რეზონანსი
05.06.2025

ევროპარლამენტის ნებისმიერ განცხადებას და რეზოლუციას ვცემთ პატივს, მაგრამ მათი მოწოდება არ გვჭირდება, ჩვენს პოზიციაში მკაფიოდ ვართ ჩამოყალიბებული, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ვინმე თუ ყოყმანობს, ევროპარლამენტარების რეზოლუცია გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

„ევროკავშირის რეზოლუციაში ჩვენთვის ახალი არაფერია. კარგად იცით, რომ ჩვენ უკვე ორი თვეა ვამბობთ, ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენს ამომრჩეველთან ერთად გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემთ ევროპარლამენტის ნებისმიერ განცხადებას და რეზოლუციას, მათი მოწოდება არ გვჭირდება, ჩვენს პოზიციაში მკაფიოდ ვართ ჩამოყალიბებული. თუ ვინმე ყოყმანობს თავის გადაწყვეტილებაში, ევროპარლამენტარების ეს რეზოლუცია მათ გადაწყვეტილების მიღებაში გარკვეულწილად დაეხმარება. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება არც შეხსენება, არც რეკომენდაცია, ჩვენთვის მთავარია ჩვენი ქვეყნის ინტერესები, სწორედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე, დიდი ხანია, გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

მისი თქმით, არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დემოკრატიული ინსტრუმენტია და პარტია ამ ინსტრუმენტის გამოყენებას აპირებს.

„ამ ბრძოლაში ვერთვებით ჩვენი ამომრჩევლის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი ხალხი პირისპირ და მარტო არ დავტოვოთ „ოცნებასთან“ და მის პროპაგანდისტულ უზარმაზარ მანქანასთან, რომელიც სხვადასხვა ტელევიზიების და სხვა მექანიზმების საშუალებით ცდილობს, ჰიბრიდული ომი აწარმოოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ. ვინც არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო „ლელო“, ვურჩევთ, მიიღონ გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება იყოს არა ემოციებზე დაფუძნებული, არამედ პრაგმატული და რაციონალური გადაწყვეტილება“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×