
ელენე ხოშტარია, ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდს, ოპოზიციაში დისონანსის შეტანასა და საერთო გეგმის დარღვევაში ადანაშაულებს. საუბარია, "ძლიერი საქართველოს" წევრების განცხადებებზე, სადაც ისინი ბარიერგადალახულ პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე მსჯელობას სთავაზობენ. "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები, "ლელოს", გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებენ.
პოზიციის შეცვლას არ გეგმავს თავად "ძლიერი საქართველო". პარტიის გენერალური მდივნის განცხადება, "ღამის კურიერის" ეთერში, საერთაშორისო მდივანმაც დაადასტურა. გრიგოლ გეგელიას თქმით, "ლელო" პოლიტიკურ პარტნიორებს, 4 ოქტომბრის მარათონში მონაწილეობაზე ერთობლივ მსჯელობას სთავაზობს, ინიციატივის საფუძველი კი მათთვის ჩატარებული კვლევებია.
"ლელოს" შეთავაზება კატეგორიულად მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობისთვისაც", თუმცა არსებობს ანა წითლიძის ერთ-ერთი მედიისთვის მიცემული ინტერვიუ, სადაც ის აღიარებს რომ "ნაციონალური მოძრაობა" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას განიხილავდა და თან კონკრეტული პირობით.
ექსპრეზიდენტის პარტიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს ექსპრემიერის გუნდი. პარტიაში ""საქართველოსთვის"" ამტკიცებენ, რომ ბარიერგადალახულ სუბიექტებთან, საერთო ოპოზიციურ კანდიდატზე მსჯელობა არასდროს ჰქონიათ, მით უფრო "ნაციონალურ მოძრაობასთან", რომელიც მათთვის წითელი ხაზია.
თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება "გირჩიც". იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიციურ ველზე დაპირისპირება მათთვის მხოლოდ სასარგებლოა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების ფსონი, არა თავად ექსპრეზიდენტის პარტიაზე, არამედ უკვე "ლელოზეა" დადებული.
ოპოზიციას, რომ მარცხი გარანტირებული აქვს, ამაში მმართველი გუნდი დიდი ხანია დარწმუნებულია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ოპოზიციურ ველზე არსებული დაპირისპირება მათმა უპრინციპობამ და უცხოელი დამფინანსებლების დირექტივებმა გამოიწვია.
თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა ჩანიშნული. მერებსა და საკრებულოების წევრებს ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ.