რეზონანსი
10.06.2025

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადების კონტექსტი ცოტა გაუგებარია, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, თუმცა მთელი თაობა ისე გაიზარდა, საპასუხოდ ნატო-ს მხრიდან გვაქვს მხოლოდ სიტყვები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, განცხადებით ქვეყნის უსაფრთხოებას ვერავინ დაიცავს.

„ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადების კონტექსტი ცოტა გაუგებარია. ჩვენ დღეს გვყავს თაობა, რომელიც დაბადებულიც არ იყო, როდესაც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ამასობაში გაიზარდა მთელი თაობა, სკოლას ამთავრებენ ისე, რომ სიტყვა ითქვა და საქმე არ გაკეთებულა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ აჩვენა ყველაფერი, რაც კი შეეძლო სანდო პარტნიორს ეჩვენებინა ნატო-სთვის. მაშინ, როდესაც ნატო-ს წევრი ქვეყნები ემალებოდნენ მისიებს, ავღანეთის მისიას, საქართველო წარმოდგენილი იყო როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტინგენტით ავღანეთში. რიცხობრივად ვიყავით მესამე, მეოთხე ქვეყანა ნატო-ს ქვეყნებთან შედარებით. 1 000-1 500 ჯარისკაცით ვიყავით წარმოდგენილი, მაშინ, როდესაც ბალტიის ქვეყნები 30-40 ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი და ისიც შტაბში.

ასე რომ, ჩვენი მხრიდან, რაც შეიძლებოდა, გაკეთებულიყო, რათა გვეჩვენებინა, როგორც ჩვენი სანდო პარტნიორობა, ასევე გვეჩვენებინა საქართველოს მნიშვნელობა ნატო-სთვის და ნატო-ს მნიშვნელობა საქართველოსთვის. ეს ყველაფერი ვაჩვენეთ, თუმცა საპასუხოდ ვხვდებით მხოლოდ სიტყვებს და ამგვარ განცხადებებს, რომელიც გავრცელდა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მხრიდან. განცხადება კარგია, მაგრამ განცხადებით ქვეყნის უსაფრთხოებას ვერავინ დაიცავს. ეს ვნახეთ უკრაინის მაგალითზე, რომლის მიმართაც ბევრი განცხადება კეთდება, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყველა ხვდება, რომ ნატო-ს ატომური ქოლგა არის ყველაზე ქმედითი დაცვა და არა ნატო-ს ოფისების განცხადებები.

საქართველომ ყველაფერი გააკეთა და აჩვენა, თუმცა მთელი თაობა ისე გაიზარდა, საპასუხოდ ნატო-ს მხრიდან გვაქვს მხოლოდ სიტყვები და არ გვაქვს არც მაპ-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება, არც ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც გვაჩვენებდა, რომ ამ სიტყვების უკან დგას ქმედითი გადაწყვეტილება და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×