
ლატვიის ჭკვიანი მართვისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, ინგა ბერზინამ თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზი მუნიციპალურ არჩევნებზე ხმების დათვლის აპარატების მუშაობის ხარვეზი გახდა.
მისი უწყების დაქვემდებარებაში შედის ციფრული განვითარების სახელმწიფო სააგენტო, რომლის დირექტორს მანამდე უფლებამოსილება შეუჩერდა.
ინგა ბერზინას გადადგომის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა.
როგორც სოციალურ ქსელ X-ში ინგა ბერზინამ დაწერა, ის იღებს პოლიტიკურ პასუხისმგბელობას არჩევნების დროს წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემებისთვის და იღებს თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებას.
ამასთან, შესაძლო გადადგომის შესახებ სეიმის კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კრისტინე საულიტემ, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ გადაწყვეტილებას განიხილავს.
შეკითხვაზე, როდის მიიღებს ის საბოლოო გადაწყვეტილებას გადადგომასთან დაკავშირებით, საულიტემ აღნიშნა, რომ ზუსტი ვადა ჯერ არ არის განსაზღვრული.
სეიმის კომიტეტის სხდომაზე მოისმინეს ცესკო-სა და ციფრული განვითარების სახელმწიფო სააგენტოს ანგარიში ჩატარებული მუნიციპალური არჩევნებისა და საარჩევნო პროცესის დროს წარმოქმნილი პრობლემების შესახებ.
ლატვიაში მუნიციპალური არჩევნები 7 ივნისს გაიმართა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ხმების ავტომატური დათვლის მანქანებს, რომლებსაც ციფრული განვითარების სახელმწიფო სააგენტო უზრუნველყოფდა, პრობლემები შეექმნა, რის გამოც ბიულეტენების ხელით დათვლა გახდა საჭირო და არჩევნების შედეგების გამოცხადება შეყოვნდა.