ნატალია ჯვარიძე
09.06.2025

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, რუსეთიდან ნატო-ს ქვეყნებისთვის რეალურ სამხედრო საფრთხეს ვერ ხედავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახევ ორბანმა ფრანგულ გამოცემა LCI-თან ინტერვიუში განაცხადა. „რუსები ამისთვის სუსტები არიან. ისინი უკრაინასაც კი ვერ ამარცხებენ, ამიტომ ნატო-ზე თავდასხმა რეალურად არ შეუძლიათ", - აღნიშნა ორბანმა.

ამასთან, სხვა კითხვაზე საპასუხოდ, მან განაცხადა, რომ უკრაინა ომს აგებს და რომ მისი დასრულების რეალური მოლაპარაკებები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გაიმართება.

„ვერც ევროპა და ვერც უკრაინა ვერ შეძლებენ რუსეთთან შეთანხმების მიღწევას. უკრაინა - იმიტომ, რომ ის ომს წააგებს და ევროპა - იმიტომ, რომ ის ზედმეტად არის ჩართული ამაში. ეს უნდა იყოს შეთანხმება რუსებსა და ამერიკელებს შორის", - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ გაუგებარია ვიქტორ ორბანის განცხადება, რადგან რუსეთს ნატოზე თავდასხმა შეუძლია და ეს პროცესი ნაწილობრივ დაწყებული აქვს.

„ჯერ ერთი, რუსეთს ნატოზე თავდასხმა შეუძლია. ის ემუქრება ლიტვასა და პოლონეთს. სუვალკის დერეფანი, რომელიც რუსულ კალინგრადის ოლქსა და ლიტვას აერთიანებს, რუსეთს უკვე დიდი ხანია მისი ხელში ჩაგდება უნდა. ამ კორიდორის დაკავება და ფინეთზე თავდასხმა რუსეთს თავისუფლად შეუძლია.

მან ფინეთის მიმართულებით ლენინგრადის სამხედრო ოლქი უკვე შექმნა, მობილიზაცია გაუკეთა დაახლოებით ორ არმიას და შესაბამისად, მათ შორის შექმნა არქტიკის ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობა.

ლენინგრადის ოლქი საკმაოდ სერიოზული ძალაა, რომელიც ერთის მხრივ, ემუქრება ფინეთს და ესტონეთს. მეორეს მხრივ, ბელორუსულ და რუსულ კოალიციურ დაჯგუფებას, რომელიც უკვე ოფიციალურად მოქმედებს, თავისუფლად შეუძლია ლიეტუვის მიმართულებით ზემოქმედების მოხდენა.

თუ რუსეთმა გაჭრა კორიდორი და გააერთიანა კალინგრადის ოლქი და ბელორუსული მხარე, ეს ფაქტობრივად აგრესიაა, აბა რა არის?! სამწუხარო რეალობაა ეს.

ორბანისგან გასაკვირი არაფერია, რადგან ის არის რუსეთის პოლიტიკური გავლენის აგენტი. თვითონ ამბობს, რომ ის პუტინის მეგობარია. როგორც სჭირდებათ ისე ლაპარაკობენ.

საერთოდ, უკრაინა მზად არის ნატოს წევრი გახდეს, სრულიად თავსებადია. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა უთანაბრდება ამერიკასა და თურქეთს. პოლონეთიც რომ პოლენეთია, ახლა ის 350 ათას კაცზე ზის და ემზადება რუსეთის თავდასხმისთვის.

მე როგორც პოლონელი სამხედრო მიმომხილველი, მინდა გითხრათ, რომ პოლონეთმა დაიწყო თავდაცვის რეფორმა და აპირებს, რომ სამხედრო ძალა გაზარდოს. ფაქტობრივად, ეს იქნება ნატოს წევრი ქვეყნებიდან მეოთხე ამ კუთხით. უკრაინელები თავიანთ სამხედრო ძალის გათვალისწინებით საკმაოდ კარგად იგერიებენ რუსულ დარტყმებს.

თუმცაღა არც რუსები არიან სუსტები, ოპერატიული ინიციატივა მათ მხარესაა და მცოცავი ოკუპაციით ცდილობენ ტერიტორიების დაკავებას.

თუმცაღა ის ფაქტი, რომ რუსეთს ნატოზე თავდასხმა არ შეუძლია, ესეც კარგი მითია, რადგან მან უკვე საფრთხე შეუქმნა ფინეთსა და ესტონეთს. ასევე, ის პირდაპირ საფრთხეს უქმნის ლიტვასა და პოლონეთს.

უკრაინას იმიტომ ვერ ამარცხებს, რომ ძალები თითქმის თანაბარია. თან უკრაინა დიდია და იმ ტერიტორიების დაკავება მარტივი არ არის. ასე რომ, რუსეთი საკმაოდ სერიოზული ძალაა",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×