
"მილანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დიპლომატიური ცენტრია და საქართველოს წარმომადგენლობის გახსნა ამ ქალაქში, რომელიც იტალიის 8 რეგიონს დაფარავს, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის" - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მილანში საქართველოს წარმომადგენლობის არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო.
"არსებული კავშირები, ჩვენი ისტორია, კულტურა და ყველაფერი ის, რაც ორ ხალხს აერთიანებს, განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ქართველებისთვის, ჩვენი თანამემამულეებისთვის იტალიას, ამ რეგიონს. ამის გათვალისწინებით, მათი ინტერესების სათანადოდ დასაცავად და სერვისების ხელმისაწვდომობისთვის, მილანში ჩვენი წარმომადგენლობის არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო. მჭიდრო თანამშრომლობით, მეგობრობით, ერთმანეთის პატივისცემით, ჩვენ შევძლებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ორი ქვეყნის კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას. მშვიდობიანი ევროპის მომავალზე ერთობლივად ზრუნვას და მასში ჩვენი წვლილის შეტანას," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.