
"ქართული ოცნება" დეპუტატების მიმართ "სიძულვილის ენის კამპანიის პასუხად" სამართლებრივ დავას იწყებს. მმართველი პარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივრით მიმართავს. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, სამართლებრივი დავა გარედან დაფინანსებული სიძულვილის ენის კამპანიის პასუხად იწყება, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დესტრუქციული, შეურაცხყოფაზე დამყარებული, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება.
"ფრაქცია "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, ჩვენი ფრაქციის წევრთა წინააღმდეგ, გარედან დაფინანსებული სიძულვილის კამპანიის საპასუხოდ, ვიწყებთ სამართლებრივ დავას და სარჩელით მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მომავალში, ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დესტრუქციული, უკიდურეს შეურაცხყოფაზე დამყარებული, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება.
სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება ყოველდღიურად თვალს ადევნებს რადიკალური ოპოზიციისა და მათ მიერ კონტროლირებადი ექსტრემისტული ჯგუფების მიერ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ კარგად ორგანიზებულ ზიზღისა და ტერორის კამპანიას. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ორგანიზებული ტერორის უკიდურესი ფორმები უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების, უცხოელი დონორების და, რიგ შემთხვევებში, პირდაპირ უცხო ქვეყნის მთავრობების მიერაა წახალისებული.
აღარ არსებობს ზღვარი სიტყვიერ კრიტიკასა და სისტემურ სიძულვილს შორის, რისი მიზანიც სახელმწიფოს სუვერენიტეტის და მისი ძირითადი ინსტიტუტების სტაბილურობის შერყევაა.
უცხოეთიდან დაფინანსებული ექსტრემისტები არ ერიდებიან უშვერი სიტყვებით ლანძღვას, მუქარას, ბულინგს, ოჯახის წევრებისა და ახლობლების შეურაცხყოფას, რამაც, როგორც აღვნიშნეთ, იმდენად მასშტაბური და სისტემური ხასიათი მიიღო, რომ ტერორზე რეაგირება არა მხოლოდ ჩვენი უფლება, არამედ ვალდებულებაა", - აცხადებს ირაკლი კირცხალია.