რეზონანსი
05.06.2025

 საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა შეახსენა. საუბარია გახარიას და ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდებზე, სადაც 4 ოქტომბრის მარათონს ახალ პოლიტიკურ შესაძლებლობად განიხილავენ. ამ ორ ძალას ზურაბიშვილმა მიანიშნა, რომ ახლა, საარჩევნო მარათონზე ფიქრი, პოლიტიკური უმადურობის ტოლფასია.

ზურაბიშვილამდე იყო ნიკა გვარამია, ბრალდების უცვლელი ადრესატებით და უფრო მკაცრი ტონით. "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა კოლეგები ამჯერად სოციალური ქსელით გააკრიტიკა და შეახსენა, რომ რთული ვითარებიდან, მარტივი პოლიტიკური გამოსავლის ძებნა, მისთვის გაუმართლებელია.

პარტნიორებს ეპითეტების შერჩევისკენ მოუწოდებს "ლელო - ძლიერი საქართველო". პარტიაში მიიჩნევენ, რომ ბარიერგადალახული სუბიექტები ევროპარლამენტის მოწოდებას სერიოზულად უნდა მოეკიდონ და მათთან ერთად განიხილონ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის საკითხი.

ოპოზიციონერ კოლეგებს დღეს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობიდან" უთხრეს, რომ საარჩევნო მარათონში მონაწილეობის შემთხვევაში, ექსპრეზიდენტის პარტია მათ უმძიმეს პოლიტიკურ ფასს გადაახდევინებს. სააკაშვილის გუნდში ამტკიცებენ, რომ ევროპარლამენტარების მოწოდება, არა არჩევნებში ჩართვა, არამედ ერთიანი ბოიკოტი იყო.

ექსპრემიერის პარტია არც ექსპრეზიდენტის მუქარას იღებს და არც ევროპარლამენტის მოწოდებას - გახარიას გუნდში ამბობენ, რომ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მათ, ევროპელი პარტნიორების გზავნილამდე, 2 თვით ადრე მიიღეს.

ბარიერგადალახული პარტიების დაპირისპირებაში არ ერთვება და მარათონისთვის დამოუკიდებლად ემზადება "გირჩი". იაგო ხვიჩია დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს მათი კონკურენტების რიცხვი შემცირდება და ოთხი ოპოზიციური პარტიის ხმები, მხოლოდ ორ - გახარიას და ხაზარაძე-ჯაფარიძის ყულაბებში გადანაწილდება.

ოპოზიცია, რომ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, ამის კიდევ ერთი დასტური, სახელისუფლებო გუნდისთვის სწორედ ევროპარლამენტის მოწოდებაა. "ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ გარე დირექტივების მიღების შემდეგ, პოზიცია ყოფილმა და მოქმედმა "ნაციონალებმაც" შეცვალონ. თავად მმართველი პარტია კი ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვების მოლოდინშია.

ბარიერგადალახულ პარტიებს, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისკენ ევროპარლამენტმა გუშინ მოუწოდა. საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში წერია, რომ ოპოზიციამ 4 ოქტომბერი, უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×