რეზონანსი
04.06.2025

გვაღელვებს დემოკრატიულ პროცესში უკუსვლა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ყველა ინსტიტუტს, დაუბრუნდით ევროპულ გზას. სამი მიმართულებით შეიძლება წავიდეს განხილვა, რა შეიძლება გავაკეთოთ, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა „ევროსკოპის" კითხვას, „რა ბერკეტი აქვს კომისიას, რომ „ქართული ოცნება" დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას?"

მარტა კოსმა სამ შესაძლო განსახილველ საკითხად დაასახელა კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების რამდენიმე დებულების გაუქმება და ვიზალიბერალიზაციის გაუქმება.

მარტა კოსის განმარტებით, არ ისურვებდა, განეხილათ კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა და ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, რადგან, მისივე განმარტებით, ქართველი ხალხი ამ ყველაფერს იმსახურებს.

ამასთან, მარტა კოსმა აღნიშნა: „საბჭომ შეაჩერა მოლაპარაკებები და როგორც კი საქართველოს მთავრობა აჩვენებს მზაობას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას, მაშინ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ".

„აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხით, რომლებიც ქუჩაში გადიან და იბრძვიან ევროპული პერსპექტივისთვის. ევროკომისია და პირადად მე, მხარს დავუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და რამდენიმე ორგანიზაციას მის ფარგლებს გარეთ. მაგრამ ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაწილი. მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ ნამდვილად გვაღელვებს დემოკრატიულ პროცესში უკუსვლა. ასე რომ, მოვუწოდებთ მთავრობას და ყველა ინსტიტუტს, დაუბრუნდით ევროპულ გზას, ეს არის ის, რასაც თქვენი ხალხი მოითხოვდა და თქვენ ეს უნდა უზრუნველყოთ. რა შეიძლება გავაკეთოთ? იცით, რომ სანქციები აქვთ დაწესებული ადამიანებს. განხილვა, შეიძლება, სამი მიმართულებით წავიდეს, პირველი შესაძლოა იყოს კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა, რაც არ მსურს, რომ განვიხილოთ, რადგან ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს, ქვეყანას ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი. გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება, რამდენიმე დებულება შეიძლება გაუქმდეს იმის გამო, რაც საქართველოში ხდება და მესამე ნაწილი იქნებოდა ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, რასაც ასევე არ ვისურვებდი მთელი მოსახლეობისთვის, რადგან იმსახურებს, რომ ისარგებლოს თავისუფალი უვიზო მიმოსვლის სისტემით. შეგვიძლია, მეტი გავაკეთოთ პიროვნებების მიმართ და ჩამოვართვათ თავისუფალი მიმოსვლა. ეს ყველაფერი არის შესაძლებლობა და გადაწყვეტილებას საბჭო მიიღებს. როგორც იცით, საბჭომ შეაჩერა მოლაპარაკებები და როგორც კი მთავრობა აჩვენებს მზაობას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას, მაშინ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ", - განაცხადა მარტა კოსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×