
ბაქო-სუფსის ნავთობსადენი „ყაზმუნაიგაზის“ ყურადღების ცენტრშია, თუმცა ამ ეტაპზე პრიორიტეტად კვლავ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მარშრუტი რჩება - ამის შესახებ Report-ს კომპანიის გამგეობის თავმჯდომარე ასხათ ხასენოვმა განუცხადა.
„ბაქო-სუფსა ჩვენთვის განხილვის ერთ-ერთ საკითხად რჩება, თუმცა ამჟამად ძირითადი ძალისხმევა ბთჯ-ის მარშრუტზე არის ორიენტირებული. ჩვენ შესაბამის შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ და ნავთობის გადაქაჩვის მოცულობას ყოველწლიურად ვზრდით. ჩვენი ამჟამინდელი ამოცანა სტაბილური ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და ამ მარშრუტის ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებაა,“ - აცხადებს ხასენოვი.
მისი თქმით, მარშრუტების არჩევისას მთავარი ფაქტორი ყოველთვის ეკონომიკური მიზანშეწონილობაა.
„ეკონომიკა გადამწყვეტი ფაქტორია. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას ბთჯ-ის მარშრუტზე, სადაც დინამიკა მეტად პოზიტიურია. რაც შეეხება ბაქო-სუფსას, ამ მიმართულებით უფრო კვლავ სიღრმისეული ეკონომიკური შეფასება არის საჭირო,“ - ამბობს „ყაზმუნაიგაზის“ ხელმძღვანელი.
ხასენოვის თქმით, აზერბაიჯანის გავლითა და ბთჯ-ის მილსადენით ყაზახური ნავთობის ტრანზიტის მოცულობა “წლიდან წლამდე თანდათან იზრდება“ და მომავალშიც გააგრძელებს ზრდას, ხოლო ამ ექსპორტის ნებისმიერი შემდგომი ზრდა ყოველთვის კომერციული მოლაპარაკებების საგანია.
„არსებობს კითხვები კომერციულ პირობებთან დაკავშირებით, როგორიც არის, მაგალითად, ტრანსპორტირების ხარჯის შესახებ. რაც უფრო უკეთესი პირობებია, მით მეტი ნავთობი გადაიზიდება. ასევე, არსებობს შეზღუდვები ხარისხის ბანკთან დაკავშირებით და ესეც უნდა მოგვარდეს… ანუ არსებობს როგორც ტექნიკური, ისე კომერციული საკითხები,“ - ამბობს ხასენოვი.
ცნობისთვის: 2022 წელს “ყაზმუნაიგაზმა” და SOCAR-მა ხელი მოაწერეს ზოგად შეთანხმებას ყაზახური ნავთობის ტრანზიტის შესახებ. 2023 წლის მარტში ქაშაგანის საბადოდან აზერბაიჯანის გავლითა და ბთჯ-ის მილსადენით ტრანსპორტირებისთვის 7 ათასი ტონა ნავთობის სატესტო გადაზიდვა შესრულდა. 2024 წლის მარტში “ყაზმუნაიგაზმა” და SOCAR-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნავთობის ტრანზიტის ეტაპობრივი გაზრდის შესახებ. დოკუმენტის თანახმად, მიწოდების მოცულობა წელიწადში 2.2 მილიონ ტონამდე უნდა გაიზარდოს.
ამასთან, მიმდინარე წლის 15 იანვარს SOCAR Midstream Operations LLC-მა “ყაზმუნაიგზის” შვილობილ კომპანია KMG Trading-თან ხელი მოაწერა შეთანხმებას წელიწადში 240 ათასი ტონა კაშაგანის ნავთობის ტრანზიტის შესახებ. კაშაგანის ნავთობის პირველი პარტია, ანუ, დაახლოებით, 6000 ტონა 25 იანვარს აქტაუს პორტში ტანკერზე დაიტვირთა და ბთჯ-ის მილსადენით შემდგომი ტრანსპორტირებისთვის სანგაჩალის ტერმინალში 27 იანვარს ჩავიდა.
2023 წელს აქტაუს პორტიდან ბთჯ-ის სიტემაში 1 მლნ ტონაზე მეტი ყაზახური ნავთობი გაიგზავნა. 2024 წელს ბთჯ-ის მეშვეობით ყაზახური ნავთობის ტრანზიტმა 1.4 მილიონი ტონა შეადგინა, ხოლო წელს 1.7 მლნ ტონა ნავთობის გადაქაჩვა იგეგმება.
აზერბაიჯანის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანზიტის მთლიანმა მოცულობამ 3 მლნ ტონას მიაღწია.
წყარო: bpn.ge