ წამოწყებაში, რაც არის „ფარას“ კანონი, რომელიც დიდი კრიტიკის საფუძველი გახდა წლების განმავლობაში“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, ე.წ. ამერიკული „ფარას“ ასლი უკვე ამოქმედებულია. კანონი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და ეხება როგორც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ნაწილს, ისე ფიზიკურ პირებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ.

შვედეთმა საქართველოში „ფარას“ ანალოგის მიღება გააკრიტიკა და რეპრესიულ კანონად მოიხსენია.

შვედეთის მთავრობა აპირებს შეიმუშაოს წესები, რომლითაც ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობის უცხოური დაფინანსება აიკრძალება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×